Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქართული კედლის მხატვრობა“ - მონაცემთა ელექტრონული ბაზის ინგლისური ვერსიის შექმნა მალე დასრულდება

ნატო ობოლაძე

 

თსუ-ის სტუდენტური პროექტების კონკურსში მოპოვებული გრანტის ფარგლებში „ქართული კედლის მხატვრობა - მონაცემთა ელექტრონული ბაზის“ ინგლისური ვერსიის შექმნა მალე დასრულდება. „ქართული კედლის მხატვრობა - მონაცემთა ელექტრონული ბაზა“ თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ეგიდით შეიქმნა. პროექტს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა სხირტლაძე ხელმძღვანელობს. ელექტრონული ბაზა განთავსებულია ვებ-გვერდზე - www.arthistory.tsu.ge/murals ვებ-პორტალი ამ ეტაპზე VI-VII-XI საუკუნეებში შექმნილი მოხატულობების ზუსტ სიასა და მათ შესახებ 68 სამეცნიერო სტატიას აერთიანებს. თითოეულ მოხატულობაზე ვრცელი ბიბლიოგრაფიაა მოცემული. დეტალების დასაზუსტებლად და ვიზუალური მასალის მოსაპოვებლად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ექსპედიცია განხორციელდა. კვლევით პროცესში ზაზა სხირტლაძის ხელმძღვანელობით თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქეთევან გონგაძე, ირაკლი თეზელაშვილი, თამარ ლეთოდიანი, სალომე მელაძე და ელისაბედ უგულავა არიან ჩართულები.

 

„პროექტის პირველი ეტაპი 2020 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. ამ დროისთვის თსუ-ის სტუდენტური პროექტების კონკურსში მოპოვებული გრანტის ფარგლებში ვასრულებთ ვებ-გვერდის ინგლისური ვერსიის შექმნას. თითოეული მოხატულობის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, თანდართული სრული ბიბლიოგრაფიით ინგლისურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. თარგმნის პროცესი 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

 

მთლიანად პროექტი, მასალის სიუხვის გათვალისწინებით, ოთხ ეტაპად დავყავით. ქრონოლოგიურ პრინციპს მივყვებით: უკვე განხორციელდა VI-VII-XI საუკუნეების პერიოდის შესწავლა, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს XII-XIII, XIV-XV  და XVI-XVIII საუკუნეების კვლევას. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტრონული ბაზის საფუძველზე უფრო ვრცელი, მრავალტომეული კორპუსის გამოცემა“, - აცხადებს პროექტის კოორდინატორი, თსუ-ის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი სალომე მელაძე.