საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-14
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის (ENOTHE) რიგით 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
 

კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატისაა და დამსწრე სტუმრებთან ერთად მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს: ჰოლანდია, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, შვედეთი, ლიეტუვა, ამერიკის შეერთებული შტატები, მონღოლეთი, საბერძნეთი, სომხეთი და ა.შ. 
 

კონფერენციის თემა ეხება ოკუპაციური თერაპიის დარგში თანამედროვე კვლევებს, პრაქტიკასა და მიღწევებს, განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და წარმატებულ პროექტებს. წარმოდგენილი იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ტელერეაბილიტაცია, ტექნოლოგიის როლი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი გარემოს მოწყობაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები, ინკლუზიური გარემოსა და სისტემების შექმნის გზები და ა.შ. 
 

კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის წახალისება, განვითარების სამომავლო გეგმების დასახვა და პროფესიის ცნობადობის გაზრდა.


ოუკპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელი (ENOTHE) აერთიანებს მსოფლიოს 36 ქვეყნის 100-ზე მეტ ინსტიტუციას. კონფერენციას მომდევნო წლებში ესპანეთი, პორტუგალია და პოლონეთი უმასპინძლებს. გასულ წელს  ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის კონგრესი პოლონეთში გაიმართა.
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწვალებელია საქართველოში, სადაც ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო განათლების მიღება შეიძლება.  
 

ოკუპაციური თერაპია რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მთელ მსოფლიოში ოკუპაციური თერაპევტები აქტიურად მუშაობენ მრავალფეროვანი შესაძლებლობის მქონე პირებთან და მოწყვლად ჯგუფებთან.  
 

საქართველოში ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნა და 100 %-იანი დასაქმების მაჩვენებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ დარგში მეტი დაინტერესებული და მოტივირებული სტუდენტის მოზიდვა. ამადვროულად, პრაქტიკის სფეროების გაფართოება, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა და სამაგისტრო განათლების განვითარება.  
 

ასეთი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციისა და ადგილობრივი პროფესიული თემისთვის, ქვეყანაში პროფესიის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისთვის, როგორც განათლების, ასევე, პრაქტიკის დონეზე.

 

 

მსგავსი ღონისძიებები