Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორია ქართულ რეალობაში აკადემიური „მე – კონცეფცია“

მაია ტორაძე

 

ტრადიციულ სწავლების მეთოდებთან ერთად 21-ე საუკუნის სწავლების დიზანი (21 Century Learning Design) მასწავლებლებს  სთავაზობს სწავლის პროცესში ჩართონ ისეთი უნარები,  როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, ცოდნის გამოყენება ახალ სიტუაციებში, ინფორმაციის გაანალიზება, ახალი იდეების გააზრება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება და სხვ.

 

კვლევა, რომელზეც თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი  მეგი საჯაია პროფესორ ია აფთარაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს, სწორედ ამ საკითხებს შეეხება და მიზნად ისახავს თანამედროვე მოსწავლის „მე – კონცეფციის“ სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 5 c მოდელზე. ის ცდილობს გაარკვიოს, როგორ შეიძლება გაიზომოს ეს მოდელი და როგორია ქართულ რეალობაში აკადემიური „მე – კონცეფცია“.

 

21-ე საუკუნის სწავლების დიზაინის რამდენიმე მოდელი არსებობს. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება 5 c მოდელი, რომელიც გულისხმობს შემდეგ ფორმებს: კოლაბორაცია (ინდივიდუალური მუშაობის პროცესში სხვა ადამიანების პასუხისმგებლობებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა), კომუნიკაციის უნარები (ცოდნა იმისა, თუ როგორ გამოიყენონ ელექტრონული პლატფორმები შემდგომში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილთან დასაკავშირებლად), ცოდნის კონსტრუქტირება (სწავლების ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ სტუდენტმა შესძლოს სწორად გასცეს პასუხი ინფორმაციის ახალ ტალღას და,  კითხვებზე პასუხების ინფორმაციულ გარემოში ძებნის ნაცვლად, იპოვოს ის საკუთარი  ცოდნის, ანალიზის, გააზრებისა და შემეცნების საფუძველზე); სელფ-რეგულაცია (მოსწავლემ საკუთარი სწავლების პროცესის მიმართ გამოხატოს მეტი ინტერესი და მეტად იყოს ჩართული სასწავლო აქტივობებში. თანაც ეს პროცესი მისთვის გარედან მართული კი არ იყოს რაიმე სტიმულებით, არამედ პროცესი მიმდინარეობდეს თავის მიერ რეგულირებული ქცევების ფონზე)  და რეალური პრობლემის გადაჭრა (რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებს დავუსახოთ რეალური, მათ ირგვლივ არსებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად თავად მოახერხონ და შეიმუშავონ გზები).

 

რას ნიშნავს „მე – კონცეფცია“? დღესდღეობით ის განიხილება, როგორც აზრის, გრძნობისა და ქცევის განმსაზღვრელი შინაგანი ფაქტორი. „მე - კონცეფციის“ ჩამოყლიბების შემდეგ პიროვნებას ასევე უვითარდება თვითრეგულაციის განცდა და ექმნება დამოკიდებულებები საკუთარი თავისადმი. გარდა საკუთარი თავისა, მას აქვს წარმოდგენები სამყაროსადმი. მას სურს, რომ სხვების წინაშე წარდგეს ეფექტურად. ის აღიქვამს თავის თავს: როგორია, როგორი გარეგნობა აქვს, როგორ იქცევა, როგორი უნარები და თვისებები აქვს. ეს წარმოდგენები კი, საერთო ჯამში, ქმნიან მთლიან სურათს მე-ს შესახებ. ეს სურათი მეტ-ნაკლებად ობიექტურია, თუმცა საკმაოდ რთული.

 

რაც შეეხება აკადემიურ მე - კონცეფციას, ეს  არის აღქმა, რომელიც  სტუდენტს საკუთარი აკადემიური შესაძლებლობების შესახებ აქვს. ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლადს აკადემიურ სამყაროში. აკადემიური „მე - კონცეფცია“ გავლენას ახდენს სწავლის პროცესსა და კოგნიტურ ფუნქციონირებაზე.

 

როგორც მეგი საჯაია ამბობს, მსგავსი კვლევა პირველად ტარდება ქართულ სინამდვილეში და თუ დადგინდება კორელაცია „მე – კონცეფციასა“ და სწავლების თანამედროვე დიზაინს შორის, ასევე გამოიკვეთება, თუ რომელია 5 c მოდელიდან  წამყვანი ფაქტორი და ახდენს თუ არა ის გავლენას სხვა ფაქტორებზე, ნაშრომი კიდევ ერთი დამატებითი სახელმძღვანელო იქნება პედაგოგებისთვის, რომ მოსწავლეებს/სტუდენტებს  დაეხმაროს შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და  თანამედროვე სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებაში.