Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტურიზმის სამართალი საქართველოში

ნინო კაკულია

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის წევრის, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სამართლის დოქტორ გიორგი ამირანაშვილის  მიერ მომზადებული თავის  - „ტურიზმის სამართალი საქართველოში“ - ონლაინ ვერსია ახლახან გამოქვეყნდა წიგნის პროექტისთვის - „ტურიზმის სამართალი ევროპაში“. პუბლიკაციის მიზანია ქართული ტურიზმის სამართლის ზოგადი მიმოხილვა. კერძოდ, საუბარია ქართული ტურიზმის სამართლის წყაროებზე, მათ შორის, საერთაშორისო აქტებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ამ სფეროს განვითარებაში. განხილულია როგორც საჯარო, ისე კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა და რეგულაციები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ტურიზმის სამოქალაქოსამართლებრივ ასპექტებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებულ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით. თავში აგრეთვე მიმოხილულია ტურიზმის სფეროში ადგილობრივი ორგანიზაციები. გარდა ამისა, განიხილება ტურიზმის არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, რასაც მოსდევს ამ გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვა. საგანგებო ყურადღება მახვილდება ზოგიერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში. დაბოლოს, აღნიშნულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც შეიმუშავეს შესაბამისმა ორგანიზაციებმა ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად.

 

აღნიშნული პუბლიკაცია მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, რადგან მასში, როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან წყაროებზე დაყრდნობით, თავმოყრილი და შეჯამებულია საქართველოში ტურიზმის სამართლის არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ნაშრომი ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული, ის საინტერესო და სასარგებლო შეიძლება იყოს საქართველოთი და ტურიზმით დაინტერესებული უცხოელებისთვის.

 

„ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ტურიზმის სამართლის“ საერთაშორისო ვებ-კონფერენციიდან გამომდინარე (2020 წლის 19, 21 და 23 ოქტომბერი), დაიგეგმა ახალი წიგნის − „ტურიზმის სამართალი ევროპაში“ -  შექმნა, რომელიც გამოიცემა ESHTE-ს, INATEL-სა და სალამანკას უნივერსიტეტის (USAL) ეგიდით. წიგნი შეეხება ტურიზმის ინსტიტუციურ ორგანიზაციას, განსახლების იურიდიულ დისციპლინას, დისტრიბუციას (ტურისტული სააგენტოები, ონლაინ ოპერატორები) - გასტრონომია, ტურისტული ტრანსპორტი, ალტერნატიული ტურიზმი ან ტურიზმის სხვა ფორმები ევროპის ბევრ ქვეყანაში და არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.