თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტები 2025 წლის 13-22 თებერვალს სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო ვიზიტით გერმანიაში, იოჰან გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტსა და ოტო ფონ გერიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
სასწავლო ვიზიტში ჩართული 7 დოქტორანტისა და 2 სამეცნიერო ხელმძღვანელის ვიზიტი სრულად დაფინანსდა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საგრანტო პროექტის (MES-CIF-2-49) „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში.
ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები ეწვივნენ იოჰან გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტს, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კოლეგა დოქტორანტებს, რომლებიც მათ კვლევით თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. მაინცის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა და სამეცნიერო ხელმძღვანელებმა სამეცნიერო სემინარის ფარგლებში ქართველ სტუმრებს გააცნეს მათ მიერ წარმოებული კვლევითი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია: საკვლევი თემის განსაზღვრის პრინციპები, კვლევის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების შერჩევის კრიტერიუმები, პროექტში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა და ა.შ. ასევე, მაინცის უნივერსიტეტის 12-მა დოქტორანტმა ისაუბრა მათი სადისერტაციო ნაშრომების შესრულების პროგრესის შესახებ.
გარდა ამისა, ვიზიტის მონაწილეები ეწვივნენ მაინცის უნივერსიტეტის პროფესიული მასწავლებლის მომზადების ცენტრს, სადაც ადგილობრივმა სტუდენტებმა და ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე. აღნიშნული კომპონენტი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმ ქართველი დოქტორანტებისთვის, რომელთა საკვლევი თემები მასწავლებელთა მომზადებას უკავშირდება.
ოტო ფონ გერიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტში ვიზიტისას დოქტორანტები შეხვდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სადაც სამუშაო შეხვედრების განმავლობაში ისაუბრეს საკუთარი სადისერტაციო ნაშრომების შესახებ, მიიღეს რჩევები გერმანელი სამეცნიერო ხელმძღვანელებისგან კვლევის წარმართვის ორგანიზაციული დეტალების შესახებ. გარდა ამისა, დოქტორანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეუზღუდავი წვდომით ესარგებლათ მაგდებურგის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო რესურსით და მოეპოვებინათ მათთვის საინტერესო და საჭირო ლიტერატურა.
მაგდებურგის უნივერსიტეტის ინიციატივით, დოქტორანტებსა და სამეცნიერო ხელმძღვანელებს მიეცათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პროფესიული განათლების ცენტრისა (UNESCO-UNEVOC) და მაგდებურგის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ხელოვნური ინტელექტისა და პროფესიული განათლების ექსპერტების კონფერენციას.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მსოფლიო მასშტაბით პროფესიული განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ასევე, დაემყარებინათ კომუნიკაცია სფეროს საერთაშორისო პროფესიონალებთან.
კონკურენტული ინოვაციების კონკურსის (CIF) №CIF-2-2024-12 გამარჯვებული პროექტის მთავარ მიზანს სამი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო საფეხურზე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას წარმოადგენს. კერძოდ, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აღჭურვას იმ უნარ-ჩვევებითა და სერვისებით, რომლებიც მათ მხარს უჭერს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებით.
პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ხელმძღვანელობს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან შემდგარ კონსორციუმს, კერძოდ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ოტო ფონ გერიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტი და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტი.