Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელშეკრულებების შედგენის პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის ახალი ნაშრომი შეიქმნა

მაია ტორაძე

 

გამოიცა სამართლის დოქტორ მიხეილ ბიჭიას ნაშრომი „ხელშეკრულების ფორმები კერძო სამართალში“, რომელიც ხელშეკრულებების შედგენის პრაქტიკული უნარების გამომუშავება-განვითარებას  შეუწყობს ხელს.

 

გამომცემლობა „ბონა კაუზამ“ დაბეჭდა სამართლის დოქტორ მიხეილ ბიჭიას მიერ შედგენილი ნაშრომი „ხელშეკრულების ფორმები კერძო სამართალში“, რომლის რედაქტორი გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თსუ-ის პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი.

 

წიგნი, ძირითადად, მოიცავს ორ ნაწილს: (ა) კონკრეტული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებების მოკლე დახასიათებასა და (ბ) ამ ხელშეკრულებათა ნიმუშებს.

 

აღნიშნული ნაშრომი მკითხველს, ერთი მხრივ, უადვილებს, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ამა თუ იმ ხელშეკრულების ძირითადი თავისებურებების შესახებ, მეორე მხრივ, აწვდის ინფორმაციას, თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების არქიტექტონიკა.

 

ნაშრომში წარმოდგენილია 60-მდე ხელშეკრულების ფორმა, ჩამოყალიბებული ნიმუშები კი ითვალისწინებს უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიდგომებს.

 

როგორც ცნობილია, ერთია ხელშეკრულებების სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, მეორეა მათი გამოყენება პრაქტიკაში. პირმა შეიძლება მიიღოს ღრმა თეორიული ცოდნა, მაგრამ ვერ მოახერხოს ყოფით ურთიერთობებში მისი ინტეგრირება. მართალია, კონკრეტული ხელშეკრულებების სპეციფიკის შესასწავლად აუცილებელია მათი თეორიული საფუძვლების ცოდნა, მაგრამ, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენებით უშუალოდ ხელშეკრულებების შედგენის პრაქტიკული უნარების გამომუშავება-განვითარება. სწორედ ამ კუთხით, დიდია წარმოდგენილი წიგნის სასწავლო-მეთოდური დანიშნულება სასწავლო პროცესში როგორც სახელშეკრულებო სამართლის, ისე ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკის მიმართულებით. ამასთან, ეს ნაშრომი დაინტერესებულ პირს დაეხმარება, რომ, მიღებული ცოდნის დახმარებით, შეადგინოს ნებისმიერი სირთულის კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებები. აქედან გამომდინარე, ამ წიგნს განსაკუთრებული პრაქტიკული დატვირთვა აქვს.

 

წარმოდგენილი ნაშრომი დიდ სამსახურს გაუწევს როგორც სტუდენტ ახალგაზრდობას, ისე თეორეტიკოს და პრაქტიკოს იურისტებს.