ნანა გაფრინდაშვილი,
პროფესორი,
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
დგება ახალი წელი, ყველასათვის ასეთი საყვარელი და ჯადოსნური დღესასწაული, ნამდვილი „დღე სასწაული“, რომელსაც დიდი იმედით აღსავსე ვხვდებით ყველა — დიდიც და პატარაც. უპირველეს ყოვლისა, იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა თითოეული ჩვენგანის დახმარებითა და მონდომებით დაამარცხებს კოვიდს და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და წესს; დიდი იმედი მაქვს, რომ ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამა (ჩვენი პროგრამების დიდ უმრავლესობას აკრედიტაცია 2022 წელს უწევს) წარმატებით გაივლის აკრედიტაციას და 2023 წლიდან განახლებული რეაკრედიტებული პროგრამებით დაიწყებს მუშაობას. იმედი მაქვს, რომ მშვიდი, ნაყოფიერი, წარმატებული წელი იქნება როგორც მთელი ქვეყნისა და ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ასევე ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პროფესორებისათვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისათვის, იმედი მაქვს, რომ ყველას ჯანმრთელობა და ხვავი და ბარაქა დაგვებედება.
2021 წელი ჩვენთვის საკმაოდ რთული წელი იყო. თავისი სირთულეებით, ცრემლითა და ტკივილით, თუმცა ამ წინასაახალწლო დღეებში სირთულეებზე არ ვილაპარაკებ, მადლობა ღმერთს, რომ კარგი ამბებიც გვქონდა და ახლა მხოლოდ ამ კარგ ამბებს გაგიზიარებთ.
2021 წელს ფაკულტეტმა დიდი კონკურენციისა და კონკურსის პირობებში ერთხელ კიდევ თვალნათლივ დაადასტურა, რომ უპირობო ლიდერია მთელი ქვეყნის მასშტაბით და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის, კერძოდ, 1426 სტუდენტი მიიღო. ეს იმის დასტურია, რომ ფაკულტეტი სწორი გზით ვითარდება და იგი ახალგაზრდებისათვის სასურველი და მიმზიდველია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჰუმანიტარული ცოდნის შექმნისა და გადაცემის უპირობო ლიდერია, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დარგი მოიცვას, ახალიც შექმნას და ძველიც ააღორძინოს. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ 2021 წელს ფაკულტეტზე დაარსდა ბასკოლოგიის ცენტრი, რომლის მიზანია ბასკოლოგიის პრობლემების, ქართულ-ბასკური ურთიერთობების კვლევა, საუნივერსიტეტო საზოგადოების, ქვეყნის აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ბასკოლოგიური კვლევებისადმი, სტუდენტების დაინტერესება და მათი ჩაბმა ბასკოლოგიურ კვლევებში. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ცენტრი გეგმავს — ორგანიზება გაუწიოს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას, მოაწყოს სამეცნიერო-სასწავლო კონფერენციები, სასწავლო თუ სამეცნიერო მიზნებიდან გამომდინარე მოიწვიოს სპეციალისტები; შექმნას პირობები უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობაში ბასკური მხარის მონაწილეობისათვის და სხვ.
ბასკოლოგიის ცენტრი სულ ახალი დაარსებულია, მას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ბასკოლოგი, შოთა ძიძიგურისა და იური ზიცარის მოწაფე, ფილოლოგიის დოქტორი გიორგი შალამბერიძე. ბასკოლოგიის ცენტრზე დიდ იმედებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვართ, ის ააღორძინებს იმ მდიდარ ტრადიციებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ბასკოლოგიაში და ახალ სიმაღლეებზე აიყვანს ქართულ ბასკოლოგიას.
ასევე დიდი კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ფაკულტეტზე დაარსდა ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი, რომლის მიზანია ქართულ ისტორიულ დიასპორათა და შრომით მიგრანტთა იდენტობის, ენობრივ-კულტურული ვითარების, ყოფისა და სხვა პრობლემების შესწავლა. ცენტრის კვლევის არეალი საკმაოდ ვრცელია: საქართველოს პოლიტიკური საზღვრების მიღმა მცხოვრები მკვიდრი ქართველები, ისტორიული დიასპორები და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში. ცენტრს ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი როზეტა გუჯეჯიანი ხელმძღვანელობს და დარწმუნებული ვარ, მისი მუშაობა ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე აკადემიური თვალსაზრისით.
ფაკულტეტი აგრძელებს სოციალური პოლიტიკის სრულყოფისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ, ზრუნავს თანამშრომლების ხელფასების მომატებაზე. გასულ წელს ხელფასები მოემატა როგორც პროფესურას, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ეს პროცესი, რომელიც სრულიად მხარდაჭერილია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ, კვლავ გაგრძელდება და იმედი და მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლები ამ თვალსაზრისით მომავალ წელსაც იგრძნობენ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ზრუნვას.
ყველა უნივერსიტეტელს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. დაე, იგი ახალი გამარჯვებებისა და შთამბეჭდავი მიღწევების წელი იყოს, დღეს ჩვენ წინაშე დიდი და მასშტაბური გამოწვევები დგას, უნდა გადავჭრათ ისეთი ამოცანები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ შეინარჩუნებს ქართული მეცნიერებისა და განათლების დონისა და მიმართულების განმსაზღვრელი ინსტიტუციის სტატუსს, როგორც ეს ხდებოდა მისი დაარსებიდან დღემდე. სტუდენტებს კი ვუსურვებ, კვლავ მთელი ძალა და ენერგია მიმართონ, რომ დაეუფლონ ცოდნას, შეიძინონ დროის შესატყვისი უნარები და კომპეტენციები, რათა მიაღწიონ ყველაზე უფრო ამბიციურ მიზნებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას!
გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში!
მრავალ შობასა და ახალ წელს დაესწარით!