საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი აბაშიძე
პოეტი
დაბადების თარიღი 1909

ცნობილი ქართველი პოეტი ირაკლი აბაშიძე დაიბადა 1909 წლის 10 სექტემბერს დაბა ხონში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929 წლებში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ქართველი მკითხველის ყურადღება. მისი პირველი პოეტური კრებულებია: „რამდენიმე ლექსი“(1932წ.), „ახალი ლექსები“ (1938წ.) და „ლექსები“ (1941წ.). 1938-1939 წლებში იყო ჟურნალ ,,ჩვენი თაობის’’ რედაქტორი. 1939-1944 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი. 1946-1953 წლებში ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი. 1953-1967 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. ირაკლი აბაშიძე 1960 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. ამავე წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით. ექსპედიციამ მანამდე არსებულ აღწერილობათა მიხედვით იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა შოთა რუსთაველის ფრესკის ადგილი, რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისათვის. 1966 წელს მისი ინიციატივით გაიმართა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი დიდი იუბილე, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ქართული პოეტური სიტყვის, ისე ქართული კულტურის საყოველთაო აღიარების საქმეში. ამავე წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, კრებულისათვის - ,,პალესტინა, პალესტინა’’. 1963-1985 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1982 წლიდან შოთა რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე. 1950 – 60 – იან წლებში იმოგზაურა ინდოეთში და 1959 წელს გამოაქვეყნა ორი ლირიკული ციკლი “მწველი ინდოეთში“ და ,,ინდოეთის გზებზე’’. აღნიშნული პოეტური კრებულებისათვის 1972 წელს მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, რომელიც პირადად ინდირა განდმა გადასცა. ირაკლი აბაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ჩამოყალიბებასა და ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში. მისი სახელობისაა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. 1966-1992 წლებში იყო ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. 1970 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ცნობილი პოეტის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: „მონადირის ღამეები“, „ჰყვავის გურია“, „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, „მონოლოგი აჩრდილებთან“, „ქარები რიონის ხეობაში“, საბავშვო ლექსები და რამოდენიმე პოემა. 1987 წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, წიგნისათვის „ოცი ლექსი გალაკტიონ ტაბიძეს“ . ირაკლი აბაშიძის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად პოეტის ლექსები თარგმნა ჰ.ბუდენზიგმა. 1988 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1992 წლის 14 იანვარს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: პოეტი