26 სექტემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის დარბაზში, გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ზანდა ჩეჩელაშვილის წიგნის, „მე ვარ“ პრეზენტაციაზე.
ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, იმ ბავშვებისთვის დაიწერა, რომლებსაც აქვთ დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ენის ბორძიკი. ის აუცილებელი რესურსია მშობლებისთვის, პედაგოგებისა და ბავშვებთან მომუშავე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის. ამასთანავე, წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვისაც, მათი ცნობიერების ამაღლების, განსხვავებულის შემჩნევისა თუ მიღებისთვის საჭირო უნარების ჩამოსაყალიბებლად.
ეს წიგნი მშობლებისთვისაა – რომ გაიგონ, რას ფიქრობს მათი შვილი, როგორ გულმოდგინედ ცდილობს და როგორ განიცდის, როცა რაიმე არ გამოსდის. ბავშვის ფიქრები ისე ავთენტურად და ოსტატურადაა გახმოვანებული, რომ მშობლები მიხვდებიან, რა ხდება მათი შვილების გულებში, რატომ უქვეითდებათ სწავლის მოტივაცია, თვითშეფასება და დარწმუნდებიან, რომ ისინი არ არიან ზარმაცები,“ აღნიშნავს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე.
წიგნი გაფორმებულია სოფო კირთაძის ილუსტრაციებით.
მოწვეული სტუმრები იქნებიან: ავტორი, ზანდა ჩეჩელაშვილი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, ასევე, ბავშვთა ნეიროფსიქოლოგები.
შეხვედრის ბოლოს მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები სპეციალური ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.
დასწრება თავისუფალია.