პროგრამის სახელწოდება
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამის ავტორები:
თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
კვალიფიკაციას არ ანიჭებს
სწავლების ენა
ქართული
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია პროფესიონალი მასწავლებლის მომზადება, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიური დარგობრივი კომპეტენციებით, რაც მას საშუალებას მისცემს, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს შეუქმნას ადეკვატური სწავლა-სწავლების შესაფერისი გარემო.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამა ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ზოგადი განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს სათანადო კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარების მქონე პირთა მომზადებას, რომლებიც სრულად აცნობიერებენ სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და შეუძლიათ არსებული გამოწვევების ფონზე საუკეთესო გამოსავლის მოძიება, დასახული საგანმანათლებლო მიზნების მიღწევა.
პროგრამა ეფუძნება სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და სრულად ითვალისწინებს „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელში“ მოცემულ დებულებებსა და რეკომენდაციებს.
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებსა და მოთხოვნებს:
1. ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ დიპლომს;
2. ჰქონდეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით (დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობით).
3. წარმატებით ჰქონდეს ჩაბარებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა.
4. წარმატებით ჰქონდეს ჩაბარებული თსუ-ს მიერ ორგანიზებული გამოცდა.
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებული
1. მსჯელობს და გადმოსცემს ინკლუზიური განათლების არსს, ძირითად პრინციპებსა და ფილოსოფიურ საფუძვლებს;
2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავების პროცესში განსაზღვრავს ესგ-ის ადაპტაციის, აკომოდაციისა თუ მოდიფიკაციის შესაძლებლობას და აცნობიერებს სწავლა-სწავლების პროცესში პოზიტიური გარემოს მნიშვნელობას;
3. აღწერს და განმარტავს ბავშვის განვითარების კანონზომიერებასა და თავისებურებებს სწავლა-სწავლების პროცესში და ითვალისწინებს იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ინდივიდის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას;
4. განმარტავს და ასაბუთებს სასკოლო საზოგადოების (სკოლა, ოჯახი, თემი) მოლოდინების, დამოკიდებულებების, მხარდამჭერი ღონისძიებების გავლენას ინდივიდის აკადემიურ მიღწევასა და კეთილდღეობაზე.
უნარი
კურსდამთავრებული
5. ავლენს ინდივიდის სავარაუდო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებასა და ახდენს დროულ რეფერირებას სპეციალისტთან;
6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის წევრებთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასების საფუძველზე, შეადგენს და განახორციელებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, მათ შორის, უზრუნველყოფს სასწავლო გარემოში თანამონაწილეობისა და მიკუთვნებულობის ხელშეწყობას;
7. მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ტრანზიციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
8. იყენებს სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
9. მუშაობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის პრინციპების საფუძველზე.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებული
10. იცავს პროფესიული საქმიანობის პროცესში თანამედროვე სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს;
11. ახდენს თვითრეფლექსიას საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, გეგმავს და ახორციელებს, პროფესიული განვითარების აქტივობებს, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კოლეგების მხარდაჭერის საფუძველზე.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმება შესაძლებელია ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა:
- ზოგადსაგანმანათლებლო ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
- დღის ცენტრები;
- სარეაბილიტაციო დაწესებულებები;
- მცირე საოჯახო ტიპის ცენტრები.