მაია ტორაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა 1 ნოემბერს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირების საფუძველზე შერჩეულ აბიტურიენტებს 18–26 სექტემბერს უკვე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ჩაუტარდებათ მოტივაციური გასაუბრება და სტუდენტებს საშუალება ექნებათ 1 ნოემბრიდან მიიღონ განათლება.
თსუ-ში ამ ეტაპზე სწავლა მიმდინარობს ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ქუთაისში. სულ ფუნქციონირებს 21 პროგრამა, მათ შორის: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი – მე-5 საფეხური (თბილისი, ქუთაისი); საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი — მე-5 საფეხური (თბილისი); ტუროპერატორი — მე-5 საფეხური (თბილისი); შემფასებელი — მე-5 საფეხური (თბილისი, ქუთაისი); საბიბლიოთეკო საქმე — მე-4 დონე (თბილისი); საოფისე საქმე — მე-4 დონე (ქუთაისი); სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა — მე-4 დონე (ქუთაისი); საბაჟო საქმე — მე-5 დონე (თბილისი, ქუთაისი); ბუღალტრული აღრიცხვა — მე-5 დონე (თბილისი, ქუთაისი); საფინანსო სერვისები — მე-3 დონე (თბილისი, ქუთაისი); ღონისძიების ორგანიზება — მე-4 დონე (თბილისი, ქუთაისი); საოფისე საქმე — მე-4 დონე (თბილისი); სკოლამდელი აღზრდა — მე-5 დონე (თბილისი, ქუთაისი); საბიბლიოთეკო საქმე — მე-4 დონე (ქუთაისი).
რომელი პროგრამებია წელს ყველაზე მოთხოვნადი და რა პერსპექტივებს უსახვთ სტუდენტებს თსუ-ის პროფესიული განათლების პროგრამები, გვესაუბრება ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი:
— როგორ იწყება სასწავლო წელი პროფესიულ პროგრამებზე და რა სიახლეებია წელს სტუდენტთა შერჩევის თვალსაზრისით?
— წელს განათლების სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და შერჩევა, ცენტრალიზებული წესის ნაცვლად, ჩვენ გვანდეს. ანუ იმისათვის, რომ კოლეჯებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ხორციელდება პროფესიული პროგრამები, ამ მიმართულებით მეტი ავტონომია ჰქონოდათ, მოგვეცა უფლება, რომ თავად შევარჩიოთ აპლიკანტები და ჩვენთვის შესაფერისი სტუდენტები ე.წ. მოტივაციური გასაუბრების შედეგად.
ჩვენ ორ ლოკაციაზე — თბილისსა და ქუთაისში ვახორციელებთ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. ქუთაისში 1-11 სექტემბერს მიმდინარეობდა მოტივაციური გასაუბრებები ხუთ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო თბილისში — შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერ კიდევ ატარებს ტესტირებას, ვინაიდან პროფესიულ პროგრამებზე მაღალი კონკურსი იყო და არ გვქონდა რესურსი — ამდენ მსურველს გავსაუბრებოდით. განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა პროგრამების კონკურენტუნარიანობა და ასეთი წესი დაადგინა: ცენტრალიზებულად ხდება ტესტირება საბაზო უნარების ტესტით და ვინც 60%-იან ზღვარს გადალახავს, იმ აპლიკანტებს უკვე თავად გავესაუბრებით და შევარჩევთ სტუდენტებს.
— რამდენ პროგრამაზე იყო მიღება წელს?
— სულ 12 პროგრამაზე იყო მიღება. აქედან მოტივაციური გასაუბრება მხოლოდ რვა პროგრამაზე ჩატარდება, მეხუთე საფეხურის უმაღლეს პროგრამებზე კი (ასეთი ოთხია) შერჩევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. ანუ ჩვენ შევარჩევთ მესამე და მეოთხე დონის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოხვედრის მსურველებს.
— წელს რომელი პროგრამებია ყველაზე მოთხოვნადი?
— ყველაზე მაღალი მოთხოვნა იყო ღონისძიების ორგანიზებაზე, რომელზეც პირველი მიღება შარშან გამოცხადდა. ეს გახლავთ მეოთხე საფეხურის პროგრამა და მასზე მაღალი კონკურსი იყო თბილისშიც და ქუთაისშიც. ასევე დიდი მოთხოვნა იყო სხვა პროგრამებზე, როგორიცაა საბუღალტრო საქმე, საოფისე საქმე, სკოლამდელი აღზრდის პროგრამა, ფინანსური სერვისების პროგრამა და ა.შ.
— ვინ ხელმძღვანელობს სწავლების პროცესს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორ ხდება პედაგოგების შერჩევა?
— ჩვენი პედაგოგები არიან ძირითადად თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტიდან, ჩართული გვყავს, მაგალითად, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი (საბუღალტრო, საფინსანსო საქმის პროგრამაზე). საოფისე საქმეს უძღვება თსუ-ის კანცელარია, ხოლო ღონისძიებების ორგანიზებას — პიარის დეპარტამენტი. გარდა ამისა გვყავს მოწვეული პროფესიონალები ბანკიდან, ტელევიზიიდან და ა.შ.
— როგორია დასაქმების მაჩვენებელი – რამდენად წარმატებით საქმდებიან თქვენი კურსდამთავრებულები სხვადასხვა პოზიციაზე?
— ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, გვყავს კარიერის მენეჯერი, რომელიც ამას სწავლობს. მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – ჩვენი კურსდამთავრებულების დაახლოებით 60% მუშაობს. გარდა ამისა, აქ უკვე დასაქმებულებიც მოდიან სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
გვყავს კონკრეტული დამსაქმებლებიც, მაგალითად, ბაგა-ბაღები, ასევე საქართველოს ბანკი, საბაჟო… ხელშეკრულება გვაქვს ჩვენი უნივერსიტეტის ჩაის სახლთან, წარმოებასთან, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან.