მაია ტორაძე
მიზნობრივმა სამეცნიერო-კვლევითმა პროექტმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების ხელახლა დასახლების პროცესში.
ბოლო ათეული წლებია საქართველო მთიანი რეგიონების სოფლების დაცარიელების პრობლემის წინაშე დგას. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რომელსაც ასევე შეეხო ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეს ზოგადი ტენდენცია, გამოიკვეთა უკუმიგრაციის შემთხვევები.
პროექტი მიზნად ისახავს ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მაგალითზე შეისწავლოს საქართველოს შინამეურნეობების საარსებო წყაროების ადაპტაციის პროცესი უკუმიგრაციის ფონზე. მხარის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესის სიღრმისეული შესწავლა და ახალი ინფორმაციის წარმოება, რათა შემდეგში მეცნიერული ცოდნით გამყარებულმა პრაქტიკულმა გადაწყვეტებმა ეფექტიანად უზრუნველყოს ამ მხარის ხელახლა დასახლება და მდგრადი განვითარება. კვლევა, ერთი მხრივ, ფოკუსირებულია აქტორზე (შინამეურნეობა, ინდივიდი), ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე განვითარების პროგრამებზე, სოფლის განვითარების ზოგადი პოლიტიკით გამოწვეულ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე (Prowse, 2010).
„ეს საკითხი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაგალითზე ამ დრომდე არ არის გამოკვლეული. მოხდება რეგიონის ფართო გეოგრაფიულ ჭრილში შესწავლა, რაც კვლევის სიახლე და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პროექტის ერთ-ერთი სამეცნიერო სიახლეა შერეული მეთოდების კონვერტული პარალელური დიზაინის მიდგომის გამოყენება, რომლის ფარგლებშიც საკვლევ მუნიციპალიტეტებში ჩატარდება მოსახლეობის თვისებრივი და რაოდენობრივი გამოკითხვა. მიღებული შერეული მონაცემები კი გაანალიზდება ინოვაციური ფუნქციების მქონე MAXQDA-ის გამოყენებით. თვისებრივი მონაცემებისთვის კი დამატებით მოხდება ტიპოლოგიზაციისა და "Quantitizing"-ის პრინციპების გამოყენება“, – გვითხრა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოსებ სალუქვაძემ.
პროექტის სახელწოდებაა „მთიანი რეგიონების ახალი სიცოცხლე: უკუმიგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მაგალითზე“. პროექტის განხორციელება 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მასში ჩართულნი არიან როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორები, ასევე, სამივე საფეხურის სტუდენტები. პროექტის თანახელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია, კოორდინატორი — დოქტორობის კანდიდატი გვანცა სალუქვაძე, უფროსი მკვლევარი — დოქტორობის კანდიდატი თემურ გუგუშვილი, მკვლევრები — სტუდენტები სოფიო მელაძე და გიორგი წულაია.
პროექტი დაფინანსებულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ 11 140 ლარით. შედეგების პრეზენტაცია მომავალის წლის შემოდგომაზე იგეგმება.