Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში

24-25 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: „ევროკავშირის სწავლა, სწავლება და კვლევა თეორიასა და პრაქტიკაში.“ ინსტიტუტმა კონფერენცია ევროპის დღის საზეიმოდ აღნიშვნისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შვიდი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაუკავშირა. 

ჟან მონეს პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბატონი გიორგი შარვაშიძის მისასალმებელი სიტყვით, სადაც მან ხაზი გაუსვა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და მიმდინარე ჟან მონეს პროექტის მნიშვნელობას უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სწავლების და კვლევის განვითარების საქმეში. მან აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტის უნივერსიტეტის ფარგლებში დაარსება არ იყო შემთხვევითი არჩევანი, რადგან თსუ, როგორც რეგიონში უძველესი, უდიდესი გამოცდილების და შესაძლებლობების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საუკეთესო სივრცეა ევროპისმცოდნეობის დარგის გასავითარებლად და საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების გასავრცელებლად.  რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ინსტიტუტი მომავალშიც სრულ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისგან, ხოლო დაგეგმილი კონფერენციები ვირტუალური სივრციდან კვლავ უნივერსიტეტის კედლებში გადაინაცვლებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ და პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადეს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულება ანდრიუს კალინდრამ, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს თანამშრომლობის საკითხების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა და კონრად ადენაურის ფონდის რეგიონული პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ ხელმძღვანელმა ტომას შრაპელმა.  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, პროფესორები დანიელა ურსე, კონსტანტინე კორკელია, ვასილ კაჭარავა.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ოთხ თემატურ პანელს აერთიანებდა. კონფერენციას მოდერაციას უწევდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და ჟან მონეს პროექტის ავტორი ნინო ლაპიაშვილი. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური. პირველი სექცია მიეძღვნა პოსტ-საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ტრანსფორმაციას, ევროკავშირის როლს სამშვიდობო პოლიტიკაში, ჰიბრიდული ომის გამოწვევებს და საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე ევროკავშირის როლისა და გავლენის შეფასების საკითხებს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მომავალს. პანელის მომხსენებლები იყვნენ ჰუმბოლტ-ვიადრინას ადამიანის უფლებების მართვის ცენტრის პროგრამის დირექტორი და ყირგიზეთის რესპუბლიკაში OSCE აკადემიის DAAD-ის ასოცირებული პროფ. ანია მირი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მისი აღმატებულება მარეკ შიგელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ქოჩორაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს უფროსი ბიძინა ჯავახიშვილი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი და საქართველოს პარლამენტის წევრები -  ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ვაშაძე.

მეორე სექცია დაეთმო ასოცირების შეთანხმების გავლენის საკითხების განხილვას საქართველოსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონზე. სექციის მომხსენებლები იყვნენ გენტის ევროკავშირის სამართლის ინსტიტუტის პროფესორი პეტერ ვან ელსუვეგე, კიევ-მოჰილას აკადემიის პროფესორი რომან პეტროვი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ადამ ლაზოვსკი, საქართველოში ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი ხატია ბუხრაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის პირველი ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუნძაყიშვილი და კომპანიის შპს „თიანეთი“ მმართველი დირექტორი, ამერიკელი ინვესორტი საქართველოში სარა ჰანნა. ამავე სექციაზე ხელი მოეწერა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმის გაფორმების  შესახებ განზრახულობათა ოქმს.

კონფერენციის მეორე დღეს თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თორნიკე ნოზაძე მიესალმენ კონფერენციის მონაწილეებს, სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატება უსურვეს პროგრამას. ღონისძიების მეორე დღე დაეთმო ევროპისმცოდნეობის სწავლა-სწავლების და კვლევის საკითხებს. კერძოდ, მესამე სექციაზე განხილულ იქნა ინტერნაციონალიზაცია და უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი, სადაც მომხსენებლები იყვნენ  ვარშავის კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტის პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამის განვითარების საკითხებში მრჩეველი, პროგრამის გარე შემფასებელი ქერი ლონგჰურსტი, ერასმუს+ ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თვინინგ პროექტის მრჩეველი კაი ეტზოლდი, თსუ-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა, CENN პროექტის მენეჯერი მარიამ ხერგიანი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი.

 

მეოთხე სექცია მიეძღვნა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA-ის ევროპისცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ძირითად კურიკულუმში ინტეგრირების საკითხებს, ასევე, იმ გამოწვევებს, რომელთაც საქართველო აწყდება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესში. პირველ ნაწილში, თემატურ პანელზე განიხილეს ევროკავშირის კონკურენციის სამართლის პოპულარიზაციის საკითხი. სექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა. კონკურენციის სამართლის შესახებ თემატური სექციის მომხსენებელი იყო ბელფასტის ქვინს უნივერსიტეტის პროფესორი მარეკ მარტინიშინი, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს მისი ახალი პუბლიკაცია გააცნო. ხოლო დისკუსანტები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი და ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის კონკურენციის განყოფილების თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი სასწავლო პროგრამების კურიკულუმების განვითარების საკითხებზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური პერსონალისა და კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო აუდიტორიის რჩევებისა და რეკომენდაციების განხილვას დაეთმო, რის შემდეგაც, ჟან მონეს პროექტის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მიმართვით ოფიციალურად დაიხურა.

 აღსანიშნავია, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტის საზეიმო პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა 2021 წლის 12 ივნისს გაიმართა. პროექტის ფარგლებში სულ ოთხი საერთაშორისო კონფერენცია და შვიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ხოლო პროექტი დასრულდება ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის შედეგების წარდგენით.