Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

ოსური ზღაპრების ახალი თარგმანები

6 თებერვალს, ქართულ-ოსურ ურთი-ერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თსუ-ში „ოსური ხალხური ზღაპრების“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის შემდგენელი და მთარგმნელია ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი, რედაქტორი კი გახლავთ ნინო პოპიაშვილი.
ოსური ზღაპრების შეკრება და გამოქვეყნება XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. ჯანტემირ და გაცირ შანაევების შეკრებილი ზღაპრები პირველად 1870 წელს დაიბეჭდა თბილისში, „კავკასიის მთიელთა შესახებ ცნობების კრებულში“. ოსური ზღაპრები იბეჭდებოდა XIX საუკუნის 80-90-იანი წლების რუსულ გაზეთებშიც („Терские ведомости“, „Казбег“, „Кавказ“, „Тифлисский листок“, „Новое обозрение“ და სხვ.), რომლებიც იმ დროს გამოდიოდა თბილისსა და ვლადიკავკაზში. ოსურ ზღაპრებს ხშირად ბეჭდავდნენ ქართული ჟურნალ-გაზეთები: „აკაკის კრებული“ (1890 წ.), „ივერია“ (1880-1890 წწ.), „დროება“ (1880 წ.), „ნობათი“ (1880 წ.). ოსური ზღაპრები ქვეყნდებოდა XX საუკუნის დასაწყისის ოსურ გაზეთებშიც. 
„ქართულ ენაზე ოსური ზღაპრების რამდენიმე კრებული არსებობს. მიუხედავად ამისა, ზღაპრების ერთი ნაწილი დღემდე ქართულად არასდროს თარგმნილა. კრებულში შეტანილია ოსური ზღაპრების ახალი თარგმანები, რომლებიც სპეციალურად ამ გამოცემისთვის შესრულდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზღაპრების უმეტესობა ოსური ენიდან ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ამით გრძელდება ის ფოლკლორულ-ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და ოცდამეერთე საუკუნეშიც თვითმყოფადი სათქმელით გრძელდება. 
 თითქმის ტრადიციად ვაქციეთ, რომ ოსური ზეპირსიტყვიერება ორ ენაზე გამოვცეთ - ოსურსა და ქართულ ენებზე. ამას თავისი მიზანდასახულობა აქვს: დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო ერთმანეთის ენაზე, ერთმანეთის კულტურულ მონაპოვარზე ერთნაირად ზრუნვა; ჩვენი ფასეულობების, ღირებულებების, ფოლკლორული საგანძურის ორივე ენაზე წარმოჩენით წიგნი ერთნაირად ძვირფასი გავხადეთ ქართველი და ოსი მკითხველისათვის, რაც თავისებურად ორივე ენის პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ფილოლოგიის დოქტორმა ნაირა ბეპიევმა. წიგნში წარმოდგენილი 31 ოსური ხალხური ზღაპარი ყველა მისი თარგმნილია.
ოსური ზღაპრების ილუსტრაციაზე იმუშავეს ქართველმა და ოსმა თანამედროვე მხატვრებმა: ლევან სილაგაძემ, დავით პოპიაშვილმა, მეგი თედეიშვილმა, ვადიმ ფუხათიმ, ასევე, ახალგაზრდა გერმანელმა მხატვარმა ნინა ზიგერმა.
სახალხო დიპლომატიის საუკეთესო მაგალითი უწოდა ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრში საზოგადოებისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება. ეს ცენტრი აქცენტებს სვამს ზუსტად იმ კუთხით, რაზეც მეტი ინტენსივობით უნდა ვილაპარაკოთ. ეს არის გამოყენება იმ კავშირებისა, რაც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ამ ზღაპრებს ბევრი მკითხველი ეყოლება“, –  განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ოსური კულტურის პოპულარიზაციაში გაწეული ღვაწლისთვის დიდი მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა ზღაპრების მთარგმნელს და შემდგენელს ნაირა ბეპიევს. როგორც მან აღნიშნა, ქალბატონი ნაირა ხმალამოღებული იბრძვის ქართველ და ოს ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად.
„ოსური ხალხური ზღაპრების“ ასეთი გამოცემა ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს ზღაპრები ეკუთვნით ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოზარდებს, რომლებიც თვითონ წაიკითხავენ და გაეცნობიან იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ზღაპრებშია მოთხრობილი. ოსი ხალხის მხატვრული აზროვნება, ხანგრძლივი ცხოვრებისეული გამოცდილება და კულტურული იდენტობა ყველაზე მკაფიოდ სწორედ ფოლკლორულ შემოქმედებაში გამოვლინდა“, - განაცხადა წიგნის რედაქტორმა ნინო პოპიაშვილმა. 
 წიგნის პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა: აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, პროფესორებმა - ხვთისო მამისიმედიშვილმა, თემურ გვიმრაძემ, ნოდარ შოშიტაშვილმა, რეჟისორმა თამარ ხიზანიშვილმა, მწერალმა მზია ხეთაგურმა, ცხინვალის I საშუალო სკოლის მასწავლებელმა თამარ ბურაშვილმა თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთხმად აღნიშნეს წიგნის ავტორის - ნაირა ბეპიევის დიდი დამსახურება ოსური კულტურის, ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობების აღდგენისთვის ბრძოლის საქმეში. 
წიგნი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.
პრეზენტაცია მუსიკალურად გააფორმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ნართებმა“ (ხელმძღვანელი: დავით ელბაქიძე).

