Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი მეცნიერებისთვის უმსხვილესი ევროპული ფონდები ხელმისაწვდომი ხდება

საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის EURAXESS-ის წევრი გახდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს საქართველოს EUღAXEშშ-ში გაწევრიანების დეტალები გააცნეს და იმ შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს მეცნიერების ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით თითოეულ ქართველ მეცნიერს გაუჩნდება.
„მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ ბრიუსელში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის Eურახესს-ის წევრი გახდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ქართველ მეცნიერებს ეხსნებათ გზა იმ რესურსებისკენ, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მათთვის ხელმისაწვდომი ხდება უმსხვილესი ევროპული ფონდები. ქართველ მეცნიერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. დღეს გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რაც EURAXESS-ში გაწევრიანებით თითოეულ მათგანს გაუჩნდება“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ კი საქართველოში EURAXESS-ის ოფიციალური წარმომადგენლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქართველ მეცნიერებს დაეხმარება ყველა იმ ტექნიკური დეტალის გაცნობაში, რაც EURAXESS-ის სერვისებით სარგებლობისთვის არის აუცილებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს სახელით აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
„როგორც იცით, ერთი კვირის წინ დაფუძნდა EURAXESS-ის წარმომადგენლობა საქართველოში - EURAXESS Georgia. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები დავიწყეთ უნივერსიტეტებთან, რათა ქართველ მეცნიერებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ EURAXESS-თან, ავუხსნათ ყველა ის ტექნიკური დეტალი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტით - თქვენ იცით, რომ ჯამური ბიუჯეტი, დაახლოებით, 100 მილიარდია და EURAXESS-ის პლატფორმაზე დღეს მიმდინარე კონკურსების ბიუჯეტი, დაახლოებით, ორ მილიარდ ევროს შეადგენს. პასიურ რეჟიმში დარეგისტრირება დღეიდან უკვე შესაძლებელია, ხოლო იანვრიდან ამოქმედდება ახალი ვებ-გვერდი - EURAXESS Georgia, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემთ ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში. აფხაზ მეცნიერებს კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ“,  - განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ.
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილემ პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ EURAXESS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უმნიშვნელოვანესი უწოდა იმ ფაქტს, რომ მსხვილ ევროპულ ფონდებთან და გრანტებთან ქართველ მეცნიერებს, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებს რეალური წვდომა ექნებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანება. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული განათლების ერთიან სივრცეში გაწევრიანებისკენ. არსებობს ბევრი ევროპული პროგრამა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის. მაგალითად, Horizon2020 და მომავალი Horizon Europe. ესენია მსოფლიოში მეცნიერების უდიდესი დამფინანსებელი ფონდები. ძალიან კარგია, რომ ბევრი ქსელური პროგრამაა საქართველოში. მათ შორის, ევროპის აკადემიის ჰაბი და EURAXESS, რასაკვირველია. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქართველი მეცნიერებისთვის და, რა თქმა უნდა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მსხვილი ევროპული ფონდები და გრანტები“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გია შარვაშიძემ უნივერსიტეტში შეხვედრისას.
რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნუგზარ შავლაყაძეც მიიჩნევს, რომ EURAXESS-ში გაწევრიანება საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მეცნიერების ევროპული ინტეგრაციისთვის და მისი შემდგომი განვითარებისთვის.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამაში შესაძლებელია ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობა, რაც ჩვენი მართლაც უნიკალური შანსია ევროსივრცეში ინტეგრაციისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მეცნიერების წინსვლას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი მეცნიერების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას. მივესალმებით ამ სერიოზულ ნაბიჯს, რომელიც სამინისტროს მხრიდან გადაიდგა. მჯერა, ქართველი მეცნიერები დიდი მონდომებითა და ყურადღებით ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. უნდა გამოვიყენოთ ეს მართლაც უნიკალური შანსი და ჩვენი სახე უნდა ვაჩვენოთ მთელს ევროპულ სივრცეს“, - განაცხადა ნუგზარ შავლაყაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.