ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამომავლო გეგმაა სამეწარმეო ჰაბის დაარსება. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ვინაიდან სტუდენტების დაინტერესება სწორედ მეწარმეობას ეხება, სამეწარმეო ჰაბის არსებობა უზრუნველყოფს სპეციალურად მათი საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო, პრაქტიკული კურსების დაგეგმვას და ჩატარებას. კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს თსუ-ის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს, ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ქურდაძე გვესაუბრება.
— ქალბატონო ნინო, რა საქმიანობას ეწევა დღეს თსუ-ის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი?
— ცენტრის ძირითადი მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში სტარტაპ და სამეწარმეო ინტერესების გაღრმავება. ამის მისაღწევად ინტენსიურად ვატარებთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის მონაწილეები უკვე ახერხებენ მცირე მეწარმეობის წამოწყებას, საკუთარი იდეებისთვის გრანტის მოპოვებას და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ოთხწლიანი მუშაობის შედეგად კარგი შედეგი მივიღეთ. ჩვენი კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად აგრძელებენ მეწარმეობას და ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ცენტრმა შეიძინა სტუდენტის „მეგობრის“ დანიშნულება და ჩვენს ბენეფიციარებთან ვაგრძელებთ კონტაქტს და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას.
— ფაბლაბ-თან თქვენი თანამშრომლობის შესახებ გვიამბეთ... რა ერთობლივ პროექტებზე მუშაობთ?
— ფაბლაბი ცენტრის ბაზაზე არსებული ლაბორატორიაა, რომელიც აღჭურვილია იმ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რაც სამეწარმეო საქმიანობაში გამოიყენება. ასეთია, მაგალითად, ლაზერული მჭრელი, სამგანზომილებიანი პრინტერი, UV პრინტერი, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერ მყარ ზედაპირზე გამოსახულების გადაყვანა. ფაბლაბის მენეჯერი ნიკოლოზ მნათობიშვილი აქტიურადაა ჩართული ცეტრის მიერ დაგეგმილ ყველა პროექტში. მას თავად მეწარმეობის დიდი გამოცდილება აქვს და ფაბლაბის დანადგარებიც სწორედ მეწარმეობისათვის გამოიყენება.
— როგორც ვიცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფაბლაბის სივრცეში მოეწყო დრონების ლაბორატორია. რა არის ამ ლაბორატორიის შექმნის მიზანი და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს?
— დრონების ლაბორატორია შეიქმნა ევროკომისიის მხარდაჭერით „Erasmus +“-ის პროექტის (Educational for Drones – eDrone) ფარგლებში. ლაბორატორიის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ როგორც დრონის გამოყენების თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ვგეგმავთ დრონების კოლექციის შევსებას, რაც საშუალებას მოგვცემს დრონის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების კურსები მოვაწყოთ არა მხოლოდ ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის, არამედ სამეცნიერო მონაცემების შეგროვებისათვის.
— თუ ფიქრობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას?
— ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამომავლო გეგმაა სამეწარმეო ჰაბის დაარსება, რადგან აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სტუდენტების დაინტერესება სწორედ მეწარმეობას ეხება. სამეწარმეო ჰაბის არსებობა უზრუნველყოფს სპეციალურად მათი საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო, პრაქტიკული კურსების დაგეგმვას და ჩატარებას.
სამომავლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი, თსუ-ის სტუდენტების ჩართულობის ასამაღლებლად, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს. გაიზრდება თსუ-ის ფაბლაბის ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებში, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის დაწყებისა და განხორციელების კუთხით.
რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, 2020 წელს ჩვენი პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ბანკი, სარეკლამო სააგენტო „რედბერი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია Optio.ai, ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი „ჯეპრა“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, კომპანია Agro Solutions. საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ბრიტანეთის საკონსულო, ჩეხური კომპანია unico.ai და სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. unico.ai კომპანიასთან თანამშრომლობით ვახორციელებთ გაეროს განვითარების პროგრამაში გამარჯვებულ პროექტს, სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კი Visegrad-ის გრანტი მოვიპოვეთ, რაც ტექნოლოგიების კომერციალიზაციას მოხმარდება.
ბუნებრივია, შემდეგი წლიდან ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობას.
მოამზადა თამარ დადიანმა