 


 

 

ჟურნალისტური და აკადემიური მიდგომებით მიკვლეული სიახლეები ივანე ბერიტაშვილზე

თსუ-ის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელ მეცნიერებზე პუბლიცისტური ნარკვევების სერიის გამოცემას განაგრძობს. ამჯერად, გაზეთის რედაქტორის ნინო კაკულიასა და პროფესორ მერაბ ცაგარელის ავტორობით ივანე ბერიტაშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პუბლიცისტური ნარკვევი გამოიცა. „უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე/ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, სადაც მკითხველი ჟურნალისტისა და პროფესორის თვალით დანახულ დიდი მეცნიერის ,,პროფილს“” გაეცნობა. უნივერსიტეტის დამაარსებლებზე, ქართული სამეცნიერო სკოლების ფუძემდებლებზე რომ კიდევ ბევრი ფაქტი არ იცის საზოგადოებამ, ამას ივანე ბერიტაშვილის შესახებ დაწერილი ახალი პუბლიცისტური ნარკვევიც ადასტურებს. წიგნში ასახულია ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობითა და აკადემიური მიდგომით მიკვლეული სიახლეები მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ივანე ბერიტაშვილზე მოსმენილი ფაქტები იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას და ქართველი მეცნიერის ისტორიის ცოცხალი მატარებლები არიან - მთავარია სწორად შერჩეული დრო, კითხვა და კითხვის ადრესატი. 
„ჩვენი მიზანი წარსული მაგალითების დაფასება, გაცოცხლება და მომავალი თაობებისთვის ამ მაგალითების წარმოჩენის საშუალებით წარმატებული ცხოვრების გაგრძელებისთვის ხელშეწყობის ცდაა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში მობინადრე ეს კეთილი მისია ემსახურება სხვისი გამოცდილების გააზრებით სწავლებას, რათა კვლავაც განმეორდნენ, ამ შემთხვევაში, ივანე ბერიტაშვილის მსგავსი სწავლულნი, მეცნიერები...
მეცნიერის ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხები ასეთია: ვინ იყო მეორე ივანე? რა ოჯახში გაიზრდა და ცხოვრობდა? რატომ ცდილობდა ბევრი მასწავლებელი ხელი გაემართა სამოსელშემოგლეჯილი, მაგრამ იშვიათად ბეჯითი ვეჯინელი მოსწავლისთვის? რატომ გაუჩნდა შემდგომში უკვე სემინარიელ ბერიტაშვილს რევოლუციური მიდრეკილებები და რატომ გაიტაცა პოლიტიკამ? როდიდან დაინტერესდა ფიზიოლოგიით? უმაღლესი განათლება სანკტ-პეტერბურგში და პირველი სერიოზული ნაბიჯები... ივანე ჯავახიშვილისგან მიწვევა და ფიზიოლოგიური სკოლის დაარსება ახლად გახსნილ უნივერსიტეტში. შემდგომ უკვე ბერიტაშვილის მიერ დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტიტუტი და შორს გავარდნილი მისი სახელი... ამ თემების პარალელურად წიგნში პასუხებია კითხვებზე - როგორ აუკრძალეს „ანტიპავლოვისტად“ შერაცხულ ივანე ბერიტაშვილს სამეცნიერო მოღვაწეობა. ვინ იყო ბერიტაშვილის წინააღმდეგ შეთქმულების მოთავე „შვიდკაცა“? იმსახურებდა თუ არა ნობელის პრემიას ივანე ბერიტაშვილი - რატომ და როდის დაისვა ეს საკითხი? რატომ მოექცა სრულ იზოლაციაში მეცნიერი და ვის უზიარებდა თავის გულისტკივილს? მიუხედავად იზოლაციისა, როგორ გაიცნეს მსოფლიოში განთქმულმა ფიზიოლოგებმა ივანე ბერიტაშვილი და რა შეფასებებს უძღვნიდნენ ქართველ მკვლევარს? 
წიგნი, რომელიც ივანე ბერიტაშვილს ეძღვნება, მეცნიერისა და მოღვაწის უცნობ თავგადასავლებსაც და ამ თავგადასავლების მიმართ ფიზიოლოგის დამოკიდებულების თაობაზე ამბებსაც მოიცავს: რატომ არ უყვარდა სტუმრად სიარული? რა სიზმრებს ნახულობდა ხშირად და რა იმალებოდა ფიზიოლოგის ქვეცნობიერში? რა რეაქცია ჰქონდა, როცა წვერებცანცარას ეძახდნენ? რამდენად გულჩვილი იყო მეცნიერი, რომლის უკმეხობაზეც პარალელურად ბევრს საუბრობდნენ - ამ ამბების გარდა, წიგნში შესულია ივანე ბერიტაშვილის ბიოგრაფად ცნობილი პროფესორის მერაბ ცაგარელის მიერ გადმოცემით მოპოვებული თუ შეგროვებული მასალა, რომელიც მეცნიერის შესახებ მრავალფეროვან ცხოვრებისეულ ნიუანსებს შეიცავს. მაგალითად, როგორ დაუგო მახე სტალინმა ახალგაზრდობაში ივანე ბერიტაშვილს? რა თემაზე სასაუბროდ შეხვდა მეცნიერი ლავრენტი ბერიას? რა დამოკიდებულება ჰქონდა ე.წ. ცეკას დირექტორებისადმი მეცნიერს, რომელმაც საბჭოთა ეპოქის ყველა ხელმძღვანელ პირს სწორედ რომ ,,ცეკას დირექტორები“ შეარქვა. 
ცნობილია, რომ ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ვეჯინშია, სდაც მეცნიერი დაიბადა, თუმცა მისი მუზეუმი თბილისშიც იყო - მის საცხოვრებელ სახლში. წიგნში მოძებნით საგანგაშო პასუხს კითხვაზე - რატომ გაუქმდა მუზეუმი თბილისში?
როგორი ბაბუა იყო ივანე ბერიტაშვილი? - ამ აქცენტით ვამახვილებთ ყურადღებას ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილის - დავით ბერიტაშვილის მოგონებებზე,“ - აღნიშნა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ წიგნის - „უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე/ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა“ - წარდგენისას.

