საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-20
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

20 აპრილს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელისშვილის) პუბლიკაციის „L’Europe face au fédéralisme“ პრეზენტაცია გაიმართება. 
 

სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულმა წარმომადგენლობამ შეისწავლა მიხეილ მუსხელიშვილის 1949 წლის პუბლიკაცია „L’Europe face au fédéralisme“, რომელიც აღმოჩნდა ევროპული ინტეგრაციის შესახებ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი.


ნაშრომს თან ერთვის ერთიანი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომლის ტექსტში ასახულია მომავალი გაერთიანებული ევროპის სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოწყობის განმარტებები, ხედვები და წინასწარმეტყველებები.

 

პუბლიკაციის „L’Europe face au fédéralisme“ შესწავლამ აჩვენა, რომ მიშელ მუსხელმა დიდი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის მომავლის შესახებ იმჟამად მიმდინარე პოლიტიკურ და სამეცნიერო დისკუსიებზე. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის ისტორიული დეკლარაცია დიდი სიზუსტით იმეორებს მიშელ მუსხელის მიერ 1949 წელს გამოქვეყნებული ევროპის კონსტიტუციის ტექსტის არა მხოლოდ სულისკვეთებას, არამედ ევროპის უნიფიკაციის საკითხის მიმართ ზოგად მიდგომებსა და მიზნებს.


ნაშრომში „L’Europe face au fédéralisme“ მიხეილ მუსხელი დეტალურად აღწერს ევროპული სუპრანაციონალიზმის განვითარების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, ასევე გვიზიარებს ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობის საკუთარ ხედვას. იგი გვთავაზობს მეცნიერულ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მომდევნო წლებში პრაქტიკაში იქნა რეალიზებული ევროკავშირის ადმინისტრირებისა და სამართლებრივი მოწყობის თვალსაზრისით.


თავის ნაშრომში მიშელ მუსხელს განმარტებული და სამართლებრივ-ინსტიტუციონალური დეტალების სიზუსტით ნაწინასწარმეტყველები აქვს თანამედროვე ევროკავშირის ფუნქციონირების ისეთი ელემენტები, როგორიცაა: ევროკავშირსა და მის წევრებს შორის სამართლებრივ კომპეტენციათა გამიჯვნა; ევროკავშირის სამართლებრივი მოწყობის საკითხები; დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხები; ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობა; ევროკავშირის წევრობისა და ევროკავშირიდან გასვლის საკითხები; ევროკავშირის როგორც წევრი, ასევე ე.წ. ასოცირებული წევრი ქვეყნების სტატუსი; ერთიანი ევროპული იდენტობა და ევროპის მოქალაქეობა; ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური და დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირება; ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესის მოდალობები; ევროკავშირისთვის  სამართლებრივი სუბიექტის სტატუსის მინიჭების საკითხი; ევროკავშირის ბიუჯეტი და მონეტარული პოლიტიკა, და სხვა.


მიხეილ მუსხელიშვილს ეკუთვნის ევროპის მოწყობის შესახებ სხვა არა ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის “Confederation et Federation: L’antithese”; “Confederation ou Federation Europeenne?”; “Europa Aeterna”. 

 

2022 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ მუსხელიშვილი, ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მათ შორის, ევროპის პირველი კონსტიტუციის შექმნისთვის, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

 

 

მსგავსი ღონისძიებები