Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2025-10-29
Beginning 14:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

 

 29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ენათმეცნიერისა და ლექსიკოლოგის კიტა ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

 

2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული ძმების აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივი გადაეცა, რომელიც დღეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება. გასულ წლებში თსუ ბიბლიოთეკამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო საქმეთა პირველ მინისტრსა და ელჩს საფრანგეთში აკაკი ჩხენკელს, არქივის საფუძველზე, რამდენიმე გამოცემა მიუძღვნა; მათ შორის მისი საქმიანი კორესპონდენციის კრებული და მისი პირადი დღიურების ორი ტომი.

 

2025 წელს, იმავე არქივის საფუძველზე, თსუ ბიბლიოთეკამ აკაკი ჩხენკელის ძმის, ქართველი ენათმეცნიერისა და ლექსიკოლოგის, კიტა ჩხენკელის მიერ გაგზავნილი და მიღებული წერილები შეკრიბა და ისინი ერთ წიგნად გამოსცა, რომლის სათაურადაც კიტა ჩხენკელის პირადი წერილებიდანვე ამოღებული ფრაზა – „ქართული ენის ხათრით“ - შეირჩა.

 

კიტა ჩხენკელი იმ ახალგაზრდებს შორის იყო, რომელიც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხანმოკლე არსებობის პერიოდში ევროპაში გაგზავნა განათლების მისაღებად. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კიტა ევროპაში დარჩა და 1936 წელს ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტეკონომიის მიმართულებით. ჰამბურგშივე დაიწყო კიტა ჩხენკელმა საუნივერსიტეტო დონეზე უცხოელი სტუდენტებისთვის ქართული ენის სწავლება და ამ პერიოდიდანვე მუშაობდა ქართული ენის სახელმძღვანელოზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ქართულის სწავლაში დაეხმარებოდა. 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვისას ჩხენკელის გამოუქვეყნებელი ნაშრომები განადგურდა, რის შემდეგაც შვეიცარიაში გაემგზავრა და ციურიხის უნივერსიტეტში გააგრძელა ჰამბურგში დაწყებული საქმე. აქ შვეიცარიელი სტუდენტების დახმარებით, მოახერხა თავისი მრავალწლიანი იდეის ხორცშესხმა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად 1958 წელს გერმანულ ენაზე ორ ტომად გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო, რასაც 1960 წლიდან მის მიერ შედგენილი ქართულ-გერმანული ლექსიკონის ნაკვეთები მოჰყვა. 1961 წელს კიტა ჩხენკელი ციურიხის უნივერსიტეტმა ქართული ენის პოპულარიზაციისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გაწეული შრომისთვის საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვა.

კიტა ჩხენკელის ცხოვრების სწორედ ამ ყველაზე ნაყოფიერ და საინტერესო პერიოდს ასახავს წინამდებარე წიგნი. წერილების გაცნობით მკითხველი უშუალოდ ავტორისგან იგებს ნაშრომებზე მუშაობის დეტალებსა და ნიუანსებს; საქართველოსგან შორს ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე ზრუნვის მოტივებს, ავტორის ოცნებებსა და განცდებს. ამ პროცესში კიტა ჩხენკელს მიმოწერა ჰქონდა ქართული პოლიტიკური თუ კულტურული ემიგრაციის ისეთ სახელოვან წარმომადგენლებთან, როგორიც იყვნენ ვიქტორ ნოზაძე, გრიგოლ რობაქიძე, კალისტრატე და ნინო სალიები, თამარ და აკაკი პაპავები და სხვანი. წიგნშივეა კიტა ჩხენკელის მიმოწერა უცხოელ კოლეგებთან. ხსენებული წერილები სპეციალურად ამ გამოცემისთვის ითარგმნა გერმანულიდან, ფრანგულიდან და რუსულიდან. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: კიტა ჩხენკელისთვის გაგზავნილი წერილებისა და კიტას მიერ დაწერილი ბარათებისგან. დოკუმენტები ქრონოლოგიურადაა დალაგებული. პირველი წერილი 1944 წლით თარიღდება, ბოლო კი 1963 წელსაა დაწერილი.

 

გამოცემა შპს „საქართველოს ფოსტის“ და ააიპ „გაერთიანებული საფოსტო კაშირის“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

პრეზენტაციის გამართვის დრო: 29 ოქტომბერი, __ საათი

Related events