* * *
უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია 6 თებერვალს გაიმართა. ამ ღონისძიებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლის საიუბილეო კვირეული გაიხსნა. 
„ჩემთვის სასიამოვნო იყო ქალბატონ ნინოსთან ერთად მუშაობა. მე შევეცადე აკადემიური ხაზი შემენარჩუნებინა, ქალბატონ ნინოს, როგორც ჟურნალისტს, ბატონი ივანე ბერიტაშვილის პიროვნული თვისებები, მისი ცხოვრებიდან სახასიათო მომენტები აინტერესებდა, რაც მან წიგნში ბრწყინვალედ წარმოაჩინა და მკითხველი ამაში თავად დარწმუნდება. 
წიგნის პრეზენტაციას ესწრება ბატონი ივანეს 4 მოსწავლე - ბატონი გურამ ბექაია, ასევე, ნინელი სხირტლაძე, რომელიც, როგორც ინგლისური ენის სპეციალისტი, მთელი ცხოვრება ბატონ ივანესთან მუშაობდა და მას კიდევ არაერთი საინტერესო ისტორიის გახსენება შეუძლია. ასევე, აქ არიან ქალბატონი ნანა სიხარულიძე და ბატონი ომარ ახმეტელაშვილი, რომლებიც ივანე ბერიტაშვილის ასპირანტები გახლდნენ და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ერთად გავიხსენეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და კორიფე ივანე ბერიტაშვილი“, - განაცხადა პროფესორმა მერაბ ცაგარელმა.
წიგნის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი გურამ ბექაია და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 
„მნიშვნელოვანია ასეთი სახის გამოცემების არსებობა, რადგან ახალი თაობა უნდა იცნობდეს იმ დიდ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს და განავითარეს პირველი ქართული უნივერსიტეტი. აუცილებელია იმის გააზრება, თუ რამდენად დიდი როლი აქვს მეცნიერებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამეცნიერო მიდგომებს განათლების მიღების ყველა საფეხურზე,“ - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა: „ქართველებს გვიყვარს აღმატებით ხარისხში წარსულზე საუბარი, თუმცა დღეს გამონაკლისი შემთხვევაა - ივანე ბერიტაშვილი რეალურად გამორჩეული პიროვნებაა, რომლემაც სწავლისადმი განსაკუთრებული ჟინით და მეცნიერული ცნობისმოყვარეობით საქართველოში ფიზიოლოგიისა და, კონკრეტულად, ნეიროფიზიოლოგიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. მოხარული ვართ, რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში მომზადებული ბატონ ივანესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას ვმასპინძლობთ. ის არის მეცნიერი, რომელმაც საქართველოს სახელი საბჭოთა „რკინის ფარდის“ მიღმა გაიტანა და იმ პერიოდში, როდესაც დედამიწის 1/6 მსოფლიოსთვის დაფარული იყო, ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. ამ ახალ ბიოგრაფიულ ნაშრომში კარგად არის ივანე ბერიტაშვილის პიროვნება წარმოჩენილი, ადამიანისა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის გვერდით იდგა და რომელთა მოღვაწეობაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ღირსების ჩამოყალიბების კონტექსტში,“ - აღნიშნა ვიცე-რექტორმა.

* * *
წიგნი შეაფასა ივანე ბერიტაშვილის მოსწავლემ, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა გურამ ბექაიამ: „ივანე ბერიტაშვილი პირველი ქართველია, რომელსაც მსოფლიო ფიზიოლოგთა პატრიარქი უწოდეს 1958 წელს გამართულ მსოფლიო ფიზიოლოგთა კონგრესზე. მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი სახელგანთქმული ადამიანის შესახებ ახალი წიგნი იწერება. ამ გამოცემაში სრულიად ახალი, გამოუქვეყნებელი მასალებია შესული. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქალბატონ ნინოს წვლილი, რადგან წიგნი გამართული ქართულით, კარგი ენით არის დაწერილი.“

* * *
ივანე ბერიტაშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო თსუ-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მეცნიერის შესახებ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა. ფილმი რეჟისორმა არჩილ შუბაშვილმა და ჟურნალისტმა ბესიკ გაფრინდაშვილმა მოამზადეს. მთხრობელის როლი რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა შეითავსა. დოკუმენტური ფილმი „უნივერსიტეტის დამაარსებლების“ ციკლის ფარგლებში მომზადდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთმა მოსწავლემ, ფიზიოლოგიის კათედრის ყოფილმა დოცენტმა ომარ ახმეტელაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მეცნიერის ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტო-არქივის გადაცემა დააანონსა, სადაც ერთ-ერთ ფოტოზე ოქსფორდის უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო ყრილობის 1000-მდე მეცნიერია აღბეჭდილი; მათ შორის, საპატიო ადგილი, სამეცნიერო დამსახურების გამო, ივანე ბერიტაშვილს უჭირავს.