2 019 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თითქმის ერთხმად ლაშა საღინაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი (საბჭოს 61 წევრიდან 56-მა ხმა მისცა, 2 იყო წინააღმდეგი, 3 ბიულეტენი გაბათილდა). არჩევამდე კანდიდატმა საბჭოს გააცნო სამუშაო კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018 წელს დამტკიცებულ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას ეყრდნობოდა.
ახლად არჩეულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელსაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაბარების დღიდან უნივერსიტეტი შემდგომაც თითქმის არ დაუტოვებია, ახალი ხედვები და მიდგომები აქვს უნივერსიტეტის განვითარების კუთხით. ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ბიუროკრატიული ბარიერების „დამარცხება“, კორპორატიული კულტურის ამაღლება, ღირსეული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისება/მოტივირება და სხვა ინიციატივები ახალი ხელმძღვანელის გეგმებშია, რომელიც თსუ-ის რექტორისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების მხარდაჭერით აპირებს იმ სიმაღლეების დაპყრობას, რასაც უნივერსიტეტი იმსახურებს. არ ივიწყებს მისი წარსულის სიძლიერეს და ფიქრობს — უნივერსიტეტის, როგორც ბრენდის, პოტენციალი შეძლებისდაგვარად გამოიყენოს ფინანსების მოსაზიდად, რასაც კეთილ ინიციატივებს მოახმარს.
თავის ხედვებსა და მიზნებზე ლაშა საღინაძე გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ ესაუბრა.
წელს შრომის ანაზღაურების გაზრდა იგეგმება
როგორც იცით, 2019 წლის 26 დეკემბრიდან ვასრულებ ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოვალეობებს უნივერსიტეტში. პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს წინამორბედს, ქალბატონ ნუნუ ოვსიანიკოვას იმ ღვაწლისთვის, რაც მან უნივერსიტეტის და ჩემს წინაშე გასწია; მადლობა აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს და ბატონ რექტორს მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში დამიდგა. რაც შეეხება სტრატეგიას, რითაც წარვსდექი საბჭოების წინაშე და რის განხორციელებასაც ვაპირებ, მოგახსენებთ: პირველ რიგში, გავაანალიზეთ ის სუსტი მხარეები, რაც უნივერსიტეტში დღეს გვაქვს — ეს არის არასაკმარისი ფინანსები და, აქედან გამომდინარე, გამოწვევაა არსებული ფინანსების მაქსიმალურად ეფექტური მართვა; სახეზეა, ასევე, მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცესები უნივერსიტეტში... სუსტი მხარეების გააზრების შემდეგ გარკვეული სამოქმედო გეგმა განისაზღვრა. სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი გახლავთ სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, რაც ითვალისწინებს მიმდინარე წლის 1 მარტიდან აკადემიური პერსონალისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ასევე, 1 მარტიდან უზრუნველვყოფთ იმ გარკვეული ტექნიკური პერსონალის სარგოს ზრდასაც, რომლის ანაზღაურებაც ძალზედ მცირეა, ხოლო დანარჩენ ადმინისტრაციულ ტექნიკულ პერსონალს 1 სექტემბრიდან გაეზრდება ანაზღაურება — ეს არის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო მიმდინარე წლისთვის დაგვეგეგმა. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომელთა ანაზღაურების მოწესრიგების მიზნითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. თუ წამოგვეწევა სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ფინანსები ან შიდა რესურსებით თუ შევძლებთ დამატებითი ფინანსების მობილიზებას, სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესს წელსაც გადავხედავთ და მომავალი წლიდანაც გავაგრძელებთ სიახლეებს ამ მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება საკმაოდ რთულია; ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა.
