მარიკო გაფრინდაშვილი, თსუ-ის სტუდენტი:
– ვისურვებდი საუნივერსიტეტო კინო-თეატრსა და თეატრალურ დასს (სტუდენტებით დაკომპლექტებული), რომლის მეშვეობითაც, სტუდენტებს შეგვეძლება შევქმნათ დაუვიწყარი საღამოები, კინო-ჩვენება, დისკუსიები ფილმებისა და პიესების შესახებ, ჩვენივე სტუდენტების ნამუშევრების პრეზენტაცია, გამოჩენილი ხელოვანების მოწვევა და მათთან კომუნიკაცია. ეს ყოველივე ჩვენი შემოქმედებითი და კრეატიული განვითარების საწინდარია. ვინ იცის, იქნებ უამრავი ფარული რეჟისორი და მსახიობი სწავლობს ჩვენს უნივერსიტეტში...
ლელიკო ქურდაძე, თსუ-ის კურსდამთავრებული:
სტუდენტებს უნივერსიტეტში უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ გამართონ საახალწლო კარნავალი, ჰქონდეთ თავიანთი თეატრი, ჩატარდეს ფაკულტეტებს შორის რაიმე ტურნირები, თამაშები; მაგალითად, ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის იდეალური თამაში იქნებოდა „რა? სად? როდის?“, რომელშიც მოვიდოდა კითხვები ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და გამარჯვებულ გუნდს რაიმე პრიზი გადაეცემოდა.
უნდა აღდგეს უნივერსიტეტის კაფეებში საინტერესო შეხვედრები ხელოვანებთან, მწერლებთან, მსახიობებთან...
მესამე კურსის პირველ სემესტრში მერაბ კოკოჩაშვილის ლექცია პირველად მოვისმინე. მაშინვე მივხვდი — რამდენად მნიშვნელოვანი არის კინოსთვის ეს ადამიანი. თავიდანვე ძალიან მიხაროდა მისი მოსმენა და ბევრ რამეს ვსწავლობდი. ერთ-ერთი მისი მოცემული დავალება ასეთი იყო: რამდენიმე სიტყვისგან, რომელიც მოცემული გვქონდა, უნდა დაგვეწერა თემა: „ჩემი თვალით დანახული კინო.“ ჩემთვის კინოში მოხვედრა ბავშვობის ოცნება იყო, მერე დროთა განმავლობაში თითქოს მიმავიწყდა ეს ოცნება და სხვა რაღაცეებზე ვკონცენტრირდი, თუმცა ვაღიარებ — შინაგანად მაინც სულ მომყვებოდა ეს სურვილი. ჩემს თემაში აღწერილია გოგოს გრძნობები, იქამდე სანამ ჩაწერა დაიწყება. თავიდან ვერ გავიაზრე, თუმცა მერე მივხვდი — ეს გოგო მე ვიყავი. გულით მინდა — მომეცეს შესაძლებლობა — ავიხდინო ეს ბავშვობის ოცნება მერაბ კოკოჩაშვილის ახალ ფილმში და მეც ვიყო „ფირების და ფირფიტების“ სამყაროს ერთი გმირი.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– პანდემიამ უკან დაგვხია ყველა მიმართულებით. ჩაის სახლში გვქონდა პერიოდულად ხელოვან ხალხთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. თუმცა, უნივერსიტეტში მრავალი სხვა სივრცეცაა, სადაც ანალოგიური ტიპის ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი და მზაობას გამოვხატავთ ყველანაირად. ამასწინათაც გვქონდა გარკვეული საღამოები და შეხვედრები პოეტებთან და მწერლებთან, უბრალოდ რეგულაციების გამო ბევრ ადამიანს ვერ ვიწვევთ. გვაქვს ტელე-კინო ხელოვნების მიმართულებაც და ბატონ მერაბ კოკოჩაშვილთან შეიძლება საუბარი ამ თემატიკაზე. აქვე დავძენ, რომ ჩვენ გვაქვს სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სტუდენტს და სტუდენტთა ჯგუფს აქვს შესაძლებლობა — წარმოადგინოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება, ეს იქნება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სპორტული თუ კულტურული.
ჩვენ ვაფინანსებთ უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრალურ დასს – „სხვენს“. აქ რაღაც პერიოდულობით ტარდება სტუდენტთა შერჩევა და, ვინმეს სურვილის შემთხვევაში, არ მგონია, მისმა ხელმძღვანელმა არ გაითვალისწინოს სტუდენტის სამსახიობო შესაძლებლობები. დასი აქტიურად მუშაობს და საუნივერსიტეტო სააქტო დარბაზში პანდემიამდე მრავალი სპექტაკლი და მუსიკალური ღონისძიება გამართულა. როდესაც გვექნება შესაძლებლობა, რომ კულტურული ღონისძიებები დახურულ სივრცეში ჩატარდეს, ასეთი ტიპის ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად გაიმართება.
რაც შეეხება კინოს დარბაზის გაკეთებას უნივერსიტეტში, ცოტა დრო დაგვჭირდება. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია.