სადოქტორო პროგრამის დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი
დადგენილების ნომერი №1331266 (დანართი №199)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი კონსტანტინე შუბითიძე
სწავლების ენა: ქართულ-ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 40 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 15 ECTS კრედიტი
საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის მიზანია შექმნას ახალი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში, უზრუნველყოს დოქტორანტების გაძლიერებული მომზადება სოციალური კვლევის მეთოდებში და განუვითაროს მათ სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი უნარები.
პროგრამა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების მაღალი დონის მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკის თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციოლოგიის სფეროში თეორიულ ნააზრევს და თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს.
პროგრამის ძირითადი ნაწილი ეთმობა კვლევას, ამასთანავეე მოიცავს სასწავლო კომპონენტს, და ისახავს შემდეგ ამოცანებს:
- სტუდენტთა სადოქტორო კვლევის ხელშეწყობა და განვითარება;
- საერთაშორისო ურთიერთობებში თეორიული ცოდნის გაღრმავება და სრულყოფა, ახალი ცოდნის გენერირება;
- აკადემიური სწავლების/პედაგოგიკის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამის სასწავლო კომპონენტი გრძელდება სულ მცირე სამი სემესტრი და მოიცავს: სემინარებს კვლევის დიზაინის შესახებ (ინტერდისციპლინური მეთოდოლოგია, პროგრესზე მუშაობის სემინარები), დისციპლინისთვის დამახასიათებელი ძირითადი სემინარები და აკადემიური პრაქტიკის სემინარები (სწავლებისა და ხელმძღვანელობის პრაქტიკა, კვლევის მენეჯმენტი, აკადემიური სტატიის წერა, საგრანტო განაცხადის წერა).
• ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალურ ან/და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. მაგისტრის ხარისხი ”საერთაშორისო ურთიერთობებში” ან/და „დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში“ პროგრამისთვის პრიორიტეტულია.
• ინგლისური ენის ცოდნა - C1 დონე - აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდა თსუ-ს ენების ცენტრში ან წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი
საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL IBT 61, IELTS 5, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ტესტი. იხილეთ თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილება #25/2011 დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ, დანართი #2). აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამები) გამოცდის ჩაბარება ან სერთიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.
საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დამთავრების შედეგად სტუდენტები მიიღებენ უახლეს მიღწევებზე დამყარებულ, გაღრმავებულ ცოდნას დისციპლინაში, ექნებათ უნარი განახორციელონ დისციპლინაში დაგროვილი აკადემიური და სამეცნიერო გამოცდილების კრიტიკული ანალიზი და მიღებული გამოცდილება ეფექტურად გამოიყენონ საერთაშორისო მასშტაბით კვლევისა და ცოდნის გავრცელებისათვის, როგორც სამეცნიერო პუბლიკაციების, ასევე აკადემიური სწავლების პრაქტიკის მეშვეობით.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
• ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება და ანალიტიკური სამუშაოს შესრულება საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე, პროფესიული სამუშაოს შესრულება სახელმწიფო და დიპლომატიურ სამსახურში, საზოგადოებრივ სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში და უმაღლეს სასწავლებლებში დისციპლინის სწავლება უახესლი მეთოდოლოგიების გამოყენებით;
• დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს აკადემიური კვლევა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;
• ეფექტურად წარმოადგინოს საჯარო პრეზენტაციები ჩატარებული კვლევის შესახებ;
• დისციპლინაში განხორციელებული კვლევა გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომის სახით საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალში;
• მოამზადოს ახალი სასწავლო სალექციო კურსი და განახორციელოს მისი სწავლება უახლესი მეთოდოლოგიების გამოყენებით;
• დისციპლინაში არსებული ცოდნის სინთეზი და ახალი ცოდნის გენერირება;
• კრიტიკულად შეაფასოს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული მიდგომები, თეორიულ ცოდნაზე და კვლევის მეთოდოლოგიურ უნარებზე დაყრდნობით წარმოადგინოს საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის გზები და საშუალებები;
• თავის მოსაზრებები და კვლევის დასკვნები სათანადო ფორმით მიაწოდოს საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი სახით, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• თავისუფლად აწარმოოს თეორიული დისკუსია სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან საერთაშორისო მასშტაბით;
• მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციებში. დამოუკიდებლად მიაღწიოს საკუთარი მოსაზრებებისა და კვლევის საერთაშორისო ასპარეზზე გატანასა და აღიარებას;
• მოახდინოს ცოდნის სინთეზი და ახალი ცოდნის გენერირება;
• დამოუკიდებლად შეადგინოს აკადემიური სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოს სახით მოამზადოს ახალი სასწავლო სალექციო კურსი და განახორციელოს მისი სწავლება ახალი მეთოდოლოგიების გამოყენებით;
• სამეცნიერო ეთიკის დაცვით, აკადემირუი პასუხისმგებლობით, პლაგიატის გამორიცხვით, პატივი სცეს სამეცნიერო ღირებულებებს და გაითავისოს კვლევის ობიექტის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა.
პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს გახდნენ საერთაშორისო აკადემიური ქსელის წევრები.
წინამდებარე სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დაიკავონ აკადემიური პერსონალის თანამდებობები (ასისტენტი, ასოცირებული, ან სრული პროფესორი) უმაღლეს სასწავლებლებში და წარმართონ სწავლება საერთაშორისო ურთიერთობების, ან პოლიტიკური მეცნიერების პროგრამებში სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. მათ აგრეთვე შეეძლებათ იმუშაონ უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებზეც. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაწიონ საერთაშორისო ურთიერთობებში კვალიფიციური ექსპერტის სამუშაო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე და იმუშაონ სამთავრობო, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაგეგმონ და განახორციელონ მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა და შეაფასონ სხვა მეცნიერებების მიერ ჩატარებული კვლევები.