მომავალი წლისთვის სენატს პროგრამულ ბიუჯეტს წარუდგენენ
იმისთვის, რომ ფინანსები სწორად და გამჭვირვალედ ვმართოთ, აუცილებელია შესაბამისი პროგრამული ბიუჯეტის ქონა და მომავალი წლისთვის სწორედ პროგრამულ ბიუჯეტს წარვადგენთ სენატში დასამტკიცებლად. ეს გულისხმობს დოკუმენტში პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის და მათი განხორციელების გზების ნათლად გაწერას შესაბამისი ბიუჯეტის დართვით. ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაინახოს — თუ რა მიმართულებით იხარჯება ფინანსები უნივერსიტეტში. ასევე, ვფიქრობთ, ინდიკატორებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შედგენის წესზეც, რაც გულისხმობს გარკვეულ ინდიკატორებზე აწყობილ მექანიზმს. ფაკულტეტებს ბიუჯეტებს სწორედ ამის მიხედვით განვუსაზღვრავთ. ეს ინდიკატორები შეიძლება იყოს აკადემიური, სამეცნიერო, ინტერნაციონალიზაციის, ადმინისტრაციული და ა.შ., რასაც მიმდინარე წლის ფარგლებში განვსაზღვრავთ და შევთავაზებთ ფაკულტეტებსა და სტრუქტურებს. იმისათვის, რომ მეტი ფინანსები მოვიზიდოთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია პროცესების კომერციალიზაცია. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი მეტი ფინანსების მოსაზიდად, თუნდაც, უნივერსიტეტის სახელიდან გამომდინარე და მისი, როგორც ბრენდის, გამოყენების თვალსაზრისით. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ასევე, იცით, რომ 2018 წელს, იუბილეს ფარგლებში, დაფუძნდა უნივერსიტეტის საზოგადოება, რომელიც თავდაპირველად კარგად მუშაობდა, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მხარდაჭერა დააკლდა. მიმდინარე პერიოდიდან ჩვენ გავაძლიერებთ მარკეტინგულ კამპანიას და ვიმედოვნებთ, რომ ის წყარო, რაც თსუ-ს ჰყავს კურსდამთავრებულთა სახით (თავისი არსებობის მანძილზე უნივერსიტეტს 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს), ფინანსების მოზიდვის კუთხით, გარკვეულწილად, დაგვეხმარება.
როგორ ანაზღაურდება დეკრეტული შვებულება
შეიძლება ვინმესთვის ცოტა ტექნიკური საკითხი იყოს, მაგრამ ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად უნივერსიტეტში (და სხვა დაწესებულებებშიც) განიხილება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი. ზოგადად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ, ვისზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) არ აქვთ ვალდებულება — დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გასცენ, გარდა იმ 1000 ლარისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტო გასცემს. ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ სხვა სტრატეგია შევიმუშავეთ — პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, ვინც მოისურვებს დეკრეტული შვებულების აღებას, მას ხელფასის სამმაგი ოდენობით უზრუნველვყოფთ, ხოლო მომავალი წლიდან — ხელფასის ექვსმაგი ოდენობით. აქამდე უნივერსიტეტში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება არ ხდებოდა
ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი გეგმა
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ქონების მოვლის მიმართულებით ბევრი რამ განსახორციელებელი გვაქვს. გარკვეული ტექნიკური და ბიუროკრატიული მიზეზების გამო უნივერსიტეტში, ათეულობით წლის განმავლობაში, დაგროვდა ჩამოწერილი ინვენტარი, ჯართი თუ მაკულატურა. ჩვენ შევძელით 85 ტონამდე ჯართი გაგვეტანა და პირობა დავდე, რომ 2021 წლის ბოლომდე უნივერსიტეტის სივრცეები მთლიანად იქნება გათავისუფლებული ამ დრომდე დაგროვებული მაკულატურისგან, ჯართისგან თუ სხვა ჩამოწერილი ინვენტარისგან. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული სივრცეები გამოვიყენოთ სხვა დანიშნულებისთვის, როგორიც არის სააუდიტორიო და კვლევითი სივრცის მოწყობა. ინფრასტრუქტურული მიმართულებით კი გამოვყოფ მეორე კორპუსის რეაბილიტაციის პროექტს. პირველ ეტაპზე 5.7 მილიონ ლარამდე უკვე დაიხარჯა. მეორე ეტაპზე ტენდერით შერჩეულია ახალი კომპანია. დაწყებულია სამუშაოები. საერთო ჯამში, დამატებით, 21.3 მილიონი ლარი დაიხარჯება და ეს კორპუსი, სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების თვალსაზრისით, ალბათ, იქნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის საქართველოში (და არა მარტო). რა თქმა უნდა, ის ისტორიული სიძველეები, რაც ამ შენობას აქვს მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება მე-10-ე (მაღლივი) კორპუსის რეაბილიტაციის გეგმას, მაღლივში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სამი სართულის რეაბილიტაცია ხორციელდება და ამ კორპუსის სრულად რეაბილიტაციას ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ. მაღლივ კორპუსში ჩვენ უკვე უზრუნველვყავით სახანძრო უსაფრთხოების სისტემების და ფოიეს მოწესრიგება. ასევე, მიმდინარე წელს, ბიოლოგების კორპუსში დამონტაჟდება ლიფტები, რომელიც ამ შენობას საერთოდ არ გააჩნდა. შესაბამისად, შშმ პირებს ექნებათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.
