Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„COVID-19-ის პანდემიის გავლენა მუნიციპალურ ბიუჯეტებსა და შემოსავლებზე საქართველოში“

მაია ტორაძე

 

როგორ ხასიათდება მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ფისკალური მდგომარეობა პანდემიამდე, რა გავლენა იქონია ეპიდემიამ საბიუჯეტო შემოსავლებსა და ხარჯებზე და რა ახალი გამოწვევები გაჩნდა ბოლო პერიოდში ბიუჯეტური ფედერალიზმის სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით – ეს საკითხებია განხილული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან  არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის ნაშრომში –  „COVID-19-ის პანდემიის გავლენა მუნიციპალურ ბიუჯეტებსა და შემოსავლებზე საქართველოში“.

 

კვლევის მიზანი იყო ,,2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებზე პანდემიის ზემოქმედების სისტემური შესწავლა და აღნიშნული გავლენის დიაგნოსტიკური (თვისებრივი და რაოდენობრივი) შეფასება”. კვლევის შედეგები გამოკვეთილია მიგნებებსა და დასკვნებში, მათი განზოგადების საფუძველზე კი შემუშავებულია რეკომენდაციები ნეგატიური გავლენის აღმოფხვრისა და პრევენციისათვის.

 

ნაშრომში – „COVID-19-ის  პანდემიის გავლენა მუნიციპალურ ბიუჯეტებსა და შემოსავლებზე საქართველოში“ – მიმოხილულია საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე ზემოქმედების მაკროეკონომიკური ფაქტორები, მოცემულია 2020 წლის იანვარ-მარტის სიტუაციური ანალიზი და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის მდგომარეობა 2020 წლის პირველ კვარტალში. მასში გაანალიზებულია მუნიციპალიტეტების დაფინანსება 2020 წლის პირველ კვარტალში, შესწავლილია ადგილობრივი ბიუჯეტების სპეციფიკა, საკარანტინო რეჟიმის გავლენა ადგილობრივ ბიუჯეტებზე და სხვ.

 

იმის დასადგენად, თუ როგორ აისახა კრიზისი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო სისტემაზე, მკვლევარი განიხილავს ოთხი მუნიციპალიტეტის – თბილისის, მარნეულის, ბოლნისის და რუსთავის –  მაგალითს.

 

ჩატარებული ანალიზის შედეგად, კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ „საქართველოში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფორმირების მთავარი ფაქტორი 2020 წლის პირველ ნახევარში, როგორც მანამდე, სახელმწიფო ფინანსური დახმარება იყო. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ტრანსფერებსა და გრანტებზე 60-დან 95%-მდე მოდის.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე (განსაკუთრებით, შემოსავლის ნაწილზე) მოქმედი საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა მთავარი, ხოლო მუნიციპალიტეტის შიგნით მიმდინარე ფისკალურ-ეკონომიკური პროცესები - დამატებითი ფაქტორებია; მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე COVID-19-ის გავლენა აღნიშნული ფაქტორების მოქმედებაში მჟღავნდება.“ კვლევის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე პანდემიის გავლენის სპეციფიკას ის განაპირობებდა, რომ ეს გავლენა იყო ირიბი, სახელმწიფო ბიუჯეტზე პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული. პანდემიის გავლენის შემამსუბუქებელი ღონისძიებების ფარგლებში, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ქონების გადასახადთან დაკავშირებით შეღავათების შესახებ მნიშვნელოვნად შეამცირა მუნიციპალიტეტების შემოსავლები. პანდემიას არ შეუცვლია სახელმწიფო და ტერიტორიულ ბიუჯეტებს შორის არსებული დამოკიდებულება. სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტზე სასიცოცხლო დამოკიდებულების გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტმა მოახდინა საკუთარი ბიუჯეტების კორექტირება, სადაც აისახა სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანსფერების ცვლილებები და საგადასახადო შემოსავლების კორექტირებული პროგნოზები.

 

ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პროექტის ფარგლებში. მხარდამჭერები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საინტერესოა, რომ ნაშრომი აიტვირთა საექსპერტო ცენტრ „პლატფორმას“ ვებ–გვერდზე, რითაც მასში მოცემული მიგნებები და რეკომენდაციები  საერთაშორისო დაინტერესების სფეროში იქნა შეტანილი.

 

ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე: https://bit.ly/2ZFB89P