თამარ დადიანი
„პოსტპანდემიური საზოგადოების მმართველობაში ნიჭიერი ადამიანები მოვლენ. მოსალოდნელია საზოგადოებაში თანდათან მოხდეს მასშტაბური ტრანსფორმაცია. წარსულს ჩაბარდება დიქტატურა და ტოტალური რეჟიმები. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდება მომავალი და მასზე ზრუნვა. წინ წამოიწევს ეკოლოგიური საკითხები, მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის განათლება. წინა პლანზე წამოიწევს თეორიული ცოდნის, როგორც სიახლის დანერგვისა და პოლიტიკის ფორმულირების საფუძვლის წამყვანი როლი. საზოგადოებას მართავს მერიტოკრატია. მერიტოკრატია გულისხმობს საზოგადოების მართვას ყველაზე ნიჭიერების მიერ“, — ასე გამოკვეთა პოსტ-პანდემიური საზოგადოების კონტურები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ჯემალ ხარიტონაშვილმა მორიგ საზღვარგარეთულ პუბლიკაციაში „The Contours of a post-pandemic Society"„ (პოსტ-პანდემიური საზოგადოების კონტურები), რომელიც გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში „THE SEPIKE“ (Journal L’ Associacion 1901 „SEPIKE“, Ausgabe 30, Poitiers (France), Frankfurt (Germany), Los Angeles (USA), ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების დადებითი დასკვნების საფუძველზე.
ჯემალ ხარიტონაშვილი 2016 წლიდან არჩეულია ევრო-ამერიკული ასოციაცია SEPIKE 1901-ის წევრად. ამავე წელს პროფესორმა ჟურნალში „THE SEPIKE“ პირველი სტატია „Liberalism or Regulation“ გამოაქვეყნა. ამავე ჟურნალში მან კიდევ რამდენიმე პუბლიკაცია დაბეჭდა, რომელმაც უცხოელი კოლეგების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
გვესაუბრება ჯემალ ხარიტონაშვილი
„მიმდინარე გლობალურმა პანდემიამ ლურჯი დედამიწა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. კორონავირუსმა დაგვანახა, რომ მის წინაშე ყველა ერთია. მან არ იცის მდიდარი და ღარიბი, სუსტი და ძალგულოვანი. მსოფლიოში ყალიბდება აზრი, რომ შეიქმნას ახალი მსოფლმხედველობა, რომელიც ყველას და ყველაფერს ერთ სივრცეში დააყენებს და იქნება ჰუმანური.
პანდემიაზე საუბრისას რომის პაპმა ფრანსისკო პირველმა აღნიშნა: „ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალი იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ ღარიბი იმალება, რადგან სიღარიბე მკაცრია... ღარიბთა „დანახვა" ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ადამიანები არიან... არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გვქონდეს“. პაპი აცხადებს, რომ: „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ უფრო დიდი ვირუსი — სოციალური უსამართლობა, შესაძლებლობების უთანასწორობა, მარგინალიზაცია და ყველაზე სუსტების დაცვის ნაკლებობა“. გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, „მსოფლიოს 7.8 მილიარდი მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისზე მეტი საკვები არსებობს. ამ დროს 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს. პრობლემა შესაბამისი სისტემის არასათანადოდ მუშაობაა“. აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საინაუგურაციო სიტყვიდან კომენტატორებმა ის აზრი გამოიტანეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ორიენტირება "ქვეყნის საშუალო ფენაზე"; ამერიკელთა ოჯახებზე რეგულარული ზრუნვა და არა მხოლოდ კრიზისის დროს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა: „ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება“. ყველა ამ აქცენტს ყურადღება უნდა მივაქციოთ,“ — აღნიშნა პროფესორმა ჯემალ ხარიტონაშვილმა.
ძალიან საინტერესოა ქართველი მეცნიერის მიერ დანახული სახელმწიფოს როლი პანდემიის პერიოდში, რომელმაც სახელმწიფოები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, ახალი პრიორიტეტები და სტრატეგიები განსაზღვრა.
„პანდემიის პირობებში სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულების მდგომარეობა წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის აღორძინება.
სახელმწიფომ უნდა შეძლოს ეკონომიკურად წარმართოს თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებული არ იყოს სხვის ეკონომიკურ სიძლიერეზე. მას უნდა ჰქონდეს თავისი წარმოება. ამით სახელმწიფო უნდა გახდეს ეკონომიკის სუბიექტი.
