საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილოსოფიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი

საქართველოში ფილოსოფიური აზროვნების კულტურასა და ფილოსოფიის სწავლებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი, პეტრიწიდან მოყოლებული იყო დასავლური ფილოსოფიური აზროვნების გაუყოფელი ნაწილი. მისი საკვლევი არეალი უშუალო და მჭიდრო კავშირში იყო დასავლური ცივილიზაციის ფილოსოფიურ პრობლემატიკასთან. ფილოსოფიის სწავლება და ფილოსოფიურ პრობლემათა კვლევა, კლასიკური ფორმით: თარგმნა, კვლევა და სწავლება როგორც ერთიანი პროცესი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იღებს სათავეს. მის სათავეებთან იდგნენ დასავლეთში განსწავლული გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსები. ფილოსოფიის დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების კონცეფცია და სტრატეგია განუყოფელია ზოგადსაუნივერსიტეტო სწავლების კონცეფციისა და სტრატეგიისაგან. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიზანია- შეინარჩუნოს, გააძლიეროსა და განავითაროს ქართული ფილოსოფიური სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და ფილოსოფიური აზროვნების კულტურა, განახორციელოს სწავლება და კვლევა, როგორც საკუთრივ დასავლური ფილოსოფიური, ისე ქართული ფილოსოფიური აზრის მიმართულებით, ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მიზნად ისახავს, მისცეს სტუდენტს დარგის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება ფილოსოფიის პროფილის სასწავლო პროგრამებით, სწავლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე, გააცნოს ფილოსოფიის განვითარების ისტორიული გზა და დასავლური აზროვნების ამოსავალი პრინციპები და ღირებულებები, მოამზადოს ფილოსოფიის ფუნდამენტური იდეებისა და პრობლემების დამოუკიდებელად, კრიტიკულად და კრეატიულად მოაზროვნე დარგის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტები. აზროვნების ფილოსოფიური წესი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქედ და პიროვნებად ჩამოყალიბების აუცილებელი საფუძველია. კურსდამთავრებული მზად იქნება ღირსეულად ჩაერთოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში, ადექვატურად აღიქვას და გაიაზროს ადამიანის, სახელმწიფოს, კულტურის და ზოგადად კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები. იგი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ღირებულებების დანერგვასა და განვითარებას. იგი, აკადემიური თავისუფლების დაცვით, შესძლებს აწარმოოს სწავლება და კვლევა კოლეგიალურ აკადემიურ გარემოში, შექმნას სამეცნიერო–კვლევითი პროექტები ინოვაციური მიდგომებით, საერთაშორისო სასწავლოკვლევითი ცენტრების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევისა და სამეცნიერო ინტერესთა სფერო საკმაოდ ვრცელია. იგი მოიცავს ფილოსოფიურ პრობლემათა ფართო სპექტრს. ფილოსოფიის ინსტიტუტი ორიენტირებულია იმ ფილოსოფიური მიმდინარეობების, კონცეფციების, თანამედროვე ფილოსოფიური პრობლემებისა და სტრატეგიების კვლევაზე, რომლებიც ცდილობენ გაიაზრონ თანამედროვე ადამიანისა და სამყაროს მიმართების პრობლემა და გამონახონ გადაწყვეტის შესაძლებელი გზები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ფილოსოფიური პრობლემების თემატიზირება და გადაწყვეტა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აზროვნების კლასიკურ და არაკლასიკურ პარადიგმებს შორის დაპირისპირების არსის ანალიზს, პოსტმოდერნული, ინფორმაციული, ცოდნაზე დაფუძნებილი საზოგადოების პოსტულატების სისტემატურ და კრიტიკულ გააზრებას. სამეცნიერო კვლევა ხორციელდება მეტაფიზიკისა და ეპისტემოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ზნეობის ფილოსოფიისა და ეთიკის, ესთეტიკის, კულტურის ფილოსოფიის, პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფიის, ენის ფილოსოფიის, ლოგიკის, რელიგიის ფილოსოფიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და ა.შ. მიმართულებით, რომლებიც ზოგადად ფილოსოფიური აზროვნების და კერძოდ, ქართული ფილოსოფიური სამეცნიერო სკოლის კვლევის ტრადიციული მიმართულებებია და დასავლური ფილოსოფიური აზროვნების კულტურისათვის აქტუალური და აღირებულია. ინსტიტუტის კვლევის შედეგები გამოქვეყნებულ სტატიებში, სახელმძღვანელოებში და მონოგრაფიებში აისახება. ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა სწავლებასთან დაკავშირებული სასწავლო-მეთოდური გამოცემები - საუნივერსიტეტო სასწავლო სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები, აკადემიური მთარგმნელობითი საქმიანობა, სასწავლო ცნობარები და სხვ. მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის განსაკუთრებული ყურადღების საგანი კვლავაც იქნება კვლევითი შედეგების გამოქვეყნება უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით დაფუძნებულ, 2011 წლიდან გამომავალ საერთაშორისო ორენოვან სამეცნიერო ჟურნალში ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“ და ინგლისურენოვან საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში „Culture & Philosophy“ „კულტურა და ფილოსოფია“". ინსტიტუტის ფარგლებში დაარსდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი; მისი ამოცანაა საერთაშორისო კვლევის ფოკუსში მოაქციოს ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, რაც ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს. საქართველოში პირველად ითარგმნა ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა და განხორციელდა თეოლოგიურ-ფილოსოფიური მემკვიდრეობის ფუნდამენტური ანალიზი მისი თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით. ცენტრი უცხოელ კოლეგებთან ერთად გააგრძელებს თანამედროვე რელიგიური და ფილოსოფიური დისკურსების აქტუალური პრობლემების კვლევას. ინსტიტუტის თანამშრომლების მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტებში და მონაწილეობას მიოიღებენ კონფერენციებში, ფილოსოფიურ კონგრესებში, სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში, საგრანტო პროექტებში და სხვა აკადემიურ აქტივობებში. გაგრძელდება ინსტიტუტის ინიციატივით Erazmus+ პროგრამის ფარგლებში, ექსკლუზიურად ფილოსოფიისა და კულტურის მეცნიერებების მიმართულებით, კოორდინაცია. ინსტიტიტის თანამშრომლები აქტიურად იმონაწილევებენ თსუ-ს საზოგადოებრივ და აკადემიურ ცხოვრებაში.