იგეგმება თსუ-ის სხვა კორპუსების რეაბილიტაციაც, რის შესახებაც მოგვიანებით დავკონკრეტდებით.
თსუ ფლობს დიდი რაოდენობის ქონებას როგორც მიწის სახით, ასევე, შენობების სახით. ამ სივრციდან გარკვეული ნაწილი არის გამოუყენებელი. ჩვენ ვფიქრობთ გარკვეული ქონების პრივატიზებას სახელმწიფოსთან შეთანხმებით და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრივატიზებიდან შემოსული სახსრებით ახალ სასწავლო თუ სამეცნიერო დანიშნულების ინფრასტრუქტურას შევქმნით. პირველი თუ მეორე კორპუსების უკანა ტერიტორიაზე და, ასევე, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვგეგმავთ სივრცეების მოწყობას. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელს ინვესტორი უკვე იქნება შერჩეული და მაღლივი კორპუსის მიმდებარედ 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები. საერთო საცხოვრებლის ოთახების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობის გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, ბიბლიოთეკები, კაფეები თუ სხვა. ვეცდებით სახსრები გამოვნახოთ ბაგების საერთო საცხოვრებლისთვისაც ხელის შესავლებად. დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ერთ-ორ წელიწადში ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნება ისეთი, როგორიც ეკადრება თსუ-ს.
იგეგმება შედეგზე ორიენტირებული და ნაკლები ბიუროკრატიის მქონე სტრუქტურის შექმნა
რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესებს, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები მომდინარეობს საჯარო დაწესებულების შესაბამისი კანონმდებლობიდან. თუმცა, გარდა ამისა, არის პროცესები, რომელთა გამარტივებაც შესაძლებელია. ვფიქრობთ, რომ შევქმნით ახალ სტრუქტურას, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და ნაკლები ბიუროკრატიის მქონე. განსაზღვრულია საკადრო პოლიტიკის რეგულირება — თანამშრომელთა აყვანა, ძირითადად, კონკურსის წესით განხორციელდება, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. თსუ-ში წლების განმავლობაში დაგროვილმა პრობლემამ კატასტროფული სახე მიიღო. 55/45-ზეა შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების პროპორცია, რაც არასწორია. შტატგარეშეების რაოდენობა უნდა იყოს გაცილებით მცირე. შტატგარეშე თანამშრომელი კონკრეტულ თანამდებობაზე თავისი ამოცანის შესასრულებლად დროებით არის აყვანილი, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ეს ადამიანები წლების განმავლობაში ასრულებენ მუდმივ სამუშაოებს, რაც უკვე რეალობას სცილდება, რადგან, თავისი არსით, ასეთი თანამშრომლები შტატში უნდა იყვნენ. 2021 წლიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ შტატგარეშეთა ნაწილის შტატში გადაყვანას. მომავალი წლის ახალ ბიუჯეტში ეს პროცესი გათვალისწინებული იქნება. პირველ ეტაპზე, ახალი სტუქტურის ფორმირებისას, მინდა, შემოვიტანოთ გარკვეული თანამდებობები სპეციალისტების დონეზე. ამჟამად ჩვენთან ორი ძირითადი თანამდებობაა — ეს არის „მთავარი სპეციალისტი“ და „უფროსი სპეციალისტი“. ახალი სტრუქტურის პირობებში კი დეპარტამენტის და განყოფილების ქვემოთ გვეყოლება რამდენიმე რანგის თანამშრომელი — ეს არის „მთავარი სპეციალისტი“, შემოვიღებთ „წამყვანი სპეციალისტის“ თანამდებობას, გვეყოლება „უფროსი სპეციალისტი“ და გვეყოლება „სპეციალისტი“. აღნიშნული კატეგორიები სამუშაო აღწერილობის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საფეხურიანი რანგირება ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივაციის ამაღლებასაც ხელს შეუწყობს. ბიუროკრატიულ პრობლემებს იწვევს, ასევე, ზედმეტად ცენტრალიზებული სტრუქტურის არსებობა უნივერსიტეტში, რადგან თითქმის ყველა გადაწყვეტილების მიღება, ძირითადად, ცენტრალურად ხდება, რაც პროცესებს ართულებს და ახანგრძლივებს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევქმნით დოკუმენტს, რომელიც პასუხისმგებლობებს გადაანაწილებს სტრუქტურების მიხედვით და გარკვეული დელეგირება მოხდება. არ არის აუცილებელი, ყველა დოკუმენტს მხოლოდ ხელმძღვანელი აწერდეს ხელს. ასეთი მიდგომა პროცესებს საკმაოდ მოქნილს და მობილურს გახდის.
