თამარ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ეკონომიკური განათლება აქვს და საკუთარი ბიზნესიც, მიაჩნია, რომ პროფესიულმა პროგრამამ „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) მისი საქმიანობა უფრო საინტერესო და აქტიური გახადა.
„8 წელია ვხელმძღვანელობ საკუთარ სარეკლამო სააგენტოს „თიჯი სტუდიო“, რომელიც აერთიანებს პოლიგრაფიულ/ბეჭდვით მომსახურებას, ბიზნესის და მარკეტინგის მიმართულებებს. გავხდი გიდების ასოციაციის წევრი. ვსაუბრობ 4 ენაზე, ვმუშაობ გიდად და ვაორგანიზებ კულტურულ ტურებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ., ჩართული ვარ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში. ამ პროცესში პროფესიულ პროგრამაზე სწავლისას მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება უზომოდ მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა თამარმა.
როგორც თამარ მელიამ განაცხადა, პროფესიული განათლება სწორედ ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილმა განაპირობა და ეს იყო გამიზნული ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს პროგრამის ხელმძღვანელის ანა რაზმაძის მიმართ, ვინც, მისივე თქმით, პროფესიულ ზრდასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარა.
“დღევანდელ საქმიანობაში, იქნება ეს ტურების დაგეგმვა, საზოგადოებრივი ან სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზება, ყოველთვის ვიყენებ თსუ-ში მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას. განსაკუთრებით მადგება გუნდის მართვასთან, ბიუჯეტირებასა და ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული ცოდნა, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი პროექტები გავხადო უფრო ეფექტური და ორგანიზებული”,-დასძინა თამარმა.