მსოფლიოში პირველი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გრეგორი მენქიუ მწარმოებლურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მოსახლეობის რაოდენობას მიიჩნევს. ბევრი ადამიანი ნიშნავს ბევრ მეცნიერს, ინჟინერს და ბევრ მუშახელს. მათი სათანადოდ ამოქმედების შემთხვევაში ჭარბწარმოების მიღწევაც კი შეიძლება.
ნამდვილი თავისუფლება იქ არის, სადაც არ არის უმუშევრობა და საკვების დაკარგვის შიშით არ კანკალებს ადამიანი. თანამედროვე ამერიკელი ეკონომისტები კემპბელ რ. მაკკონელი და სტენლი ლ. ბრიუ აღნიშნავენ, რომ სამუშაოს დაკარგვის სტრესი შეიძლება შეედაროს ოჯახის წევრის დაპატიმრებით ან გარდაცვალებით გამოწვეულ სტრესს.
დედამიწის საერთო შემოსავლის დაახლოებით 97% მილიარდერების ხელშია (Facebook).
თ. მალთუსსა და მის მიმდევრებს დედამიწის მოსახლეობა ებევრებათ და იმუქრებიან უფრო უარესი ვირუსები გავრცელდებაო. არავის არ აქვს უფლება პესიმიზმში ჩააგდოს საზოგადოება“, — აღნიშნავს პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი.
ქართველი მეცნიერი თავის პუბლიკაციაში ეწინააღმდეგება მალთუსის მოსაზრებას, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ წინასწარმეტყველებად მიიჩნევა: „მალთუსი ფიქრობდა, რომ მოსახლეობის მუდმივი ზრდა შეასუსტებდა საზოგადოების უნარს — შეენახა საკუთარი თავი, რის გამოც კაცობრიობა სამუდამო სიღატაკისთვის იყო განწირული. მალთუსის თანახმად, „კაცობრიობის ზრდა მწუხარებითა და ტანჯვით დასრულდებოდა. ხელისუფალთა და ქველმოქმედთა ყველა მცდელობა სიღარიბის დასაძლევად უშედეგო იქნებოდა, რადგან ღარიბები კიდევ უფრო მეტ შვილს გააჩენდნენ, რაც უფრო დიდ ტვირთად დააწვებოდა ისედაც გადატვირთულ საზოგადოებას“. საბედნიეროდ, მალთუსის წინასწარმეტყველება რეალობისგან შორს აღმოჩნდა. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორასი წლის მანძილზე კაცობრიობა 6-ჯერ გაიზარდა, მსოფლიოში ცხოვრების დონე ბევრად მაღალია. ეკონომიკის ზრდის გამო ქრონიკული სიღარიბე გაცილებით იშვიათია, ვიდრე მალთუსის დროს იყო. დროდადრო შიმშილობას აქვს ადგილი, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური არასტაბილურობის ან შემოსავლის არათანაბარი გადანაწილების ბრალია, ვიდრე არასაკმარისი საკვების წარმოებისა“, — აცხდაებს პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი, რომელიც თავის პუბლიკაციაში განათლების და მეცნიერების დიდი როლზე საუბრობს პანდემიურ პერიოდში.
„განათლებამ ადამიანებს უნდა ასწავლოს გამძლეობა, ადაპტირება. ეს უნარები საკვანძო გახდება პოსტპანდემიურ საზოგადოებაში. „კრიზისის გარეშე გამოწვევა არ არსებობს. სწორედ კრიზისში შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენი თავი. მთავარია საღად აზროვნება და მონდომება. პლატონი ამბობს: „ყველა ადამიანში არის მზე, იღონდ მიეცი საშუალება — ანათოსო". ეს უნდა მოხდეს მაღალი განათლების საფუძველზე, რამეთუ განათლებულთა ენერგეტიკაა ჰუმანიზმი. ოცნებით ქვეყანა არ აშენდება — გონი უნდა“, — აღნიშნავს ეკონომიკის დოქტორი ჯემალ ხარიტონაშვილი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მაინც ადამიანია, თითოეული მოქალაქე! აკი აცხადებს კიდეც: „პოსტმანდემიურ საზოგადოებაში ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე — მდიდარსაც და ღარიბსაც. ბოლო პლურალიზმია. ეკონომიკური ზრდის სიკეთეები თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს და არა ერთეულებს“.