მალე ახალი შინაგანაწესი ამოქმედდება
ძალიან მალე უკვე მივიღებთ ახალ შინაგანაწესს, სადაც გათვალისწინებული იქნება ახალი თანამედროვე მოთხოვნები, რაც უნდა ჰქონდეს ამ ინსტიტუციას. მოქმედი შინაგანაწესი საკმაოდ მოძველებულია და ის ჩანაწერებიც, რაც მასშია, უკვე მოქმედ კანონმდებლობასთანაც არ მოდის შესაბამისობაში. ძალიან ტექნიკურ საკითხზე შეიძლება გადავიდეთ, მაგრამ ისეთი საკითხები, როგორიც არის ე.წ. Dაყ ოფფ-ები (დასვენების დღე), რაც, რეალურად, უნივერსიტეტში არ არის, შეიძლება შემოვიღოთ. ეს ინიციატივა გათვალისწინებულია იმისთვის, რომ თანამშრომელმა არა მარტო შვებულებით ისარგებლოს, არამედ აიღოს Dაყ ოფფ, მაგალითად, ექიმთან კონსულტაციის საჭიროებისთვის ან სხვადასხვა პირადი პრობლემების მიზეზით ისე, რომ შვებულების დღეები არ გამოიყენოს. ასევე დარეგულირდება სამსახურში წასვლა-მოსვლის საკითხები. ამ მიმართულებით რიგ შემთხვევაში ძალიან მკაცრები ვართ, რიგ შემთხვევაში საკმაოდ ლმობიერები. ამიტომ ამ პროცესებს დავარეგულირებთ და ვიმედოვნებთ, რომ დისციპლინური სახის პრობლემები ახალი შინაგანაწესის მიღების შემდეგ აღარ იქნება. ახალ შინაგანაწესს (პროექტს), რომელიც უკვე შევიმუშავეთ, ყველა სტრუქტურას დავუგზავნით და მათი შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებთ საბოლოო დოკუმენტს.
გეგმაშია საგამოცდო პროცესის სრული კომპიუტერიზაცია და სასწავლო ბაზის სრულყოფა
უნივერსიტეტის ქონების ნაწილის პრივატიზებიდან შემოსული სახსრებით (რაზეც უკვე ვისაუბრეთ), ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის საგამოცდო პროცესის სრული კომპიუტერიზაციის უზრუნველყოფას შევძლებთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, ამ ეტაპზე, რეალურად, ორი ძირითადი პრობლემა გვაქვს, რაც ეხება სასწავლო ბაზასა და საგამოცდო პროცესს. საგამოცდო პროცესზე უკვე ვთქვი, რომ კომპიუტერიზებული გახდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული დამკვირვებლების ანაზღაურება გავზარდეთ 33 %-ით. ამ მიმართულებით წინა პერიოდში გარკვეული პრობლემები არსებობდა, მაგრამ ეს პროცესი გამოსწორდა და პრობლემა აღარ გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ საგამოცდო ინფრასტრუქტურა უფრო დიდი გახდება და კონტინგენტის განაწილების პრობლემა აღარ გვექნება, როცა ხსენებულ ტექნოლოგიებზე გადავალთ. რაც შეეხება სასწავლო ბაზას, თქვენ იცით, რომ შარშან უნივერსიტეტი ლმს-ზე გადავიდა და გარკვეული ტექნიკური პრობლემები გვქონდა, რაც თავდაპირველ ეტაპზე ბუნებრივია. ის პრობლემები, რაც იყო, ამ პერიოდის განმავლობაში, ძირითადად, უკვე აღმოფხვრილია. ჩვენ ერთი თვის ვადაში უზრუნველვყოფთ ლმს-ის განახლებული ინტერფეისის შექმნას და ჩაშვებას (საუბარია ლმს-ის მობილური ვერსიის გაკეთებაზეც). თუ ეს პროცესები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სასწავლო ბაზა ისე გაიმართოს, როგორც ეს თსუ-ს ეკადრება, მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ბაზის შეცვლასაც. ვიმედოვნებ, რომ ის სამუშაოები, რაც ამ მიმართულებით უკვე გაწეულია და ის პროცესები, რაც დაგეგმილია, სასწავლო ბაზას სრულყოფილს გახდის.
