თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩანახატების კონკურსი — „გზა ტყვეობიდან თავისუფლებამდე“ ჩატარდა. კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიეძღვნა.
„ზუტად 102 წლის წინ, 1918 წელს, საქართველომ დაიბრუნა დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა და გამოეყო რუსეთის იმპერიას. ეს დღე ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი თარიღია და განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს. ჩანახატების კონკურსიც სწორედ ზემოთხსენებულის აღასანიშნავად ჩავატარეთ“, — აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კონკურსში გამარჯვებულად თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის IV სემესტრის
სტუდენტი რუსუდან ჯანჯალაშვილი დასახელდა. გთავაზობთ რუსუდან ჯანჯალაშვილის ჩანახატს.
გზა ტყვეობიდან თავისუფლებამდე
სარკმლიდან „დღის თვალის“ ოქროსფერ ფოჩებად დაღვრილ ნათელში გახვეულ სავარძელში მყუდროდ მოკალათებული პაპას წინ ვდგავარ. თუთუნისა და პიტნის ნაცნობი სურნელი მცემს და მეღიმება. ყურთასმენა დაძაბული მაქვს, დაცქვეტილი იმ ქართველის ყურებივით, რომლამდეც ის-ისაა „დეპეშით მიღებულმა რევოლუციამ“ მოაღწია.
მრავალმა წყალმა ჩაიარა საქართველოს პატარა, „სამწლიანი ოქროს ხანის“ შემდეგ, ჩემი ინტერესი კი არ განელებულა. ისტორიის შესწავლისთვის საქართველო მეოცე საუკუნეში უდიდესი განძია, ეს პერიოდი ხომ ტკბილმწარე მოგონებების შეუდარებელი მაგალითია: უხვია ცრემლიანი ცოდნით, აღზევებით, შემდგომ გასაბჭოებით და კვლავ მოპოვებული „ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფით“ — თავისუფლებით... გულის ამაფორიაქებლად სიმბოლურია ვარდის სურნელით გაჟღენთილი მაისი — ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა, საფუძველი კონსტიტუციას — ეროვნული დამოუკიდებლობის მარგალიტს ჩაეყარა, ჩვენი სამშობლოს დღევანდელობა გადაწყდა.
— პაპაა, დრო არ ითმენს, საუკუნეზე ორი წლით მეტი შესრულდება მალე, — ჩემი სიტყვების დასტურად კედლის საათმა ნაშუადღევს ჩამოჰკრა, — ახლა მაინც ხომ შეიძლება გამოყენება?
პაპას ცერად ეღიმება.დროით დაღარულ შუბლზე თითქოს ნაოჭები აკლდება და ოდესღაც ჭროღა, ახლა — ბუნდოვან, გაცისფრებულ თვალებში ეშმაკუნები უციმციმდება იმ პატარა ბავშვივით, რომელსაც თავისი საყვარელი ნუგბარის აღწერას სთხოვენ.
— „დროში მოგზაურის გენი“? გამოიყენე. უკვე დროა.
გაოგნებული შევცქერი. ისე ვიმეორებ — „დროში მოგზაურის გენი“, როგორც „სამწლიან ოქროს ხანაში“ მცხოვრები ჩემი თანატოლი გაიმეორებდა ფრაზას — „საქართველო დამოუკიდებელიაო“, თითქოს ჯერაც ვერ დაეჯერებინა მომხდარი... როგორც 1921 წლის 21 თებერვალს სამშობლოს დასაცავად გულანთებული იტყოდა, ქართულ სიტყვას არ მოვშლიო ჩემს სამშობლოში, თითქოს სხეულმა წონა დაკარგა და სული მაღლა, ვარსკვლავებისკენ აიჭრაო...
