საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ისტორია იმგვარად განვითარდა, რომ ის თავიდანვე საუნივერსიტეტო ტრადიციასთან და შესაბამისად, სასწავლო პროცესთან მჭიდრო კავშირში ჩამოყალიბდა. აღმოსავლური ენების სწავლებასა და აღმოსავლეთმცოდნეობით კვლევებს საქართველოში იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენისაც თავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საუნივერსიტეტო იდეას საქართველოში. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების კონცეფცია და სტრატეგია განუყოფელია ამ დარგის საუნივერსიტეტო სწავლების კონცეფციისა და სტრატეგიისგან. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტის მიზანია, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ქართული ორიენტალისტიკური სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და განახორციელოს სწავლება და კვლევა როგორც საკუთრივ ორიენტალისტიკური, ისე ქართველოლოგიური მიმართულებით, რადგან საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობას ყოველთვის ჰქონდა ეს ნიშანი - მისი საკვლევი პრობლემატიკა უშუალო და მჭიდრო კავშირში იყო ქართველოლოგიურ პრობლემატიკასთან. აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მიზნად ისახავს, მისცეს სტუდენტს დარგის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება აღმოსავლეთმცოდნეობითი პროფილის სასწავლო პროგრამებით, მოამზადოს დარგის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტები სწავლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, აწარმოოს კვლევა კოლეგიალურ აკადემიურ გარემოში და შექმნას სამეცნიერო–კვლევითი პროექტები ინოვაციური მიდგომებით, საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ცენტრების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლა ჩამოყალიბდა, როგორც ქართველოლოგიური კვლევების სამეცნიერო ფუნდამენტის განმტკიცების საშუალება და ის ყოველთვის ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ორმხრივ ისტორიულ ურთიერთობებზე (ლიტერატურულ, ენობრივ, ისტორიულ, კულტურულზე) იყო აქცენტირებული, რაც განპირობებული იყო ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონთან მრავალსაუკუნოვანი კვეთებით, თუმცა, ბუნებრივია, ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა ინტერესები ორმხრივი ურთიერთობების კვლევით არ ამოიწურება. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტის კვლევისა და სამეცნიერო ინტერესთა სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს აღმოსავლეთმცოდნეობის, მათ შორის, შორეული აღმოსავლეთის რეგიონის კვლევების (ფილოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიისა და რელიგიათა ისტორიის, კულტურისა და რეგიონმცოდნეობის) მრავალ ასპექტს. კერძოდ, ლინგვისტურ (მორფოლოგიურ-სინტაქსურ) და ლექსიკოლოგიურ (სემანტიკურ-ეტიმოლოგიურ), დიალექტოლოგიისა და დიალექტების, შუა საუკუნეების და თანამედროვე აღმოსავლური პოეზიისა და პროზის, ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის, პოეტიკისა და ვერსიფიკაციის საკითხებს, ყურანისა და ისლამოლოგიის, პალეოგრაფია-ეპიგრაფიკის, აგრეთვე ტექსტოლოგიის, წყაროთმცოდნეობის პრობლემატიკას. ეს მიმართულებები ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო სკოლის კვლევის ტრადიციული მიმართულებებია და მსოფლიო ორიენტალისტიკური ცენტრებისთვისაც საკმაოდ აქტუალური. აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა თარგმანი და აკადემიური მთარგმნელობითი საქმიანობა (გამოცემულია და გამოიცემა აღმოსავლური წყაროებისა და ისტორიული დოკუმენტების კომენტირებული თარგმანები, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე აღმოსავლური ლიტერატურის შედევრების მაღალმხატვრული ქართული თარგმანები, ისწავლება და იკვლევა მთარგმნელობითი პრობლემატიკა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტის ასევე განსაკუთრებული ყურადღების საგანია სწავლებასთან დაკავშირებული სასწავლო-მეთოდური გამოცემები - საუნივერსიტეტო სასწავლო სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები, ლექსიკონები, სასწავლო ცნობარები და სხვ. რაც აღმოსავლეთმცოდნეთა მომავალი თაობის აღზრდასა და მომზადებას ემსახურება.