ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
გოგი გოგოლაშვილის საპირველივნისო ფიქრები
გვიან შევამჩნიე, რომ 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ემთხვევა; შემთხვევით ბუნებაში არაფერი ხდება...
1 ივნისს ახლა უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორც ბაბუა, ვიდრე ადრე, როგორც მამა... ჩემი მეგობარი, ცხონებული მიხეილ ქურდიანი იტყოდა: ბაბუა რომ გავხდი, მერე მივხვდი, რომ ცხოვრების მიზანი შვილიშვილი ყოფილაო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შვილი არის „საშუალება“ ამ მიზნის მისაღწევადო...
ისე, ეს ანდაზა მახსოვს მუდამ და ამ პრინციპით მინდა ვიცხოვრო: „ბაბუის ნაჭამმა ქლიავმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო“... ჩემს გიორგის ერთხელ კინაღამ „მოჰკვეთა კბილი“ „ბაბუას ნაჭამმა ქლიავმა“: 2010 წელს საახალწლოდ „რუსთავი 2“-ში თანამშრომელთა შვილები შეკრიბეს; პატარებს კითხვებს უსვამდნენ და პასუხებზე უფროსები ხალისობდნენ. ჩემს 3 წლის გიორგის ჰკითხეს — „ვინ არიან პარლამენტშიო“ და გიორგი უპასუხა: – „ძაღლები და კატებიო“; „რას აკეთებენო“ და – „ჭამენ და სვამენო“... მეორე დღეს პარლამენტიდან დარეკეს — ეს გიორგი გოგოლაშვილი იმ გიორგი გოგოლაშვილის რა არისო...
სხვათაშორის ამ ანდაზამ ერთხელ განათლების მინისტრი კ. ლ. გამიბრაზა: 2006 წელს ერთ-ერთ საპროტესტო შეკრებაზე განათლების მინისტრს მოვუწოდე, ეს ანდაზა გაიხსენე და ისე მოიქეცი, შენს შვილებსა და შვილიშვილებს შენი ქცევით სამომავლოდ პრობლემები არ შეუქმნა, მათ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ-მეთქი... ტელე-“იმედის“ გადაცემაში („რეაქციაში“) ბრალი დამდო, შენ ჩემს შვილებს ემუქრები და პასუხს გაგებინებო... არ ვიცი, გაიგო თუ არა, მაგრამ იქვე განვუმარტე, რომ თავისი მოქმედებით თავად ემუქრებოდა თავის შთამომავლობას...
მაინც ამ ანდაზის პრინციპით ცხოვრებას ვურჩევდი ბაბუებსა და პაპებს...
ისე, ძალიან მეამაყება, რომ ჩემმა სამივე შვილმა ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრა... მინდა, შვილიშვილებმაც ამ გზით იარონ...