Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შ. ერისთავის 2025 წლის 17 იანვრის N523/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების (HR) მიმართულებით.

გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

4. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-ს, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა (პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: თსუ წესდება, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, თსუ ეთიკის კოდექსი).

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) წარმართოს დეპარტამენტის საქმიანობა;

ბ) წარმოადგინოს დეპარტამენტი დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხი აგოს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

გ) გაანაწილოს მოვალეობები დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, მათთვის გასცეს მითითებები და დავალებები;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დაავიზოს და ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები და დოკუმენტები;

ე) წარუდგენოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში;

ვ) უხელმძღვანელოს დეპარტამენტის მოკლე (1 წლიანი) და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას უნივერსიტეტის მიმდინარე და სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე;

ზ) წარმოადგინოს დეპარტამენტი უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, საგანმანათლებლო ერთეულებთან/ინსტიტუტებთან და სხვა სამსახურებთან;

თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები პერსონალის დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ი) წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების რაოდენობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) კოორდინაცია გაუწიოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული რეგულაციების საფუძველზე პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის იმპლემენტაციასა და შეფასებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;

ლ) მოითხოვს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისაგან დეპარტამენტის მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია;

მ) განხორციელოს პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციები და დავალებები.

7. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 22 იანვრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი“.

10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 თებერვლისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი