თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, დიმიტრი უზნაძე საქართველოში ფსიქოლოგიისა და განათლების დარგების ფუძემდებელია. 1918 წელს, უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა ფსიქოლოგიის კათედრა, ხოლო 1919 წელს - "საპედაგოგო ინსტიტუტი". 1923 წლიდან ამოქმედდა ფსიქოლოგიური ლაბორატორია, 1922 წელს კი, ახლადშექმნილი პედაგოგიური ფაკულტეტის ფარგლებში, გაიხსნა პედაგოგიკის ზოგადსაუნივერსიტეტო კათედრა, რომელიც უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს ემსახურებოდა. დროთა განმავლობაში უნივერსიტეტში ეს ორი დარგი ფუნქციონირებდა სხვადასხვა ფაკულტეტის შემადგენლობაში ან დამოუკიდებელი ფაკულტეტის სახით (ფსიქოლოგია 1990 წლიდან). საბოლოოდ, 2014 წლის ოქტომბერში ფსიქოლოგიის მიმართულება გამოეყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ხოლო პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს. მათი გაერთიანებით შეიქმნა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამივე დონეზე სწავლობს 2400-ზე მეტი სტუდენტი. მათ განათლებას ემსახურება 60-მდე პროფესორი. ფაკულტეტზე ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა ფსიქოლოგიისა და განათლების მიმართულებით, მათ შორის, 2 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, 2 ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, Minor პროგრამა ფსიქოლოგიაში, მასწავლებლის მომზადების პროგრამა და 20-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა.