ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)
პროგრამის ავტორები
ლალი სურმანიძე, პროფესორი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული ენა
სამაგისტრო პროგრამის _ “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია” - შექმნას წინ უსწრებდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამების - „კულტურა და საზოგადოება -ინტერდისციპლინური კვლევები“, “კულტურა სოციალურ კვლევებში” და „ანთროპოლოგია: ინტერდისციპლინური კვლევები“ - ფუნქციონირება. მათ მოამზადეს ბაზა წინამდებარე პროგრამის შესაქმნელად.
პროგრამის აქტუალობას განაპირობებს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სოციალური პროცესები და სამეცნიერო ტენდენციები. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში აშკარაა „ანთროპოლოგიური შემობრუნება“, კაცობრიობის ცნობიერების სისტემურ-პარადიგმული პრიორიტეტები ადამიანს უკავშირდება როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო აქტივობის პლანში. პარადიგმის ცვლილებას ათვალსაჩინოვებს არა მხოლოდ ახალი „ანთროპოლოგიების“ სიმრავლე თუ გაჩენის სიადვილე, საზოგადოდ, ამ ცნების
„მოდურობა“ სამეცნიერო ცნობიერებაში, არამედ კონცეპტუალური საყრდენების ვექტორის შეცვლაც: ორიენტაცია უპიროვნო „სტრუქტურებზე“,
„ტოპიკებსა“ და „ინტერტექსტუალობაზე“ იცვლება „სუბიექტურობაზე“, „აქტიურ ინდივიდზე“, „ავტორობაზე“ შემობრუნებით. შესაბამისად, პრიორიტეტული ხდება ადამიანის მიერ აღქმადი და სიმბოლურად თუ მატერიალურად ქმნადი ყოფიერების კვლევა, ყოველდღიური ცნობიერების რეალური შინაარსები, ფსიქოლოგიური განწყობები, აღქმის სტერეოტიპები, ქცევის მოდელები, ჩვევები, მოთხოვნილებები, სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურულ-სპეციფიკური, ისტორიული, სოციოეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური ტერმინებით ინტერპრეტირებულ განსხვავებათა ახსნის ამოცანები, ღირებულებით სისტემათა კულტურული მრავალგვარობა და მათი მოდიფიკაცია ყოველდღიური გამოცდილების გავლენით და ა.შ. საზოგადოდ, „ინდივიდთა ურთიერთქმედების ქსელების, ინდივიდუალური გამოცდილების სივრციდან“ ადამიანის მიერ სამყაროს კონსტრუირების პროცესები.
პროგრამაში სწავლის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, აგრეთვე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი;
- პროფესიის გამოცვლის მსურველ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო, ზუსტი (ბიოლოგია, მათემატიკა,ფიზიკა, მედიცინა), ტექნიკური მეცნიერებებისა და მენეჯმენტის სფეროებში;
- პროგრამა ღიაა ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია რომელიმე კონკრეტული სფეროს (მასმედია, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი და ა.შ.) ფსიქოანთროპოლოგიური ასპექტებით;
- პროგრამა ასევე ღიაა 2010/11 წლის (პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი) ბაკალავრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულებისთვის, აგრეთვე ხუთწლიანი სწავლების დიპლომის მქონე პირებისთვის.
- პროგრამაზე ჩაბარების მოთხოვნაა ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური ქულის მიღება.
- ჩარიცხვა იწარმოებს სპეციალობაში დაწერილი ესესა და გასაუბრების საფუძველზე.
პროგრამული სწავლება მოიაზრებს პირველ საფეხურზე მიღებული განათლების გაღრმავებასა და კურსდამთავრებულთათვის საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობას. სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ:
ცოდნა და გაცნობიერება - ტრადიციული და თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც მოიცავს ამ სფეროსთვის აუცილებელ ტერმინოლოგიურ/ცნებით აპარატს, თეორიულ მოდელებს, აგრეთვე, სემიოტიკის თეორიულ და მეთოდოლოგიურ თავისებურებებს; კურსდამთავრებულებს ექნებათ უახლესი ინფორმაცია მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: კულტურული მოდელები, როგორც მენტალური კომპლექსები, მათი დადგინება და ამ პროცესში ფსიქიკური პროცესების (შემეცნების, ემოციების, აღქმების, მოტივაციების) კულტურული გაგების როლი; სოციალიზაციის კულტურულ-სპეციფიკური მოდელები და მათი ეფექტები; განვითარებისა და ინკულტურაციის გზები, ადამიანური შემეცნების, ემოციების, აღქმების, მოტივაციებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ფორმირების პროცესები, კულტურული მსგავსება/განსხვავებების მრავალფეროვანი (მენტალური, სემიოტიკური, ლინგვისტური და ა.შ.) მახასიათებლების აღმწერი შესაძლებლობები, საზოგადოდ, ფსიქოანთროპოლოგიური ასპექტების ფორმირების პროცესები თანამედროვე პრაქტიკის კონტექსტში; ექნებათ ცოდნა ემპირიული კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპების, კვლევის მეთოდებსა და ანალიზთან დაკავშირებული სპეციალური საკითხების შესახებ. ეს ცოდნა კურსდამთავრებულს აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავებისა და ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზების გაცნობიერების საშუალებას; სამეცნიერო პროდუქციის შექმნის პრინციპების რეფლექსირება; აკადემიური სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიის დაწერა და პროექტის მომზადება სამეცნიერო პრობლემებისა და პერსპექტივების კონტექსტში.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
კონსულტირება და დაგეგმვა:
- წვლილის შეტანა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთა უკონფლიქტო თანაარსებობის ხელშემწყობ ~ პრობლემათა ანალიზსა და სტრატეგიული პროექტების დაგეგმვაში, დამსაქმებელთა კონსულტირება.
კვლევითი უნარები:
- ფსიქოანთროპოლოგიურ მახასიათებელთა ადეკვატურად გამოყენება კვლევის მონაცემთა ანალიზისას.
- ფსიქოანთროპოლოგიურ პრობლემათა საკვლევად ადეკვატური პრინციპების საფუძველზე მეთოდების შერჩევა/გამოყენება, კვლევის დაგეგმვა;
- კვლევით მოპოვებული მასალის ტექსტური და მათემატიკური ანალიზი. კვლევის წარმართვა.
- კვლევითი პროდუქციის (პროექტების) წარმოება და სრულყოფილი სახით წარდგენა. შეუძლია აკადემიური სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიის დაწერა და პროექტის მომზადება.
დასკვნის უნარი
- რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
კომუნიკაციის უნარი
- დისკუსიის წარმართვის, საკუთარი ნაშრომისა და მოსაზრებების, არგუმენტაციის, დასკვნებისა და კვლევის შედეგების საჯარო წარდგენის;
- აკადემიურ/პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე კორექტული კომუნიკაციის აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და მიღწევათა გათვალისწინებით;
- არგუმენტების დამარწმუნებლად ფორმულირებისა წერილობითი და ვერბალური ფორმით;
- გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვის, პასუხისმგებლობის განაწილების.
სწავლის უნარი
- რთული და არასრული ინფორმაციის, აგრეთვე, უახლესი კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებისა; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის.