თსუ-ს ახალი ვებ-გვერდი ექნება
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თებერვლის თვიდან ამოქმედდება თსუ-ის ახალი ვებ-გვერდი. ძველი ვებ-გვერდი, უკვე კარგა ხანია, თანამედროვე მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს და ამ მიმართულებით ცვლილების საფუძველზე შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, რომელშიც ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების ასახვა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სრულყოფილი საიტი გამოგვივა. ასევე, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან, გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და, ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ბანკი იღებს ვალდებულებას — უზრუნველყოს მობილური აპლიკაციის შექმნა, ანუ თსუ-ს ექნება უკვე თავისი მობილური აპლიკაცია, რომლითაც ისარგებლებენ როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი. ვიმედოვნებთ, რომ ამ აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება.
ცვლილებები სტუდენტური პროექტების წარმოდგენისთვის
2017 წლიდან ამოქმედებულია სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი, რამაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. ყოველ წელს ასეულობით ათასი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით და მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, დაფინანსება გაგრძელდება. ამ კუთხით ჩვენ მცირე ცვლილებები განვახორციელეთ და შევცვალეთ ფორმები, რათა სტუდენტებისთვის უფრო გამარტივებულიყო პროექტების წარმოდგენის პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წლიდან წლამდე ამ პროექტების ხარისხი უმჯობესდება, რაც ძალიან გვახარებს. იმისათვის, რომ პროცესით კიდევ მეტი სტუდენტი დავაინტერესოთ, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია მუშაობა, თუნდაც, საინფორმაციო კამპანიის სახით.
თანამშრომელთა წახალისების პერსპექტივები
თანამშრომლების წახალისება აუცილებელია. თანამშრომელმა დაწესებულების ხელმძღვანელობისგან უნდა იგრძნოს, რომ ზრუნავს მასზე და რაღაცით ახალისებს მას. ის, რომ უნივერსიტეტში ბოლო წლების განმავლობაში მატერიალური წახალისება აღარ ხორციელდებოდა პრემიების სახით, ეს, გარკვეულწილად, ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული და არა ხელმძღვანელობის იმ გადაწყვეტილებით, რომ თანამშრომელს არ სჭირდება პრემია. მიმდინარე წელს გარკვეული ფინანსები გამოიყო შრომის ანაზღაურების გაზრდის კუთხით. სტუდენტზე მიბმული დაფინანსების სისტემა არ გვაძლევს, ამ ეტაპზე, საშუალებას, რომ უფრო მეტად და მეტად წავახალისოთ ჩვენი თანამშრომლები, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს პერიოდში დაფინანსების სისტემა შეიცვლება და ამოსუნთქვის საშუალება გვექნება. როგორც ვთქვი, მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლისთვის, რადგან მოტივირებული თანამშრომელი ძალიან ბევრ საქმეს უკეთ აკეთებს. ამიტომ, მატერიალური წახალისება, რა თქმა უნდა, კვლავ დაიწყება. მომავალ პერიოდზე ამის გარეშე არც ვსაუბრობთ. მიმდინარე წელს ეს შეუძლებელია. მომავალი წლიდან კი, ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ პრემირების პროცესს გავაგრძელებთ, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — შეფასებაზე დაფუძნებული სისტემის პირობებში პრემიებს ზოგი ვერ მიიღებს, ზოგი მეტს მიიღებს, ზოგი — ნაკლებს. ეს მოხდება მისი დამსახურების და შეფასებების გათვალისწინებით, თუმცა, მიმდინარე წელს ეს ნაკლებ მოსალოდნელია. თუ რომელიმე ფაკულტეტზე ფინანსური რესურსი მცირე პრემირების შესაძლობლობას გააჩენს, ამ პროცესს ხელს არ შევუშლით. პრემიები ცუდი არასდროს არის. როცა „საჯარო სამსახურების შესახებ“ კანონი ამოქმედდა, მასში გაჩნდა გარკვეული ჩანაწერი, რომელიც პრემიების მოცულობას ზღუდავს ან ამ პროცესს საერთოდ კრძალავს. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება გარკვეულმა პირმა კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად მოეთხოვებოდა, გამოირჩეოდეს დადებითი მოსწრებით — ძალიან ბევრი ფაქტორია, რისი ერთობლიობაც მოითხოვს, რომ ეს ადამიანი აუცილებლად წახალისდეს და ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის თემას, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიმუშავეთ, უკეთესი პირობები ავსახეთ სატენდერო პირობებში (ამის ხარჯზე თანხა არ გაგვიზრდია) და პაკეტიც გავაუმჯობესეთ, რათა თანამშრომლები მეტად კმაყოფილები იყვნენ.
