Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის SMART|EDM ლაბორატორიის ახალი მიღწევა

ჩვენი ჯგუფის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს ექსპერიმენტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის - პოლარიმეტრის აგება, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ექსპერიმენტის საბოლოო სიგნალის დაფიქსირება. პოლარიმეტრი მოიცავს სამიზნის ნაწილს, რომელზეც გაიბნევა სპეციალურ პირობებში მომზადებული ამაჩქარებლის დამუხტული ნაწილაკების ნაკადი და ასევე მოიცავს დეტექტორულ ნაწილს, რომელმაც უნდა მოახდინოს ამ გაბნეული ნაწილაკების დეტექტირება, რათა შემდგომ შევძლოთ გაბნევის პარამეტრების შესწავლა.
პოლარიმეტრის დეტექტორის შემადგენელი ფოტომგრძნობიარე ელემენტების (სილიციუმის ფოტოგამამრავლებლები) ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიაში შეიქმნა მაღალი ძაბვის მრავალარხიანი კვების წყარო, რომელიც, ექსპერიმენტის განსაკუთრებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და გააჩნია გარკვეული სპეციფიკური ფუნქციები. ეს კვების წყარო დაახლოებით ერთი წლის წინ აიგო და უკვე რამდენიმე ექსპერიმენტში წარმატებით გამოიცადა იულიხში. 
ამავე ლაბორატორიაში ხდება პოლარიმეტრის დეტექტორიდან წამოსული მონაცემების შეგროვებისა და რეალურ დროში (სწრაფი) ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაც. უკვე არსებობს მუშა ვერსია, რომლის გამოყენებაც ხდება საცდელ ექსპერიმენტებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სწრაფი ანალიზის სიჩქარის ოპტიმიზაცია და, ასევე, პოლარიმეტრის დეტექტორის სრულყოფის პარალელურად სხვადასხვა ფუნქციების დამატება. ისეთი სამუშაოები, როგორიცაა მექანიკური აგება, ნელი კონტროლისა და უზრუნველყოფის გარკვეული სისტემების შექმნა, ხდება იულიხში. ხოლო მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე, კვების წყაროს და მისი კონტროლისა და მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დახვეწა ხდება თსუ-ის SMART|EDM ლაბორატორიაში. შემდეგ ეს ყველაფერი იკრიბება და დგება საცდელი ექსპერიმენტები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობს ქართული ჯგუფის ყველა წევრი.
თავდაპირველად, პოლარიმეტრის საცდელი ექსპერიმენტები ტარდებოდა COSY ამაჩქარებლის გამოყვანილ ნაკადზე, ხოლო 2019 წელს მოხდა ჩვენი დეტექტორის ჩადგმა ამაჩქარებლის რგოლში და ოქტომბრის თვეში წარმატებით ჩააბარა „გამოცდა“ შიდა ნაკადზე დაყენებულ ექსპერიმენტში  - რეალურ სტრესულ (მაგალითად, მაღალი ინტენსივობით გამოწვეული რადიაცია, თვლის ბევრად მაღალი სიჩქარე) პირობებში. ეს იყო პირველი სერიოზული გამოწვევა, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და ვთვლით, რომ ამ წარმატებაში ჩვენს ლაბორატორიას დიდი წვლილი მიუძღვის.
უნდა გითხრათ, რომ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოებში სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დიტო შერგელაშვილი (თსუ-ის დოქტორანტი, რომელიც მალე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს) და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ ჯავახიშვილი (ლაბორატორიაში შეასრულა სამაგისტრო სამუშაო პოლარიმეტრის კვების წყაროზე და ახლა ასრულებს სადოქტორო სამუშაოს სამიზნის ნაწილზე იულიხში). ამავე საქმიანობაში არიან ჩართულნი თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლები: მირიან ტაბიძე, ნოდარ ლომიძე, მიხეილ ნიორაძე და გოგი მაჭარაშვილი. სწორედ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში ხდება დეტექტორიდან შეგროვებული მონაცემების ე.წ. „ოფლაინ“ ანალიზი, რაც გულისხმობს ექსპერიმენტის ჩატარების შემდგომ ეტაპზე მონაცემების დეტალურ ანალიზს. მონაცემთა ანალიზის გარდა, ასევე, კეთდება მონტე კარლო სიმულაციები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი ახალი დეტექტორის შემუშავების პროცესში. სიმულაცია გვაძლევს საშუალებას, რომ აგებამდე მოვახერხოთ გარკვეული პარამეტრების შეფასება და დეტექტორის ოპტიმიზირება. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს გოგი მაჭარაშვილი. ამავე თემატიკაზე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ აბულაძემ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი პროფ. ზაზა მეტრეველის თანახელმძღვანელობით.
ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული სტუდენტისათვის საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებიდან, რომელშიც შედის თსუ, ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი. აღნიშნული კვლევების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ უნივერსიტეტების სტუდენტები, ძირითადად სამაგისტრო საფეხურიდან. ისინი ლაბორატორიაში სხვადასხვა თემაზე მუშაობდნენ და მივლინებით იულიხშიც იმყოფებოდნენ საცდელ ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად. 
უნდა აღინიშნოს, რომ SMART|EDM ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს როგორც იულიხის კვლევითი ცენტრი, ასევე, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სპეციალური მიზნობრივი სამეცნიერო გრანტის „ელექტრული დიპოლური მომენტების ძიება დამაგროვებელი რგოლების გამოყენებით“ (04/01)“ ფარგლებში.