პროგრამის დასახელება: გეოგრაფია
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია მაჭავარიანი.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი
გეოგრაფიული განათლების ძირითადი მიზანია ბუნებრივი სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცე–დროითი ასპექტებისა და სწრაფცვალებადი გარემოს შესწავლა. პროგრამის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს იმ ახალგაზრდების მომზადება, რომლებიც მოახდენენ ბუნებაში მიმდინარე პროცესების სივრცე– დროითი ანალიზის საფუძველზე ისეთი დასკვნების მომზადებას, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ბიზნეს–ორგანიზაციების მართვასა და მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებას.
ძირითადი სპეციალობის არჩევის პირობა .
ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტს საშუალება ეძლევა სწავლა დაიწყოს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ძირითად სპეციალობაზე სწავლის გაგრძელება ხდება მეორე სემესტრიდან, საფაკულტეტო საგნების გავლის შემდეგ. გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება ის სტუდენტი, რომელსაც გავლილი და ჩაბარებული ექნება საფაკულტეტო სასწავლო კურსი „გეოგრაფიის შესავალი“.
სწავლის შედეგები
საბაკალავრო პროგრამა, თავისი ფორმითა და შინაარსით, მიესადაგება ბერგენის კონფერენციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად სწავლების პირველ საფეხურზე მსმენელებმა ისეთი ცოდნა უნდა მიიღონ, რომელიც საშუალებას მისცემს მათ უმტკივნეულოდ შეარჩიონ სწავლის გაგრძელების სასურველი მიმართულება საუნივერსიტეტო განათლების შემდგომ (მეორე) საფეხურზე. შერჩეული დისციპლინები ვერ ამოწურავენ თანამედროვე გეოგრაფიის ყველა მიმართულებას, მაგრამ მიღებული ცოდნა ის საფუძველია, რომელიც კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს განსაზღვროს, თუ როგორ უნდა მოიპოვოს მისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია გეოგრაფიის ამა თუ იმ სფეროდან, მონაწილეობა მიიღოს ეკოლოგიური ხასიათის ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.
დასაქმების სფეროები :
მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად საბუნებისმეტყველო სფეროს გეოგრაფები შეიძლება დასაქმდნენ როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში, ისე სხვადასხვა დონის (ცენტრალური თუ ადგილობრივი) სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო და კერძო სექტორებში. კონკრეტულად, გეოგრაფების დასაქმების სფეროებია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი უწყებები, საქალაქო და ბუნებრივი გარემოს დაგეგმვისა და მართვის სამსახურები, მიწის მართვის სისტემა, ჰიდრომეტეოროლოგიური და ნაპირდაცვის სამსახურები, ამინდის პროგნოზისა და სხვადასხვა ტიპის მონიტორინგის სამსახურები, ტურისტული სააგენტოები, საერთაშორისო დარგობრივი საგრანტო პროექტები, ეკონომიკური განვითარებისა და მართვის ორგანოები და კომპანიები, სატრანსპორტო ორგანიზაციები, ასევე ყველა სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა, სადაც საჭიროა გეოინფორმაციული სისტემები და კარტოგრაფიული ვიზუალიზაცია. სამეცნიერო კუთხით სტუდენტს საშუალება ექნება სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდგომ საფეხურზე – სამაგისტრო პროგრამებზე, ჩაერთოს ფაკულტეტზე ან სხვაგან არსებულ კვლევით პროექტში და ა.შ.