ღირებულებები
- პროგრამა ორიენტირებულია შემდეგ ღირებულებათა დამკვიდრებაზე:
- პროფესიული ეთიკური ნორმების (პროფესიონალთა ურთიერთპატივისცემა და აღიარების მზაობა, კვლევებში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვა, რეალური კვლევითი მონაცემების წარმოდგენა, ყოველგვარი ანგაჟირებულობის მიუღებლობა) მიდევნება;
- განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
- კულტურათა ეფექტური დიალოგისთვის კულტურებსა და კონტექსტებს შორის განსხვავებების ცოდნა/გათვალისწინება;
- სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციისთვის ინტერპერსონალური კომპეტენტურობის (იზომორფული ატრიბუცია, ქცევის ანალიზის უნარი, სხვათა მოლოდინების ცოდნა და საჭიროებისამებრ, გათვალისწინება და სხვ.) ფლობა;
- აგრესიული ეთნოცენტრიზმის მიუღებლობა;
- მრავალეროვან კოლექტივში თანამშრომლობისთვის ეთიკური სტანდარტების გაცნობიერება და დაცვა;
- საზოგადოდ, საქმიან ურთიერთობებში ეთიკური ნორმების დაცვა.
- ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.
კურსდამთავრებულებს, აგრეთვე, გამომუშავებული ექნებათ ზოგადი (ტრანსფერული) -აბსტრაქტული აზროვნების, მოვლენათა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის, ახალი იდეების გენერირების, ცოდნის მუდმივი განახლების, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის, დისკუსიის წარმართვის, საკუთარი ნაშრომისა და მოსაზრებების საჯარო წარდგენის - უნარები.
მრავალგვარი სოციოკულტურული სფეროს კვლევა/პროგნოზირების მოთხოვნილების არსებობის პირობებში კურსდამთავრებულთა წარმატებული პროფესიული საქმიანობა გულისხმობს შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებას სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში. შესაბამისად, მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა კომპეტენცია მოიცავს ისტორიის, ენის, პრაქტიკებისა და კონცეპტუალური კატეგორიების მქონე კულტურულ ჯგუფთა სპეციფიკური თავისებურებების დადგენას, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთა უკონფლიქტო თანაარსებობის ხელშემწყობ პრობლემათა ანალიზს, მონაწილეობას ანთროპოლოგიური სტრატეგიების დაგეგმვაში, სოციოკულტურული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დინამიკის შემსწავლელ კვლევებში, აგრეთვე, მათ უზრუნველყოფას რეალისტური და სიღრმისეული კონსულტაციებით.
კურსდამთავრებულთა მიერ შეძენილი ჩვევების გამოყენება შესაძლებელია მრავალგვარ სფეროში (ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, განათლება, განვითარება, სოციალური მუშაობა, მენეჯმენტი და სხვ.).მაგისტრატურის კურსდამთავრებულს ექნება საუკეთესო ბაზა სამეცნიერო-კვლევითი გასაგრძელებლად. საქმიანობისა და სწავლის დამოუკიდებლად გასაგრძელებლად.
- შედარებითი ანთროპოლოგიური და ფსიქოლოგიური კვლევებით დაინტერესებული ცენტრები (როგორც სამეცნიერო, ისე გამოყენებითი).
- როგორც სოციოჰუმანიტარული, ისე საბუნებისმეტყველო ორიენტაციის ადამიანის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები;
- კულტურისა და კულტურული სპეციფიკის შემსწავლელი სამეცნიერო ორგანიზაციები ან მათი განყოფილებები;
- სასწავლებლები, სადაც არსებობს ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიისა და კულტურის შემსწავლელი სპეციალობები, ან არსებობს მათზე მოთხოვნილება;
- სამთავრობო და კერძო სტრუქტურები, რომელთა ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დინამიკის შესწავლას;
- სპეციალიზებული კვლევითი ორგანიზაციები/ცენტრები (სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები), რომელთა ინტერესი მოიცავს სოციალური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ანალიზს ფსიქოანთროპოლოგიური კვლევითი მონაცემების გამოყენებით (ეკონომიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, განათლება, მედიცინა, მასმედია, პოლიტიკა, სამართალი, მომსახურების სფერო და ა.შ.);
- სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მოთხოვნილება ფსიქოანთროპოლოგიურ კვლევით მონაცემებზე;
- ეთნიკური კონფლიქტების რეგულირებასთან დაკავშირებული სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები;
- მასობრივი მედიის საშუალებები;
- ტურისტული სააგენტოები.