საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზია ბაქრაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1929
1948 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან შეიცვალა პროფესია და უცხო ენების ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1958 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 1955-1970 წლებში შეთავსებით მუშაობდა რეფერენტად საქართველოს უცხო ქვეყნების მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში და საფრანგეთის დელეგაციებთან. საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და წარმართვაში. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ჟან პოლ სარტრის მსოფლმხედველობის ევოლუცია მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით’’. 1961–1962 წლებში თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში სპეციალიზაციის მიზნით გაიგზავნა სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტის მიერ. 1972-1973 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დოქტორანტი. 1958-1974 წლებში მზია ბაქრაძე თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორი იყო. 1974-1976 წლებში ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანი. 1976-1986 წლებში ამავე ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ხოლო 1986-1987 წლებში კი ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში. 1988-დან 1996 წლამდე იგი ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრაზე. მისი ძირითადი სალექციო კურსი იყო ,,ფრანგული ლიტერატურის ისტორია შუა საუკუნეებიდან XX საუკუნის ჩათვლით’’. 2006-დან 2009 წლამდე მზია ბაქრაძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორი იყო, რომანისტიკის განხრით. 2009 წლის 10 ივლისს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. 1959-1990 წლებში მზია ბაქრაძე სისტემატურად მონაწილეობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის უცხო ენების ფილოლოგიის ფაკულტეტის, საქართველოსა და რუსეთის მწერალთა კავშირის, სორბონის უნივერსიტეტის კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მზია ბაქრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იგი იკვლევდა ფრანგული ,,ახალი რომანის’’ თეორიულ საფუძვლებს და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში. წლების განმავლობაში იყო სერია ,,მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა’’ და სერია ,,ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის სარედაქციო კოლეგიისა და საქართველოს მთარგმნელობითი კოლეგიის წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ “La Géorgie Francophone”-თან სადაც დაიბეჭდა მისი არაერთი წერილი. მზია ბაქრაძეს სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. იგი საფრანგეთის აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერია.
თარიღი: 05/03/2020