როგორ უმკლავდება ახალ რეალობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხოენოვანი სტუდენტების სწავლების პროცესის უწყვეტობის საკითხს? — ამის შესახებ გვესაუბრება თსუ „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია
ესაუბრა თამარ დადიანი
- როგორ მიმდინარეობს არაქართულენოვანი სტუდენტების სწავლების პროცესი და რა ინფორმაციას მოგვაწვდით ამასთან დაკავშირებით?
- არაქართულენოვანი სტუდენტების ქართულ ენაში მოსამზადებლად ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2 პროგრამა ფუნქციონირებს: ერთი მხრივ, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს ემსახურება „ენების ცენტრი“; მეორე მხრივ, უკვე მეათე წელია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ამოქმედდა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს (აზერბაიჯანელ, სომეხ, ოს და აფხაზ სტუდენტებს) იღებს და ერთი წლის განმავლობაში მათი ენობრივი კომპეტენციების ამაღლება-გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამ ორ პროგრამას მიღების წესიც რადიკალურად განსხვავებული აქვს: „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში“ ერთიანი ეროვნული გამოცდებისას ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციების დადასტურების შედეგად იღებენ; სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში, ამ ერთი წლის განმავლობაში არაქართულენოვანი სტუდენტების ენობრივი კომპეტენციები განავითაროს, აამაღლოს იმ დონემდე, რომ მათ შეძლონ სახელმწიფო ენაზე (ქართულ ენაზე) საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება: ლექციების მოსმენა, საკუთარი მოსაზრებების ფორმირება, დავალებების შესრულება და ა.შ. სრულიად განსხვავებულია უცხოელ სტუდენტთა მიღების წესი და სწავლების ფორმატი. უცხოელ სტუდენტთა სწავლა-სწავლების პროცესს საშეღავათო სისტემასთან არანაირი შეხება არ აქვს და ამ ორი პროგრამის მიზნებისა და დანიშნულების გაიგივება არ შეიძლება...
მე ვხელმძღვანელობ „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას“ და ამ პროგრამის შესახებ შემიძლია კომპეტენტური პასუხების გაცემა... რასაკვირველია, ერთი საგაზეთო ინტერვიუს ფარგლებში შეუძლებელია არსებულ მიღწევებსა და პრობლემებზე სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს, თუმცა, ვეცდები, ორიოდე სიტყვით ამ პროგრამის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი.
მოვიხმობ სტატისტიკას: 2005-დან 2010 წლამდე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა მხოლოდ 100-მდე (!) არაქართულენოვანმა აბიტურიენტმა. 2010 წელს — როდესაც პირველად გამოცხადდა საშეღავათე პირობებით არაქართულენოვან სტუდენტთა მიღება – 310-მა აბიტურიენტმა გადალახა ბარიერი და მოეწყო სასურველ უნივერსიტეტში. დღესდღეობით არაქართულენოვან აბიტურიენტთა რაოდენობა გახუთმაგებულია და 1500-მდე სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი და ოსი სტუდენტი იღებს საქართველოს 18 უმაღლეს სასწავლებელში (18 სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამა) განათლებას!
აქვე სიამაყით მინდა გაუწყოთ, რომ თსუ უპირობო ლიდერია ამ სტუდენტთა არჩევანის მიხედვით: ჩამბარებელთა სრული რაოდენობიდან 50 პროცენტზე მეტი არაქართულენოვანი სტუდენტი პირველ არჩევანს აკეთებს სწორედ ჩვენს უნივერსიტეტზე!
რაც შეეხება სწავლების ხარისხს... მოდით, შევთანხმდეთ, რომ განვლილი 10 წლის განმავლობაში შეცდომაც ბევრი დაგვიშვია, მრავალი ხარვეზიც გვქონია, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში თსუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აქტიურად ვმუშაობთ ყველა მიმართულებით პროგრესის მისაღწევად: ეს ეხება სასწავლო კურსის შინაარსსაც და მატერიალურ-ტექნიკურ მხარესაც. აღვნიშნავ, რომ 2019 წლის დეკემბერში პროგრამამ გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და, პრაქტიკულად, უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში: პროგრამამ ისე მიიღო აკრედიტაცია, კომისიას ერთი რეკომენდაციაც კი არ ჰქონია!
- რამდენად ეფექტურად ჩაერთეთ დისტანციური სწავლების პროცესში?
- პირადად მე, ჯერ კიდევ 2007 წლიდან, შეხება მქონდა დისტანციურ სწავლებასთან — კერძოდ, აქტიურად ვლობირებდი (მაშინ თავად ვმუშაობდი განათლების სამინისტროში) საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც სურდა საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლების პილოტირება/დანერგვა... სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერ მოხერხდა. თუკი შეიძლება კორონავირუსის პანდემიის დადებით შედეგებზე ვისაუბროთ (ეს ხუმრობით, რასაკვირველია!) — ესაა სწავლების ახალი ფორმების, სტრატეგიების, თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების სიკეთე... დიახ, ასეულობით და ათასეულობით მასწავლებელი, ლექტორი, პროფესორი პირველად გაესაუბრა დისტანციურად თავის მოსწავლეს, სტუდენტს... ეს აუცილებელი კომპონენტია თანამედროვე ცხოვრებისა... თუმცა, ნუ მოვიტყუებთ თავს: დისტანციური სწავლება სრულად ვერ ჩაანაცვლებს კონტაქტურ (ტრადიციულ) სწავლებას! ჩვენ უნდა ვიპოვოთ, მოვიძიოთ „ოქროს შუალედი“ — არც უახლესი ტექნოლოგიების ხიბლში გადავცვივდეთ და არც ტრადიციული მიდგომების განუმეორებლობა ვირწმუნოთ, უნდა შევეცადოთ — ყველა მიდგომიდან მივიღოთ და განვავითაროთ კარგი, ეფექტური, შედეგიანი... არ არის ეს გადაუჭრელი ამოცანა და გონიერი თავი აუცილებლად იპოვის გამოსავალს...
- თქვენი აზრით, რამდენად უზრუნველყო სახელმწიფომ პანდემიის პირობებში არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირება?
- სახელმწიფოს წინაშე „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მართლაც უდიდესი გამოწვევები დააყენა და ეს შეეხო ყველა სფეროს... განათლების სისტემამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო: სრულიად უჩვეულო ფორმატში (უნდა ვაღიაროთ, რომ დისტანციური სწავლების თემას ნამდვილად არ ექცეოდა სათანადო ყურადღება წინა წლებში) სწავლა-სწავლების პროცესზე გადასვლამ, შეიძლება ითქვას, კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენა მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადება-არგამოცხადების საკითხი... ამ გამოწვევას მეტ-ნაკლებად გაეცა პასუხი... იდეალურისგან, რასაკვირველია, შორს დგას, მაგრამ ის, რაც მოახერხეს ლექტორებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლების ადმინისტრაციებმა — გმირობის ტოლფასია! თუმცა, ბუნებრივია, საწყის ეტაპზე, გაურკვევლობაში მყოფმა სისტემამ გარკვეული შეცდომები დაუშვა. თქვენ სწორად დასვით კითხვა: სახელმწიფომ პირველ ეტაპზე დააგვიანა. თუმცა, ხაზს ვუსვამ — ეს ნამდვილად ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული და ყველა ღონე იხმარა დაშვებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისევ და ისევ ამოტივტივდა ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა: ჩვენს არაქართულენოვან თანამოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე ფლობის პრობლემა... სამწუხაროდ, ეს პრობლემა კიდევ არაერთხელ იჩენს თავს, თუკი სახელმწიფო რადიკალურ რეფორმებს არ მიმართავს და ამ მტკივნეული საკითხის გადასაჭრელად სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს...
- როგორ მოგწონთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი —„ტელე-სკოლა“?
- ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს სტუდენტობიდან ვიცნობ და ყოველთვის პატივს ვცემდი მის უნარს — ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაში გამოძებნოს გამოსავალი. „ტელე-სკოლის“ პროექტი არსებულ სიტუაციაში უძლიერესი სვლა იყო... რასაკვირველია, მრავალი რამ დასახვეწია, გამიგია კრიტიკაც ამა თუ იმ კონკრეტული გაკვეთილის თუ პედაგოგის მიმართ, მაგრამ ვერავინ უარყოფს ფაქტს: ეს არის უნიკალური იდეა, რომლის ხორცშესხმას და სრულყოფას, დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებს საგანმანათლებლო არხის მენეჯმენტი... ერთია ოღონდ — კარგად დაწყებულ საქმეს კარგი გაგრძელებაც სჭირდება... ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ, ასე ვთქვათ, „პანდემიურ პროექტად“ და თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.
- რას საქმიანობთ სახლში, როგორია თქვენი ახალი დღის წესრიგი?
- არ ვიქნები, ალბათ, ორიგინალური, თუკი ვიტყვი, რომ ძალიან დამღლელია ერთფეროვნება... ისიც მინდა გითხრათ, რომ პირადად მე გამიორმაგდა სამუშაო... ელექტრონულ სწავლებას თავისი სირთულეები აქვს. დიდი დრო მიაქვს დავალებების ატვირთვას, სტუდენტთა მიერ შესრულებული ნაშრომების ჩამოტვირთვას, მათ გასწორებას, სალექციო მასალის ელექტრონულად მომზადებას და ა.შ. ერთი კია: დრო სასწაული სისწრაფით გარბის! კარგია ეს თუ ცუდი — განსაჯოს ჩვენი გაზეთის მკითხველმა...