კორპორატიული კულტურა ასამაღლებელია
ლოიალობა და კორპორატიული დამოკიდებულება ნებისმიერი დაწესებულებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ისეთი რთული ორგანიზმისთვის, როგორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც 5 000-ზე მეტი თანამშრომელი და 22 ათასი სტუდენტი მოღვაწეობს, ძალიან რთულია აქ მოღვაწე საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა, თუმცა, ამ მხრივ, არც თუ ისე ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. მიმდინარე წელს გვაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა კორპორატიული კულტურა მორალის თემასაც უკავშირდება. მე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც აქ გავიარე, 2017 წლიდან უნივერსიტეტში გავაგრძელე მუშაობაც. ახლა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს და ამ უნივერსიტეტის და, ზოგადად, ამ დაწესებულების მიმართ დიდი სიყვარული გამაჩნია. მე, პირადად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ორგანიზმი ერთიანი გახდეს და კორპორატიული კულტურა გამძაფრდეს, რათა ისევ და ისევ იმ სიმაღლეზე ვიყოთ, რა სიმაღლეზეც წლების განმავლობაში იყო და არის უნივერსიტეტი. ჩვენ გარკვეული გეზი გვაქვს აღებული და მარტო რეგიონში პირველობით არ დავკმაყოფილდებით. გვინდა, რომ უფრო შორსაც წავიდეთ — აღმოსავლეთ ევროპას გადავწვდეთ და ამ „ბრძოლაში“ ნებისმიერი თანამშრომლის ლოიალობა და უნივერსიტეტის მიმართ სიყვარული არის მნიშვნელოვანი. ძალიან ბანალური ფრაზაა, მაგრამ ყველამ თავისი საქმე კარგად რომ აკეთოს, ამ უნივერსიტეტს მეტი არ სჭირდება, რადგან მას ისედაც დიდი ისტორია აქვს. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ შევძლებთ — უნივერსიტეტი საამაყო იყოს თაობებისთვის.
ბიოგრაფიული მონაცემები
ლაშა საღინაძე — დაიბადა 1986 წლის 22 იანვარს. 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მარკეტინგის სპეციალობით (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი); მანამდე კი დაამთავრა ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით (სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი). 2008 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობდა ჯერ ფინანსური რესურსების დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროს სპეციალისტად, ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, შემდეგ ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსად და ბოლოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად. 2017 წლიდან 2019 წლამდე გახლდათ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017 წლიდან დღემდე არის ავტორიზაციის ექსპერტი (უმაღლესი განათლების მიმართულებით). 2017-2018 წლებში იყო ადგილობრივი ექსპერტი პროფესიული განათლების დაფინანსების მიმართულებით (PEM GMBH (MCA funded project Industry-led Skills and Workforce Development Project (ISWD)); 2018-2019 წლებში გახლდათ ფინანსური ექსპერტი (PWC– GGF-ის პროექტი — საქართველოში პროფესიული განათლების სწავლების ეფექტურობის გაზრდა, სიცოცხლისუნარიანი საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) მეშვეობით); 2019 წლიდან იყო ფინანსური ექსპერტი (PWC — GE67 პროექტი — დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების შემუშავება პროფესიული განათლების მიმართულებით); 2019 წლიდან, ასევე, იყო ფინანსური კონსულტანტი (მსოფლიო ბანკი (WB): მასწავლებლის ხარისხის გაძლიერება პროფესიული განათლების და გადამზადების მიმართულებით); 2019 წლის 26 დეკემბრიდან კი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.