საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-01-18
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

18 იანვარს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის ალბომის პრეზენტაცია.   

 

ალბომში თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.  მასში მოცემულია ინფორმაცია და ფოტომასალა აკაკი ჩხენკელის ოჯახის, განათლების, საქართველოს  დამფუძნებელ კრებასა და პირველი რესპუბლიკის მთავრობაში მოღვაწეობის, აგრეთვე, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდის შესახებ. 

 

საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) საგარეო საქმეთა მინისტრობამდე აკაკი ჩხენკელს დიდი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ის იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის დეპუტატი, ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი.   უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მოწვევით, მას ხვდა წილად უნივერსიტეტის გახსნის დღეს, 1918 წლის 26 იანვარს, პირველი სიტყვის წარმოთქმის პატივი.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი, 2022 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.

 

  2018 წელს თსუ-ს გადაეცა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის აკაკი ჩხენკელის და ცნობილი მეცნიერის კიტა ჩხენკელის აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი.  თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური არქივი აკაკი ჩხენკელის (1874-1959) და კიტა ჩხენკელის (1895-1963) მემკვიდრეობისგან შედგება და მასში დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა, ქართულ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები. ეს არქივი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში. ამასთან, არქივში არსებული პირველი და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მასალები საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო წრეებისთვის, მას აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ჩხენკელების არქივში დაცული დოკუმენტები იმდროინდელ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ასახავს.

 

ალბომი მოამზადეს სალომე ჭანტურიძემ და ანტონ ვაჭარაძემ. წინასიტყვაობა დაურთეს გოჩა ჯავახიშვილმა და დოდო ჭუმბურიძემ.

მსგავსი ღონისძიებები