საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შუალედური გამოცდები


ძვირფასო სტუდენტებო,

 

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე შუალედური გამოცდები დაგეგმილია მიმდინარე წლის 2-15 ნოემბრის დროის მონაკვეთში.


შუალედური გამოცდები იურიდიულ ფაკულტეტზე ჩატარდება საგამოცდო ცენტრის მიერ შედგენილი ცხრილის მიხედვით. ცხრილი იხილეთ LMS.TSU.GE ბაზაში. ამასთან, გამოცდას ატარებს საგნის წამყვანი პროფესორი/სემინარის ხელმძღვანელი საგამოცდო ცხრილით დადგენილ დროს. გამოცდა ტარდება დისტანციურად. გამოცდების პერიოდში ლექციები/სემინარები არ ჩატარდება.


სტუდენტებს, საგამოცდო ცხრილით განსაზღვრულ დროს გამოგეგზავნებათ დავალება თსუ ელექტრონულ სისტემაში (→ http://lms.tsu.ge/) ან თსუ-ის კორპორაციული ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. დავალებაში განსაზღვრული იქნება გამოცდის ფორმატი, გამოცდის ხანგრძლივობა და თუ სად უნდა გააგზავნოს  ნაშრომი სტუდენტმა (შესაბამისი ასისტენტის/პროფესორის ელექტრონული ფოსტის მისამართი). 


სტუდენტებს უნდა მიეცეს პროფესორის მიერ წინასწარ დადგენილი საგამოცდო დროის სრულად გამოყენების შესაძლებლობა. თუკი გარკვეული ტექნიკური მიზეზებით სტუდენტს დროულად ვერ აეტვირთა საგამოცდო დავალება პროფესორი/საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი ვალდებულია გაუხანგრძლივოს მას გამოცდა გონივრული ვადით. ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში სტუდენტი ამის თაობაზე ატყობინებს საგამოცდო ცენტრს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

გამოცდები როგორც წესი, ტარდება დისტანციურად. კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე (უცხო ენა, სამართლებრივი უცხო ენა) შესაძლებელია შუალედური გამოცდის ჩატარება ზეპირი კომპონენტებისა და Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით, რის თაობაზეც ასევე გაცნობებთ საგნის წამყვანი პროფესორი თსუ ელექტრონულ სისტემაში (→ http://lms.tsu.ge/) .


მიაქციეთ ყურადღება, თუ თქვენს საგამოცდო ცხრილში არ არის ასახული კონკრეტული საგნის საგამოცდო თარიღი, ინფორმაციას შუალედური გამოცდის შესახებ მოგაწოდებთ საგნის წამყვანი პროფესორი.
გარკვეულ დისციპლინებში, სადაც გამოცდა რამდენიმე ნაკადად არის დაყოფილი, საგამოცდო ბილეთი შეიძლება მოგეწოდოთ საგამოცდო ცენტრის ჩართულობით, თუმცა, შესრულებულ დავალებას აგზავნით საგნის წამყვანი პროფესორის მიერ მითითებულ შესაბამისი ასისტენტის/პროფესორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
საგამოცდო ნაშრომების გასწორებას უზრუნველყოფენ ასისტენტები, ხოლო აპელაციის წესით ნაშრომებს, როგორც წესი, ეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგნის წამყვანი პროფესორი.


საგამოცდო ქულის ასახვიდან 48 საათის განმავლობაში სტუდენტს აქვს მიღებული შეფასების გასაჩივრების უფლება. აპელაცია უნდა გაიგზავნოს თსუ ელექტრონული სისტემიდან (→ http://lms.tsu.ge/),  კორესპოდენციიდან, სათაურით „საგამოცდო ქულის გასაჩივრება (აპელაცია)“. შეტყობინება ავტომატურად მისდის როგორც საგნის წამყვან პროფესორს, ასევე სემინარის ხელმძღვანელს. 


შუალედური გამოცდის გადატანას კვლავ უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი. გამოცდის გადატანისას აუცილებელია სტუდენტმა ბაზიდან მიმართოს საგამოცდო ცენტრს.  


შუალედურ გამოცდებთან დაკავშირებული ნებისმიერი კონკრეტული პრობლემის შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ ასევე თსუ ელექტრონულ სისტემაში (→ http://lms.tsu.ge/) გრაფა: ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები. იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან კომუნიკაცია შესაძლებელია გრაფიდან  - მისწერე დეკანს.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!

თარიღი: 28/10/2020