27 მარტს, 12.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი „ტრანსლაციური ნეირომეცნიერება - ლაბორატორიიდან კლინიკამდე“.
სიმპოზიუმში მონაწილეობენ დარგის წამყვანი მეცნიერები. ორი მათგანი, მერაბ და ზაზა კოკაიები, ვაჟა ოკუჯავას მოსწავლეები არიან. ისინი მოღვაწეობენ ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. მერაბ კოკაია არის ეპილეფსიის საბაზისო კვლევის და ინოვაციური თერაპიული შესაძლებლობების შესწავლის ერთ-ერთი ლიდერი თანამედროვე ეპილეპტოლოგიაში. ამავე დროს, ის ხელმძღვანელობს დარგის წამყვან ჟურნალს “Epilepsia Open”. ზაზა კოკაიას დამსახურება ნერვულ დაავადებებში ღეროვანი უჯრედების მნიშვნელობისა და მათი თერაპიული შესაძლებლობების შესწავლაში საერთაშორისოდ აღიარებულია.
ეუგენ ტრინკა (ავსტრია) - ზალცბურგის პარაცელსის უნივერსიტეტის ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ეპილეფსიის წინააღმდეგ საერთაშორისო ლიგის (ILAE) ვიცე პრეზიდენტი, არის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორი Clarivate მიხედვით. ჰელენ კროსი (დიდი ბრიტანეთი), ILAE ყოფილი პრეზიდენტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბავშვთა ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, წამყვანი ფიგურაა ბავშვთა ეპილეფსიის სფეროში. მისი კვლევები აღნიშნულია არაერთი საპატიო ჯილდოთი, ასევე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორი. მეთიუ უოკერი (დიდი ბრიტანეთი) ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეპილეფსიის კვლევის დეპარტამენტის დირექტორი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ILAE ევროპის რეგიონს. მისი სამეცნიერო ინტერესები ძალიან ფართეა, თუმცა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმნართულებას წარმოადგენს ეპილეფსიის თერაპიის ინოვაციური შესაძლებლობების შესწავლა. ჰენრიკ იოკაიტი (შვეიცარია), ციურიხის ეპილეფსიის ცენტრის ნეიროფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, იგი აღიარებულია ეპილეფსიის ნეიროფსიქოლოგიური ასპექტების კვლევის ერთ-ერთ ლიდერად.
სიმპოზიუმს დაესწრებიან ქართველი ნევროლოგები, ნეირომეცნიერები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები. მოწვეული მომხსენებლების კლასი და ფართე დიაპაზონი საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ უახლეს მიღწევებს ეპილეფსიის საბაზისო კვლევის, კლინიკური თუ ნეიროფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.