საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-04-12
თარიღი სთ
მისამართი
12 აპრილს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ეთნოლოგიის დღისადმი მიძღვნილი  გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე ექვთიმე  თაყაიშვილის, თედო  სახოკიას, სერგი  გორგაძის, იროდიონ  სონღულაშვილის, დავით  კარიჭაშვილის, მოსე  ჯანაშვილის, ვუკოლ  ბერიძის,  ივანე  ჯავახიშვილის, გიორგი  ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის,  სერგი  მაკალათიას, ალექსი  ოჩიაურის, კალისტრატე ცინცაძის, კათალიკოს-პატრიარქების ლეონიდესი  და  კირიონ II-ის  საქმიანი მიმოწერა, საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოების  მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური  მასალა, მათ  მიერ  შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები,  გიორგი  ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის  საინტერესო  ეპისტოლარული  მემკვიდრეობა დედნების  სახით იქნება წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოების  მოღვაწეობას ეძღვნება.   
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს დაარსებულმა საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოებამ საკუთარ თავზე  აიღო  საქართველოს  ისტორიის, მისი  ხალხის  ზნე-ჩვეულებებისა  და  ხელოვნების  ნიმუშთა  შეგროვება-შესწავლა.  სწორედ  ამ  საქმეს  ემსახურებოდა  საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოება, რომელიც 1907  წელს  გამოჩენილი  ქართველი  საზოგადო  მოღვაწის, მეცნიერისა და  ჭეშმარიტი  მამულიშვილის,  ექვთიმე  თაყაიშვილის  უშუალო  თაოსნობით  დაარსდა.  ექვთიმემ თავიდანვე  შემოიკრიბა  მოწინავე  ქართველი  ინტელიგენცია: ილია  ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი,  ვაჟა-ფშაველა, იაკობ  გოგებაშვილი, ანასტასია  მაჩაბელი, ივანე  ჯავახიშვილი,  ალექსანდრე  ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი,  დავით  და  ალექსანდრე  სარაჯიშვილები  და  სხვები. ფაქტობრივად,  საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოება იყო პირველი  სამეცნიერო  დაწესებულება  საქართველოში, რომელმაც იტვირთა  სახალხო  უნივერსიტეტის  ფუნქცია  და  მოამზადა  ნიადაგი  პირველი  ეროვნული  უნივერსიტეტის  გასახსნელად. 
გამოფენაზე  პირველად  იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ფოტოდოკომენტური მასალა. განსაკუთრებით საინტერესოა მიმოწერა მსოფლიო  მნიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან, მ. კოსვინთან,  რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან, ნ.კოსველთან, ა. ტიუმენოვმთან,  მ. იშტვანოვიჩთან,  ლ. კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს  მუზეუმების  წარმომადგენლებთან და სხვებთან.    
საარქივო ჩანაწერები  და  ფოტომასალა დაცულია: თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი  მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების  ფონდში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმსა და  საქართველოს  ეროვნულ  არქივში.

მისამართი: თსუ 1 კორპუსი, ჭავჭავაძის N1მესამე სართული, საგამოფენო დარბაზი.
 
მსგავსი ღონისძიებები