23 მაისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი - „ ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ გაიხსნება.
ფორუმი 23-24 მაისს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი პროექტის ფარგლებში გაიმართება.
ფორუმის ფორმატით გათვალისწინებულია თსუ-ის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა/ჩვენება.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და დაინტერესებულ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ინტერაქტიურ რეჟიმში გაუზიარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები:
თამარ გაბრიჩიძე - რეჟისორი, პროდიუსერი. მის ფილმებს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრიზი სანდენსის ფესტივალზე. მისი ფილმი „სოვდაგარი“ არის პირველი ქართული დოკუმენტური კინო, რომლის მსოფლიო დისტრიბუციის უფლება კომპანია ნეთფლიქსმა შეიძინა;
კოტე ჯანდიერი - მწერალი, სცენარისტი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე - ფილმების სტუდიის დირექტორი, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი;
სანდრო გაბილაია - აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი. Metro Production-ის დამფუძნებელი, JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟიურის წევრი. მრავალ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ფილმებისა და სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდიუსერი.
ფორუმის დასასრულს, მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“ სამომავლო თანამშრომლობის, გეგმებისა და მიზნების დასახვის თაობაზე.
იხილეთ პროგრამა.