საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა"
17 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა" გაიხსნება, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავს. ორდღიანი კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი დემურ ჯალაღონია, თსუ გამომცემლობის სამეცნიერო მენეჯერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიკა ერქომაიშვილი დაესწრებიან.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მაია კიულე - ლატვიის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; დანიელა ვერდუჩი - პროფესორი, მაჩერატას უნივერსიტეტი, იტალია, მსოფლიო ფენომენოლოგიის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე; მორის კიულისი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლიეტუვას უნივერსიტეტი.
საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ: ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები.