3 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ საზეიმო დახურვის ცერემონიალი შედგება.
ფესტივალი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით, უკვე მეთორმეტედ ტარდება. წელს იგი, ცნობილი ბერძენი მწერლის, საქართველოს დიდი მეგობრის, ნიკოს კაზანძაკისის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.
ორი თვის მანძილზე, თსუ-ს მერვე კორპუსში, მოსწავლეთა უჩვეულო სიმრავლე იყო - არაერთ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებაში საქართველოს 381 მოსწავლე ჩაერთო თბილისის, ახალციხის, ბათუმის, გარდაბნის, გორის, ზესტაფონის, თეთრიწყაროს, მარტვილის, მარტყოფის, რუსთავის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ფოთის, ქობულეთის, წალკის, წყალტუბოს, ტყიბულის საჯარო და კერძო სკოლებიდან.
მოსწავლეთა კონფერენციის მასალები უახლოეს მომავალში გამოიცემა, სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულებს კი საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ და თსუ კლასიკური ფილოლოგიის. ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ლევან გიგინეიშვილი დააჯილდოებენ.