საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ხუციშვილი
მეცნიერი
დაბადების თარიღი 1948

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1972-1979 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,უსასრულობის პრობლემა ფილოსოფიასა და მათემატიკაში’’. 1980-1988 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული მეთოდოლოგიის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1982-1992 წლებში თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,თეორიული აზროვნების სტრუქტურის გენეზისი’’. 1992-1993 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელობის კომიტეტის კონფლიქტების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი. 1993-1994 წლებში აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1998-1999 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების გამგე. 1994 წლიდან კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი. 1989 წელს ნოეტიკური მეცნიერების ინსტიტუტმა გიორგი ხუციშვილი მიიწვია კვლევის განხორციელებისთვის და წევრობის სტატუსი ერთი წლით (1990-91) მიანიჭა. 1993 წელს გაიმარჯვა ნატო–ს პროგრამაში და "კონფლიქტების კავკასიური კვანძი მზარდი გლობალური უსაფრთხოების ჭრილში" – კვლევის განხორციელებისთვის გახდა ნატო–ს პირველი სტიპენდიანტი საქართველოში. 1994 წელს გიორგი ხუციშვილი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევათა ასოცირებული პროფესორი გახდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობდა 2006 წლამდე. 1998 წელს მიიწვიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ დეპარტამენტში კონფლიქტების კვლევების პროფესორად. უნივერსიტეტში ლექციებს 2001 წლის ჩათვლით კითხულობდა. 2006-2011 წლებში იგი სრული პროფესორი იყო საქართველოს უნივერსიტეტში. 2008-2009 წლებში ევროკომისიის საერთაშორისო პროგრამაში ხუციშვილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მრავალარხიანი დიალოგის უფროსი გამომძიებელი იყო ქართული მხრიდან. 2001-2002, 2009, 2011-2012 წლებში ამერიკის განვითარების სააგენტომ - (USAID) იგი საქართველოში კონფლიქტის შეფასების მისიის ჯგუფის წევრად მიიწვია. 2010 წელს მიენიჭა მშვიდობის ელჩის წოდება მშვიდობის მსოფლიო ფედერაციისგან. გიორგი ხუციშვილი ავტორია 20 მონოგრაფიისა და 72 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური წერილი. მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარებში: ,,International Directory of Distinguished Leadership’’ და ,,International Who’s Who of Intellectuals’’. 2013 წლის 4 ოქტომბერს, პროფესორი გიორგი ხუციშვილი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კომისიის დანიშნულ სხდომაზე დასასწრებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–4 კორპუსში მივიდა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ხუციშვილი, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა 64 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: მეცნიერი