აბაკალავრო პროგრამის დასახელება: კულტურის კვლევები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კულტურის კვლევების ბაკალავრი
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნინო ჩიქოვანი
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების საბაკალავრო პროგრამა კომპლექსურად შეისწავლის კულტურის ფენომენს, კულტურის კვლევებში გამოყენებულ ძირითად ცნებებსა და კატეგორიებს, სკოლებსა და მიმდინარეობებს, რომელთა წარმომადგენლებმა სათავე დაუდეს კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებას კვლევის ცალკე დარგად, კულტურის ემპირიული კვლევის მეთოდებს. სტუდენტი ეუფლება კულტურის ფენომენისადმი ინტერდისციპლინური მიდგომის, ემპირიული მასალის თავმოყრისა და ანალიზის უნარ-ჩვევებს.
პროგრამის მიზანია, კულტურის კვლევების სფეროში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე, მოამზადოს სპეციალისტი, აღჭურვილი იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რომლებითაც ის კონკურენტუნარიანი იქნება შრომის ბაზარზე.
პროგრამა აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს და ავითარებს მათ ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით. იგი მიზნად ისახავს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას, კერძოდ, კულტურული მრავალფეროვნების პოზიტიური აღქმის ხელშეწყობას, კულტურათაშორისი დიალოგის პრინციპების დამკვიდრებას, რაც გულისხმობს სხვა კულტურების გაცნობას, კულტურათაშორისი განსხვავებების გაცნობიერებას, განსხვავებულის პატივისცემას; სტერეოტიპების, ქსენოფობიის და რასიზმის პრევენციას; მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ორიენტაციის, წარმატებული კომუნიკაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: სალექციო და სასემინარო მუშაობისათვის განსაზღვრული თეორიული და ემპირიული მასალის ათვისების საფუძველზე, ბაკალავრი ფლობს საბაზისო ცოდნას კულტურის მეცნიერებებში, კულტურის ფენომენის მეცნიერული ანალიზის საწყისებს, აქვს წარმოდგენა კულტურის ფენომენის კვლევის ინტერდისციპლინურ ხასიათზე, იცნობს ძირითად პრობლემებს და განვითარების ტენდენციებს კულტურის მეცნიერებებში, აქვს კულტურული ფაქტებისა და მოვლენების კონტექსტუალიზაციის უნარი. ამ ცოდნას იგი იყენებს პროფესიულ სფეროში მუშაობის პროცესში. ის დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: შეძენილი ცოდნა პროგრამის კურსდამთავრებულს უყალიბებს ემპირიული მასალის კრიტიკული ანალიზისა და ინტერპრეტაციის, ლიტერატურის მოძიების, სისტემატიზაციის, ზეპირი და წერილობითი ფორმით მუშაობის შედეგების პრეზენტაციის უნარს, რომელიც აუცილებელია დასაქმებისა და წარმატებული საქმიანობისათვის. პროგრამის გავლის შედეგად შეძენილი უნარ-ჩვევები კურსდამთავრებულს აძლევს მულტიკულტურულ გარემოში დასაქმებისა და სწავლის შესაძლებლობას.
კომუნიკაციის უნარი: კულტურის კვლევების ბაკალავრს შეუძლია სხვადასხვა ტიპის პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, ეფექტური ურთიერთობა სასწავლო თუ სამუშაო ჯგუფში.
დასკვნის უნარი: კულტურის კვლევების ბაკალავრს შეუძლია კულტურის ფენომენთან დაკავშირებული ემპირიული მონაცემების შეგროვება, განმარტება და ანალიზი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტირება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს კულტურის კვლევების პრობლემატიკის სინქრონული და დიაქრონული ხედვის უნარი; სიტუაციაში ადაპტირებისა და, მინიმალური დახმარების პირობებში, მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
სწავლის უნარი: კულტურის კვლევების ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაო გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების მოძიება და გამოყენება. მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, მისი თანმიმდევრული და მრავალმხრივი შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების დამოუკიდებლად სრულყოფა პრაქტიკული საქმიანობის პროცესში; დამოუკიდებელი მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად; სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობით ცოდნის განახლება; მას აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: კულტურის კვლევების ბაკალავრს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა, აკადემიური და ეთიკური ნორმები; იცავს ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას; აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული აზრის, განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების პატივისცემა; პატივს სცემს დემოკრატიულ ფასეულობებს.
დასაქმების სფეროები
კულტურის მეცნიერებათა ძირითადი სპეციალობის მქონეს შესაძლებლობა ექნება, იმუშაოს იმ სასწავლო, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებში, რომელთა ინტერესის სფეროს კულტურის ფენომენი წარმოადგენს. იგი შეიძლება დასაქმდეს არქივებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მასმედიაში, კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებში, ითანამშრომლოს კულტურულ-ისტორიული მიმართულების ექსპედიციებთან.