Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უზნაძის განწყობის თეორიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

ნინო კაკულია

 

სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი გადაწყვეტილება - დაეხურათ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, იმ გადაწყვეტილებათა რიგშია, რაც ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდა. იმ სპეციალისტთა შორის, ვისთვისაც ფსიქოლოგია მშობლისა და შვილის ურთიერთობას წააგავს, არის ცნობილი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ საყვარელიძე, რომლის პოზიციაც ფსიქოლოგიისადმი სწორედ ამის დასტურია: ,,ჯერ კიდევ ნიკო ლორთქიფანიძეს ჰქონდა შექმნილი მინიატურა  - ,,მოუარეთ საქართველოს“. ჩვენ, ქართველებიც მუდამ ამას ვამბობთ, რომ ქვეყანაზე ზრუნვა ჩვენი ვალია, მაგრამ  ხშირად რადიკალურად, საპირისპიროდ ვიქცევით და სამშობლოს არ ვუფრთხილდებით. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი სააკაშვილის მოღვაწეობისას, ერთ-ერთი ასეთი მოუვლელი და, შეიძლება ითქვას, გაუფრთხილებელია დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორია“, რომელიც წინა საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა. იგი ბევრ იმდროინდელ თეორიას პასუხობდა,  მან გაუძლო უდიდეს იდეოლოგიურ წნეხსა და შევიწროებას, მათ შორის, რუსეთში მოწყობილ იდეოლოგიურ სასამართლოებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ ასეთ მძიმე წარსულს გაუძლო, მან ფუნქციონირება 2011 წლამდე შეძლო.  ,,განწყობის თეორიაზე“ მომუშავე ფსიქოლოგიის ინსტიტუტი სააკაშვილმა დაშალა და, ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ განწყობის საკითხებზე მომუშავე მკვლევართა, ფსიქოლოგთა ჯგუფი აღარ არსებობდა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

 

დიდი შრომისა და წვალების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად პროფესორმა რამაზ საყვარელიძემ 2019 წელს ,,ფსიქოლოგიური განწყობის, კვლევისა და კორექციის ცენტრი“ დააფუძნა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ექვემდებარება. ცენტრის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს. ,,მინდა, მადლობა  გადავუხადო ბატონ მიშა ბატიაშვილს, ყოფილ ფსიქოლოგს, გაწეული სამსახურისთვის და მხარდაჭერისთვის. ალბათ, სწორედ მისმა ფსიქოლოგიურმა სულისკვეთებამ განაპირობა კეთილი დამოკიდებულება ჩვენი იდეისადმი“, - აცხადებს ამჟამად უკვე ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ საყვარელიძე.

 

რამაზ საყვარელიძის ინფორმაციით, ფსიქოლოგიური განწყობის, კვლევისა და კორექციის ცენტრში ამჟამად 17 ადამიანი მუშაობს, მათ შორის არიან უცხოელი კოლეგებიც. ამ ცენტრში თსუ-ის პროფესორი ფსიქოლოგებიც არიან გაერთიანებულნი. ცენტრის ეგიდით, 2019 წელს 5 წიგნი გამოიცა.  ამჯერად, 8 ახალ წიგნზე მიმდინარეობს მუშაობა და აპირებენ, რომ წლის ბოლოსათვის, განწყობის თეორიის შესახებ, სულ, 12 წიგნი მომზადდეს. „ეს, ვგონებ, საკმაოდ კარგი მოსავალია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

 

პანდემიის გამო ცენტრის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ექსპერიმენტების ჩატარებასა და სხვა უამრავი ფსიქოლოგიური პროცესის წარმართვას ვეღარ ახერხებენ.  ,,დღევანდელ ყოფაში კოვიდისა და პანდემიის გამო ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მხოლოდ თეორიულ მუშაობაზე.  ვერ ვახერხებთ ექსპერიმენტულ მუშაობას, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს სფეროს. ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის ჩატარება გულიხსმობს ადამიანზე დაკვირვებას. ჩვენი ცდის პირები კი არიან სტუდენტები. ეს პროცესი შეაფერხა და, ფაქტობრივად, დაბლოკა კოვიდმა. ამაზე განსაკუთრებულად გვწყდება გული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.