`საქართველოს რადიოს ისტორია~ მომზადდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ესაა პირველი მონოგრაფიული ნაშრომი საქართველოს რადიოს ისტორიაზე და მოიცავს მთელ მის საქმიანობას დაარსებიდან 2004 წლის ბოლომდე, როცა იგი სახელმწიფო სტრუქტურიდან საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა. ნაშრომი ემყარება დიდძალ საარქივო მასალასა და რადიოს ფონდში დაცულ აუდიოჩანაწერებს, რადიოპრესის ცნობებს, ამ სფეროზე არსებულ პუბლიკაციებს, რადიოს ვეტერანთა მოგონებებს, თვითონ ავტორთა ერთი ნაწილის რადიოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას.
ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლეს სასწავლებლებში `ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის~ კურსის შესწავლისას, ასევე შეიძლება გამოადგეს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებსა და რადიომაუწყებლობის პრაქტიკოს მუშაკებს. მასში, ალბათ, სათანადო მასალა მოიძებნება მათთვისაც, ვინც დაინტერესებულია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების, კულტურისა და ხელოვნების უახლესი ისტორიის საკითხებით.