17-19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას „წარსული, აწმყო და მომავალი თანამშრომლობა Georgia-CERN“. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვევა CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერის ორი დიდი ექსპერიმენტის, ATLAS და CMS, ფიზიკოსთა ჯგუფი, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად შეაჯამებენ ბოლო წლებში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სფეროში მიღებულ შედეგებს და დაგეგმავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ღონისძიება 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიხსნება.
CERN - ის დელეგაციის წევრები არიან: ლუდოვიკო პონტეკორვო, ატლას ექსპერიმენტის ტექნიკური კოორდინატორი; ჰენრიკ ვილკენსი, ატლას ტაილ - ადრონული დეტექტორის ხელმძღვანელი; დანიელა ბოგავაკი, ატლას ტაილ-კალორიმეტრის ფიზიკური მონაცემების დაგროვების და დამუშავების კოორდინატორი; ჯულიო უსაი, ატლას ექსპერიმენტის ტაილ-დეტექტორის განახლების პროექტის ხელმძღვანელი; ალესანდრო პოლინი, ატლას მიუონური დეტექტორის კოორდინატორის მოადგილე; ირაკლი მინაშვილი, ატლას ექსპერიმენტის ტაილ-კალორიმეტრის მომსახურების და ინფრასტრუქტურის კოორდინატორი, თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული თანამშრომელი.
უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს თანამშრომლობა ATLAS-თან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და მიუხედავად იმ პერიოდის საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა, ქართველმა ფიზიკოსებმა შეძლეს გამხდარიყვნენ ამ საერთაშორისო კოლაბორაციის ღირსეული წევრები. ამჟამად, ქართული ჯგუფის ძირითად ბირთვს კოლაბორაციაში შეადგენს თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მოქმედი ფიზიკოსთა გუნდი. გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ATLAS-დანადგარის ორი მნიშვნელოვანი დეტექტორული სისტემის, ადრონული ტაილ-კალორიმეტრის და მიუნური კამერების შექმნასა და შემდგომი ფუნქციონირების საქმეში. გარდა ამისა, ფიზიკოსთა ნაწილი ჩართულია ATLAS-ის ფიზიკური ანალიზის პროგრამაში. კვლევებში აქტიურად არიან ჩართული თსუ სტუდენტებიც, ბოლო 10 წელიწადში ამ პროგრამის ფარგლებში 3 სამაგისტრო და 2 სადოქტორო თეზისი დაიცვეს.
სამომავლოდ დაგეგმილია გაგრძელდეს მუშაობა ადრონული ტაილ-კალორიმეტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე გრძელდება მუშაობა კოლაიდერის მეორე, მაღალი ნათების, ფაზის დროს აღებული მონაცემების დამუშავებაზე. ამჟამად ცერნში აქტიურად მიმდინარეობს ახალი დიდი პროექტის, მომავალი წრიული კოლაიდერის, (FCC) პროექტის განხილვა. თსუ გეგმავს შეუერთდეს სამუშაოებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მოაწეროს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს FCC პროექტთან თანამშრომლობაზე. ეს მემორანდუმი ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს მისცემს საშუალებას აქტიურად იყვნენ ჩართული თანამედროვე კვლევებში.