საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-03-15
თარიღი სთ
მისამართი
15 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი - „მისია 2018“  გამოცხადდება. წელს პროექტის პარტნიორი კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ იქნება.

კონკურსი უნივერსიტეტსა და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ ერთობლივ თანამშორმლობაზე თანხმდებიან, რომელიც სტუდენტური პროექტების მხარდაჭერას, ერთობლივ ღონისძიებებს, სტაჟირებასა და სხვა აქტივობებს მოიცავს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის“  დირექტორი ბესიკ ჯიქურაული მოაწერენ ხელს.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ გადასცემს: პირველი ადგილის მფლობელი გუნდი 2500 ლარს, მეორე - 1500 ლარს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება:პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში ფინალისტი გუნდები პარტნიორი ბრენდის დავალებაზე იმუშავებენ. ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში კონკურსანტები მათთვის მომზადებულ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან. ფინალში გასული სტუდენტები პარტნიორი კომპანიის სათავო ოფისსა და დირსის საცხოვრებელ კომპლექსსაც მოინახულებენ.

კომპანია „ას ჯორჯიას“ საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტია, 200 მლნ-იანი ინვესტიცია მოიცავს, როგორც თავად კომპლექსს ასევე, სამშენებლო მასალების ადგილობრივ საწარმოს. 

კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდება. ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 300-მა გუნდმა მიიღო. გასულ წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „სანტე“ და „თიბისი ბანკი“.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

მსგავსი ღონისძიებები