გახარებული იმით, რომ როგორც იქნა ამ „გენის“ გამოყენების უფლება მეძლევა, სინათლის სხივის სისწრაფით სხვენისკენ გავრბივარ. იატაკი მალევე ჩემს ფეხქვეშ ჭრაჭუნებს. ქარის ტალღებით დარწეული სახურავიდან მტვერი ცვივა. ხარბად ვისუნთქავ წარსულის მემკვიდრეობის მშრალ სუნს... დროჟამის „მათრობელა“ მოგონებებით გაჯერებული თითოეული საგანი დაუმთავრებელი მუსიკის სულს ჰგავს, რომელიც ეულად დაეხეტება სხვენში. აქ მთავარი ატმოსფერო დროა... აქ ყოველი უჯრა პატარა კუბოა, დროჟამის პატარა საცავი, მოგონებათა საფლავი. თითოეული კოლოფი, ფარდის თითოეული ნაოჭი სავსეა ქართული მოგონებებით, ქართული აზრით, ქართული სიტყვით, ქართველის მოპოვებული ქართული თავისუფლებით... აქ ქართული დროის მძლავრი გულისცემა გაისმის...
აკანკალებული ხელითა და აჩქარებული გულისცემით ვუახლოვდები ძველ კარადას გენის გამოსაყენებლად. თვალებს ვხუჭავ და...
1918 წელი, 26 მაისი, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია, ეროვნული საბჭოს კრება:
ვხედავ, თუმცაღა ვერ მხედავენ. თითოეული წინაპრის გულიდან ამოსული ძახილი მესმის, თუმცაღა ყელში ჯიუტად მობჯენილი ჩემი ძახილი — მათ არა. ეს შესაძლებელი რომც იყოს, ისედაც ვერც გაიგებდნენ, ქუჩის ჟრიამულში ჩაიკარგებოდა ჩემი ათრთოლებული შორისდებულები. ერთადერთი ხმა სჭექს ყველაზე მძლავრად მხოლოდ:
„ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“
„შევძელით“, „გავაკეთეთ“, „მივაღწიეთ, უფალო!“, „ჩრდილოეთის უღელი გადავაგდეთ“, „დავამარცხეთ გველეშაპი“, „გადავრჩით, ღმერთო“, „საკუთარი თავი აწი თავად გვეყუდნის, ხალხო!“, — დღესავით ცხადად ჩამესმის საუკუნის წინ მცხოვრებ წინაპართა ხმები, იმ გზაზე მოარულ თანამედროვეთა გულიანი ამოძახილები, ტყვეობიდან თავისუფლებისაკენ რომ დაუღალავად გაიკვალეს და გაიგნეს...
ჰაერი გაჟღენთილა გვიანი გაზაფხულის მოტკბო სურნელით. უფერო ნისლით ავსებულ თვალებში მცემს გაღებულ ფანჯარაში შემოღწეული მზის ცელქი ათინათი. თითქოს ირგვლივ ყველაფერს თავისუფლების სურნელი ასდის, წვიმის შემდეგ რომ იცის ხოლმე, ისეთი. 1918 წლის მზე ისეთივე ყოფილა, როგორც 2020-ისა...
შეუჩერებლად ვაცეცებ ირგვლივ თვალებს — ამ ხალხმა ჩრდილოეთის ქარის გამყინავ ქროლას და თავსხმა წვიმას გაუძლო ცისარტყელის დასანახად, ეს ცისარტყელა კი ახლახანს გამოცხადებული სიტყვა იყო, ძლიერი, მრავლისმეტყველი და ნაირფერი.
უზომოდ რთული იყო ეს გზა. უზომოდ. მაგრამ იმ მტანჯველ ეპოქებში ჩვენებს, ჩვენს წინაპრებს სწორედ იმედი ათბობდათ. მომავლის იმედი. ერთ მუშტად შეკრულ ხალხს მტერი ვერ მოერევა... სირსველასავით მოდებული, უსამართლო, შხამიანი და ბოროტი ვერასდროს დადგება ჭეშმარიტებაზე მაღლა, ვერასდროს აღზევდება, ვერასდროს გაიმარჯვებს, თუკი ალალმართალი მიზნით შეკრებილი ხალხი ამ ჭეშმარიტებას დაიცავს... მთავარია, ნაბიჯი გადაიდგას, ერთმა გაბედოს, პატარა ნაკადული დიდ მდინარედ გადააქციოს, ადიდდეს, ზღვას შეუერთდეს, ოკეანედაც კი გადაიქცევა, ოღონდაც პირველი ნაბიჯი გადაიდგას, ოღონდაც გაბედონ...
შეძლეს. გაბედეს. და გამოუვიდათ.
ცხადად ვგრძნობდი — სისხლაჩქროლებულ, უჩვეულო აღტყინებით ავსებულ ამ ხალხს ისეთ ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს მთებსაც დაძრავდა, თითქოს მტრის მიერ დახლილი ტყვიაც კი ვერას დააკლებდა, არაფერი დაემართებოდა, აღარაფერი, რადგან მიზანს მიაღწია — საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მათმა სიმამაცემ ბედისწერის მძლავრი დარტყმები არარაობად აქცია. ამ ხალხს სიკვდილისაც არ ეშინოდა, ოღონდაც საკუთარი ენა გადაერჩინა, ის ენა, რომელზეც პირველად თქვა „დედა“, რომელიც თვალის პირველად გახელის მომენტიდან ესმოდა, რომელიც ესოდენ ძვირფასი იყო თითოეულისთვის... მთელი ქართველობისთვის.
მოულოდნელად ქარის ძლიერი ნაკადით დარწეული სხვენის ფიცრული იატაკის კვნესა მაფხიზლებს და რეალობაში მაბრუნებს. დაბლა ვიხედები.
ხელებში ფოლიანტის მსგავსი უზარმაზარი ალბომი მიჭირავს, რომლის ხავერდოვან ყდაზეც ნათელი ოქროსფერი წარწერა — „დროში მოგზაურის გენი“ მოჩანს. მახსენდება, რომ ეს ფრაზა გასული წლის 26 მაისს დავაწერე, თითქოს ამ უბრალო „რიტუალით“ აღვნიშნე ეს დღე, ჩვენი, ყველასი. ძველ კარადაში ვინახავდი ამ ალბომს, სავსეს გარდასულ დროთა მოგონებებით — სიგელებით, სტატიებით, მედლებით, ბარათებით, წერილებით, სხვათა მონაყოლი ამბების ჩანაწერებით, ჟურნალისტური გამოძიებებით, ფოტოებით...
ფანჯარას ჭრიალით ვაღებ. „უჰ, ერთ კარგ დეფენსტრაციას კი მოვუწყობდი ისტორიის მთელ უსამართლობას“, — მიელვებს გონებაში. ღიმილითა და ცრემლიანი ცოდნით აბრჭყვიალებული თვალებით ვიხედები ქუჩაში. საღამოს ბინდბუნდში ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვლანდავ... ეს ბინდბუნდი არ არის საბჭოეთივით შავი და უიმედო. უფრო კამკამაა, წვიმის სურნელივით თავისუფალი. ეს ბინდი მომავლის გარიჟრაჟია — ტყვეობიდან თავისუფლებამდე ტანჯვით გაკვალულ გზაზე დაფუძნებული.
მართალია, მთელი ეს „წარსულში მოგზაურობა“ ჩემს გონებაში ფორმირდა, რეალურად მხოლოდ წარსულის ერთ-ერთი კონკრეტული თარიღის ამსახველ მასალას დავცქეროდი და ვიკვლევდი, მაგრამ...
მაგრამ ვინ თქვა, რომ სწორედ ამიტომ ეს სინამდვილე არაა?!
ცხადზე ცხადია, რომ ჩვენ გადავრჩით. საბოლოოდ, უზარმაზარ, დამღუპველ, წითელ მონსტრს გადავურჩით, იქამდეც კიდევ მრავალჯერ დატრიალებულა ბედის ბორბალი უკუღმა, მაგრამ... ქართული თვითმყოფადობა გადაგვირჩინეს. დედა „ნანას“ ისევ ქართულად გვიმღერის.
შეძლეს. გაბედეს. და გამოუვიდათ. გადავრჩით. და გადავრჩებით.