გიორგი ღაღანიძე
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანი, პროფესორი
რა იმედებით ვხვდებით 2022 წელს? პირველ რიგში იმ იმედით, რომ ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში სტუდენტთა რაღაც ნაწილი მოვა მაღლივ კორპუსში და სტუდენტური სასიამოვნო ხმები ისევ გაისმება აუდიტორიებში. იმედი მაქვს, რომ 2022 წელს კოვიდ პანდემია დასრულდება და დავუბრუნდებით უფრო ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს, თუმცა ეს არ იქნება ის, რაც იყო პანდემიამდე. იმედია, პანდემიის შემდგომი მსოფლიო უფრო ძლიერი და ერთიანი იქნება. იმედია, საქართველოც უფრო ძლიერი და ერთიანი იქნება. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში.
2021 წელი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. გავიდა ონლაინ სწავლების კიდევ ერთი წელი, სიახლის აღქმის შემდეგ დარჩა რუტინული საქმიანობა და დაეცა მოტივაცია. ამდენად, აუცილებელი გახდა ადმინისტრაციული რესურსის უფრო ფართოდ გამოყენება, რომ სასწავლო პროცესის მსვლელობა არ დარღვეულიყო. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ფაკულტეტის ადმინისტრაციის კარგად კოორდინირებული მოქმედებები, არც ერთი დაგეგმილი ღონისძიება არ გადაიდო. ეკონომიკის სამივე დონის პროგრამებმა მიიღეს სრული აკრედიტაცია. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია კი ჩატარდა არნახული მონაწილეთა რაოდენობით, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. პრაქტიკულად, არ ყოფილა სასწავლო პროცესში (ლექცია/სემინარები, საგამოცდო პერიოდი) რაიმე სერიოზული შეფერხება. ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა არ შეანელა სამეცნიერო აქტივობები და გაზარდა საერთაშორისო პუბლიკაციები, მათ შორის, ყველაზე უფრო რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალებში. სადოქტორო დისერტაციების დაცვა მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში, ევროპელი კოლეგების ჩართვებით ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ამ შესაძლებლობას, ალბათ, მომავალში უფრო ფართოდ გამოვიყენებთ.
ვულოცავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ 2022 წელს! უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისაა ქვეყნის ინტელექტუალური ხერხემალი, მის წიაღში იბადება ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების იდეები, მისი სტუდენტობა დგას ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვის წინა ფლანგზე. 2022 წელს თსუ-ს ვუსურვებ ყველა დაგეგმილი აქტივობის შესრულებას. პანდემია აღმოჩნდა გამოწვევა, რომელიც თსუ-მ შესაძლებლობად აქცია. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და მხნეობა რექტორს, მისმა ლიდერობამ თსუ-ს დააძლევინა პანდემიური სირთულეები... მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა თსუ ადმინისტრაციას სრული შემადგენლობით, ხოლო აკადემიურ პერსონალს და სტუდენტობას ვუსურვო, რომ 2022 წელს ისევ განვიცადოთ აუდიტორიებში ერთმანეთთან შეხვედრის სიხარული!