ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თსუ-ის მუზეუმი აწყობს გამოფენას. ექსპოზიციაზე ყურადღება გამახვილდება უნივერსიტეტის ისტორიის ფონდში დაცულ ფოტოებსა და ხელნაწერებზე.
ექსპონატთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დამთვალიერებელი პირველად იხილავს ზაზა ალექსიძის მოხსენების ტექსტს, რომელითაც იგი 1978 წლის 14 აპრილს გამართულ ენის რეფორმასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წარსდგა.
დამთვალიერებელი გაეცნობა ივანე ჯავახიშვილისა და დავით კანდელაკის დოკუმენტებს ქართული ენის მნიშვნელობის თაობაზე. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე: იოსებ ყიფშიძის, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძის, იუსტინე აბულაძის ჩანაწერები ქართული ენისა და ანბანის ისტორიის შესახებ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა საპროტესტო განცხადება, 1978 წლის 14 აპრილით დათარიღებული, რომელსაც თან ერთვის ხელმოწერები.
გარდა ამისა წარმოდგენილი იქნება: ელენე ახვლედიანის ნამუშევრები, ქართული ანბანის მიხედვით შექმნილი საზედაო ასოები, ქართული პალეოგრაფიული ძეგლის მულაჟი, ფოტოები და მემორიალური ნივთები.
ღონისძიების თანაორგანიზატორია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.